არასამთავრობო ორგანიზაციები შეშფოთებას გამოთქვამენ სამეგრელოს ოთხ ქალაქში ბავშვებისათვის ძალადობის ამსახველი ფილმების ჩვენების გამო
მიმდინარე წლის 13-15 მარტს ფოთში, ზუგდიდში, სენაკსა და ხობში მუნიციპალიტეტების საკუთრებაში არსებულ თეატრებსა და დარბაზებში გაიმართა დოკუმენტური ფილმის, „სააკაშვილის რეჟიმის სისხლიანი ქრონიკა“ ჩვენება. ფილმის ჩვენება არასამთავრობო ორგანიზაცია „ყველა თაობა საქართველოსთვის“ ხელმძღვანელის, პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებული გია სალუქვაძის ორგანიზებით გაიმართა. ფილმის ჩვენებასთან ერთად ეწყობოდა ასევე გამოფენა, სადაც ფილმში მოყვანილი სიუჟეტებიდან ფოტოსურათები იყო გამოფენილი. ფილმში ნაჩვენები და მოთხრობილია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მთავრობაში ყოფნის პერიოდში მომხდარი ისტორიები მკვლელობებზე, საეჭვო ვითარებაში გარდაცვლილ პირებზე, პოლიციის მიერ ძალის გამოყენებით დაშლილ საპროტესტო აქციებზე, უკანონო პატიმრებზე, საიდუმლო სამალავებში აღმოჩენილ ვიდეოფირებზე და ციხეებში მსჯავრდებულთა მიმართ არაადამიანურ დამოკიდებულებაზე, გაუპატიურებისა და წამების ფაქტებზე. ფილმის ჩვენების ორგანიზებაში აქტიურად იყვნენ ჩართულები ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები და ადგილობრივი რესურსცენტრები, ასევე საჯარო სკოლების ადმინისტრაცია.
აღსანიშნავია, რომ ორგანიზაცია „ყველა თაობა საქართველოსთვის“ 2014 წლის 24 თებერვალს არის დამფუძნებელი, მისი ხელმძღვანელი ყოფილი ომბუდსმენი და საგადასახადო ინსპექციის ყოფილი უფროსი დავით სალარიძეა. ორგანიზაციის თანადამფუძნებელები არიან პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებული გია სალუქვაძე, ნინო გიგინეიშვილი, ბესიკ მაყაშვილი და მერაბ თორია. როგორც სოციალურ ქსელში გაზიარებული ფოტოებიდან ჩანს, ზოგიერთ მათგანს გარკვეული კონტაქტები გააჩნია მმართველ კოალიციასთან. საგულისხმოა, რომ ორგანიზაციას არ აქვს ვებგვერდი და შეუძლებელია მის დაფინანსებასთან დაკავშირებით ინფორმაციის მოძიება.
ფოთი
მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ფილმის პირველი ჩვენება პარასკევს, 13 მარტს, ფოთში გაიმართა. ჩვენებას მოქალაქეებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად ადგილობრივი სკოლების დირექტორები, მასწავლებლები და სკოლის მოსწავლეები ესწრებოდნენ, რომლებიც, ფაქტობრივად, აუდიტორიის უმეტესობას წარმოადგენდნენ. მათი წლოვანება სავარაუდოდ 15 წელს არ აღემატებოდა. ინტერპრესნიუსის კორესპონდენტთან საუბრისას სკოლის მოსწავლეებმა განაცხადეს, რომ შეხვედრაზე მოტყუებით მიიყვანეს. კერძოდ, ისინი ყვებიან, რომ თეატრში მისვლამდე მათ სკოლის დირექციისგან ჰქონდათ ინფორმაცია, რომ ქალაქში დაგეგმილი ახალი პროექტების პრეზენტაცია უნდა გამართულიყო, თუმცა თეატრში მისულებს სულ სხვა სურათი დახვდათ. ჟურნალისტებთან კომენტირებისას ფოთში ფილმის ნახვის ფაქტი დაადასტურა სკოლის სამმა მოსწავლემ.
ფაქტზე საუბრისას „ყველა თაობა საქართველოსთვის“ ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ ფილმის ჩვენება სხვადასხვა მედიასაშუალებით დაანონსდა და იქ მსურველები საკუთარი ნებით მივიდნენ. მისივე ინფორმაციით, ჩვენებას „არა მარტო მოსწავლეები, არამედ საზოგადოების სხვა წევრებიც ესწრებოდნენ.“ საპირისპიროს აცხადებს ერთ-ერთი სკოლის დირექტორი, რომლის მიხედვითაც მას ადგილობრივი რესურსცენტრიდან დაუკავშირდნენ და ჩვენების შესახებ შეატყობინეს; ფოთის მე-15 საჯარო სკოლის დირექტორმა თეიმურაზ შურღიამ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ მან არ იცოდა, „თუ რა შინაარსის ღონისძიება იმართებოდა, მითითება კი მოსწავლეების გაგზავნის თაობაზე ადგილობრივი რესურსცენტრიდან მიიღო.“ ეს ფაქტი, თავის მხრივ, უარყო ფოთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა გოჩა ქორქიამ.
ზუგდიდი
ზუგდიდში, ფილმის ჩვენება შაბათს, 14 მარტს გაიმართა. ღონისძიებას დაემთხვა საკონცერტო დარბაზში 15:00 საათზე დაგეგმილი ბავშვთა ქორეოგრაფიული ანსამბლების კონცერტი. ფოთისგან განსხვავებით, ჩვენების დაწყებამდე საკონცერტო დარბაზის შესასვლელ კარებთან იდგა რამდენიმე პირი, რომლებიც არასრულწლოვნებს დარბაზში არ უშვებდნენ. შესაბამისად, ფილმის დაწყებისას დარბაზში არასრულწლოვნები არ ყოფილან, თუმცა სეანსის დაწყების შემდეგ შესასვლელი კარი აღარ კონტროლდებოდა. ამასთანავე, არავის უზრუნია, რომ ფოიეში მყოფ ბავშვებს სათადარიგოდ გამოფენილი გარდაცვლილი და ნაწამები პირების ფოტოები არ ენახათ. ბავშვების წლოვანება ამ შემთხვევაში ზოგჯერ 12-13 წელიც კი იყო.
ზუგდიდის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა გონერ პაპავამ მედიასთან განაცხადა, რომ ის საქმის კურსში არ არის სკოლებში სიების შედგენისა და მოსწავლეთა დასწრების თაობაზე. თუმცა ტელერადიოკომპანია „ოდიშმა“ ჩაწერა რამდენიმე მოსწავლე, რომლებმაც განაცხადეს, რომ სკოლაში აუწყეს ღონისძიების თაობაზე, ასევე შეადგინეს „იმ მოსწავლეების სიები, რომლებიც ჩვენებაზე წამოვიდოდნენ.“
ხობი
კვირას, 15 მარტს ფილმის ჩვენება ხობში შედგა. ღონისძიებას ამ შემთხვევაშიც დაესწრნენ სკოლის მოსწავლეები. როგორც მოსწავლეებმა მედიასთან საუბრისას განაცხადეს, ისინი ფილმის ჩვენებაზე გამგებელმა მიკროავტობუსებით მიიყვანა, თუმცა მათ უთხრეს, რომ თეატრალურ ღონისძიებაზე მიჰყავდათ. ამ შემთხვევაშიც, ბავშვების წლოვანება 13-15 წელი იყო.
სენაკი
15 მარტს ფილმის ჩვენება სენაკშიც გაიმართა. ჩვენი ინფორმაციით, სენაკის შემთხვევაში არ მომხდარა სკოლის მოსწავლეების მობილიზება, თუმცა ასევე არავის გაუკონტროლებია, რომ თეატრში სხვა ღონისძიებაზე მყოფი ბავშვები დარბაზში არ შესულიყვნენ.
განცხადებაზე ხელმომწერი ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ ეს ქმედებები რამდენიმე მიზეზის გამო არის აღმაშფოთებელი.
1. ბავშვთა უფლებების შელახვა
პირველ რიგში, აღმაშფოთებელია არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ წამებისა და ძალადობის ამსახველი ფილმის ამ სახით გავრცელება. ბავშვის უფლებათა კონვენცია განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს ბავშვების როგორც განსაკუთრებული ჯგუფის დაცვის საჭიროებაზე, მათი ფიზიკური და გონებრივი მოუმწიფებლობის გათვალისწინებით. ამავე დროს, კონვენცია მოუწოდებს წევრ სახელმწიფოებს შეიმუშაონ და წაახალისონ იმ სახის ინფორმაციისა და მასალებისგან ბავშვთა დაცვის მექანიზმები, რაც შესაძლოა საზიანო იყოს ბავშვთა კეთილდღეობისთვის, ასევე მათი ჯანსაღი ფიზიკური და ფსიქიკური განვითარებისთვის. ნათელია, რომ მოცემულ შემთხვევაში, სახელმწიფომ ვერ შეძლო ბავშვების დაცვა ამგვარი მავნე ზეგავლენისგან, რაც ეწინააღმდეგება ბავშვის უფლებათა კონვენციის მე–17 მუხლის მოთხოვნებს.
2. კამპანია მმართველი ხელისუფლების სასარგებლოდ
შეშფოთებას იწვევს ასევე ის, რომ აღნიშნული უკანონო ქმედების განხორციელებაში, როგორც ირკვევა, ადგილობრივი თვითმმართველობის და განათლების სამინისტროს რესურს ცენტრების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. შესაბამისად, ეს ქმედება თავისი არსით საარჩევნო/პოლიტიკური მიზნით ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას წარმოადგენ ს. გარდა ამისა, ამ ღონისძიებების შინაარსიდან გამომდინარე, ორგანიზატორი არასამთავრობო ორგანიზაციის ქმედება უნდა ჩაითვალოს პოლიტიკური პარტიის სასარგებლოდ შემოწირულების განხორციელებად - სეანსის მიმდინარეობისას ღიად ხდებოდა აგიტაცია ხელისუფლებაში მყოფი პოლიტიკური გუნდის მხარდასაჭერად.
ამასთან, ცალსახაა ღონისძიებებში საგანმანათლებლო დაწესებულებების ორგანიზებული ჩართულობა, ეწინააღმდეგება ზოგადი განათლების პოლიტიკის პრინციპს, რომელიც ავალდებულებს სახელმწიფოს უზრუნველყოს საჯარო სკოლის დამოუკიდებლობა პოლიტიკური გაერთიანებებისაგან და არღვევს საქართველოს „ზოგადი განათლების შესახებ” კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტს, რომლის თანახმად, სახელმწიფო უზრუნველყოფს საჯარო სკოლის დამოუკიდებლობას რელიგიური და პოლიტიკური გაერთიანებისაგან.
ნეტგაზეთთან კომენტირებისას განათლების სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა ნატა ასათიანმა განაცხადა, რომ ორშაბათიდან, 16 მარტიდან, დაიწყება გარკვევა, თუ როგორ მოხვდნენ სკოლის მოსწავლეები დოკუმენტური ფილმის ჩვენებაზე. მისი განცხადებით, თუ გამოვლინდა, რომ ორგანიზებაში რაიმე სახით ჩართული იყო განათლების სამინისტროს რომელიმე თანამშრომელი, სამინისტროს აუცილებლად ექნება რეაგირება.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, მოვუწოდებთ:
საქართველოს პარლამენტს – შექმნას იმგვარი სამართლებრივი სივრცე, რომელიც არასრულწლოვანთა ინტერესებისა და უფლებების, ასევე, მათ მიმართ მავნე ზეგავლენისგან დაცვის მექანიზმების არსებობას უზრუნველყოფს, და შესაბამისობაში იქნება ბავშვის უფლებათა კონვენციით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან;
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს – დაუყოვნებლივ მოიკვლიოს გარემოებები და დააყენოს იმ პირთა პასუხისმგებლობის საკითხი, რომლებიც ჩართულები იყვნენ ბავშვების უფლებების დარღვევის ფაქტებში. მიზანშეწონილად მიგვაჩნია კონკრეტული პედაგოგებისა და დირექტორებისთვის პედაგოგიური საქმიანობის შეზღუდვა;
კოალიცია ქართულ ოცნებას – საჯაროდ გაემიჯნოს მსგავს კამპანიებს და პოლიტიკურ ოპონენტებთან ბრძოლის სამართლიანი მეთოდები გამოიყენოს, რათა პოლიტიკურ ბრძოლაში არ იყოს დარღვეული კონკრეტული მოწყვლადი ჯგუფების უფლებები.
ვფიქრობთ, რომ ყველა პოლიტიკურმა ძალამ უნდა იზრუნოს საქართველოში მაღალი პოლიტიკური კულტურის დამკვიდრებაზე. ადამიანებით, განსაკუთრებით კი არასრულწლოვანებით მსგავსი მანიპულირებით, საზოგადოებაში დამატებითი აგრესიის დანერგვით, სიძულვილის ტირაჟირებით შეუძლებელია ქვეყნისა და დემოკრატიული საზოგადოების განვითარება. თითოეულ პოლიტიკურ ძალას უნდა ახსოვდეს ის პასუხისმგებლობა, რომელიც მას აკისრია ქვეყნისა და საზოგადოების წინაშე. სწორედ ეს უნდა იყოს მათი მამოძრავებელი ძალა და არა ვიწრო პარტიული ინტერესები, რომლებიც მოკლევადიან ეფექტზეა გათვლილი და ადამიანის უფლებათა დარღვევის ხარჯზე, კონკრეტული პოლიტიკური ძალის მიერ წინასაარჩევნოდ საკუთარი პოზიციების გამყარებას ემსახურება.
საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)
ადამიანის უფლებათა მონიტორინგისა და დაცვის ცენტრი (EMC)
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
სამოქალაქო განვითარების სააგენტო (CiDA)