განცხადებები

არასამთავრობო ორგანიზაციები სპეციალურ საარჩევნო უბნებთან დაკავშირებთ თავდაცვის სამინისტროს პოზიციას არ იზიარებენ

არასამთავრობო ორგანიზაციები, „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ უარს აცხადებენ თავდაცვის სამინისტროს შემოთავაზებაზე, არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე მოინახულონ სპეციალური საარჩევნო უბანი, რომელიც სამხედრო მოსამსახურეებისთვის გარდაბნის გამგებლის 28 იანვრის რიგგარეშე არჩევნებისთვის შეიქმნა. 

მიგვაჩნია, რომ სამხედრო ბაზის მონახულება ვერ გადაჭრის იმ პრობლემას, რისი მოგვარებაც მხოლოდ საკანონმდებლო ცვლილებების გზით არის შესაძლებელი. შეგახსენებთ რომ არასამთავრობო ორგანიზაციები ვეწინააღმდეგებით საარჩევნო კოდექსის არსებულ რედაქციას, რომლის თანამადაც, სამხედრო მოსამსახურეებს უფლება აქვთ მონაწილეობა მიიღონ ადგილობრივი თვითმმართველობის (გამგებელი/მერი, საკრებულო), ასევე, პარლამენტის მაჟორიტარულ არჩევნებში მაშინაც კი, თუკი ისინი რეგისტრირებულნი არ არიან აღნიშნულ საარჩევნო ოლქში. 

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ საქართველოს საარჩევნო კოდექსით ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და მაჟორიტარი დეპუტატის არჩევნებში საქართველოს მოქალაქეები მონაწილეობას მხოლოდ იმ საარჩევნო ოლქებში იღებენ, სადაც ისინი რეგისტრირებულნი არიან. შესაბამისად, სამხედრო მოსამსახურეებისთვის აღნიშნული პრივილეგიის ჩამორთმევა იქნება მათი უფლებრივი გათანაბრება საქართველოს მოქალაქეებთან და არამც და არამც მათ ხმის მიცემის უფლების ჩამორთმევა. 

გარდა აღნიშნულისა, ვფიქრობთ, რომ სამხედრო მოსამსახურეებისათვის უფლების მინიჭება, აირჩიონ იმ მუნიციპალიტეტის მერი, ან მაჟორიტარი, სადაც ისინი არ არიან რეგისტრირებულნი, არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა რიცხვის ან არჩევნების შედეგების მანიპულირების საფრთხის შემცველია. მითუფრო ისეთ ვითარებაში, როდესაც საარჩევნო ადმინისტრაცია სრულიად იხსნის უფლებას და პასუხისმგებლობას, შეამოწმოს, სამხედრო დანაყოფის მიერ გადმოცემული სამხედრო მოსამსახურეთა სია აკმაყოფილებს თუ არა საარჩევნო კოდექსით დადგენილ კრიტერიუმს (რომ თვითმმართველობის არჩევნებში მოსამსახურე დისლოცირებული უნდა იყოს სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე 1 ან მეტი წლის ვადით). ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ სამხედრო მოსამსახურეებისთვის საქართველოს სხვა მოქალაქეებისგან განსხვავებით გამონაკლისი პრივილეგიის მინიჭება, მონაწილეობა მიიღონ გამგებლის არჩევნებში იმ შემთხვევაშიც კი, თუ აღნიშნული ოლქის რეგისტრირებული ამომრჩევლები არ არიან, სხვა მხრივაც გაუმართლებელია. კერძოდ, საარჩევნო ოლქში გამგებლის არჩევნების შედეგებს, როგორც ერთის მხრივ სამხედრო მოსამსახურეზე, ასევე, მეორეს მხრივ სხვა საარჩევნო ოლქის ამომრჩევლელის უფლებრივ მდგომარეობაზე არანაირი ეფექტი არ გააჩნია. სამხედრო სამსახური მკვეთრად ცენტრალიზებულია, შესაბამისად, ადგილობრივი თვითმმართველობის გავლენა სამხედრო მოსამსახურის უფლებრივ თუ ფაქტობრივ მდგომარეობაზე ძალიან პირობითია. 

კატეგორიულად არ ვიზიარებთ თავდაცვის მინისტრის განცხადებას, რომლის შეფასებითაც, არასამთავრობო ორგანიზაციებს და პოლიტიკურ ძალებს სურთ სამხედრო მოსამსახურეებს „ხმის უფლება ჩამოართვან“. 

ჩვენი ინიციატივა გულისხმობს სამხედრო მოსამსახურეების საარჩევნო უფლების გათანაბრებას საქართველოს დანარჩენ მოქალაქეებთან და მათთვის პარლამენტის პროპორციული წესით ჩატარებულ არჩევნებში, საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებსა და რეფერენდუმში მონაწილეობის მიღების უფლების შენარჩუნებას. ინიციატივა, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოს პარლამენტს მომავალ კვირას შევთავაზებთ, საქართველოს სხვა მოქალაქეების მსგავსად, სამხედრო მოსამსახურეებისთვის ადგილობრივი თვითმმართველობისა და პარლამენტის მაჟორიტარულ არჩევნებში მონაწილეობას მხოლოდ იმ შემთხვევაში ითვალისწინებს, თუ ისინი დისლოცირებულნი იქნებიან მათი რეგისტრაციის ადგილის მიხედვით სარჩევნო ოლქში.

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო