განცხადებები

არასამთავრობო ორგანიზაციები თბილისის საკრებულოსა და მერიას თანამშრომლობისაკენ მოუწოდებენ

უკვე მესამე თვეა, რაც თბილისის ბიუჯეტის დამტკიცება ერთი მხრივ, თბილისის საკრებულოს უმრავლესობას, ხოლო მეორე მხრივ, თბილისის მერიასა და მის მხარდამჭერ უმცირესობას შორის მწვავე დაპირისპირების საგანია. საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, თუ საკრებულომ საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის მიღებიდან 3 თვეში არ დაამტკიცა თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტი, საქართველოს პარლამენტის თანხმობით მთავრობა იღებს დადგენილებას საკრებულოს უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტისა და პირდაპირი სახელმწიფო მმართველობის შემოღების შესახებ. პირდაპირი სახელმწიფო მმართველობას შესაბამის თვითმმართველ ერთეულში ახორციელებს საქართველოს მთავრობის მიერ დანიშნული მერი, ხოლო პირდაპირი სახელმწიფო მმართველობის განხორციელებას ზედამხედველობს საქართველოს მთავრობა. შესაბამისად, თუ დედაქალაქის ბიუჯეტი 11 მარტამდე არ დამტკიცდება,  საკრებულოს  შეუწყდება უფლებამოსილება და განხორციელდება პირდაპირი სახელმწიფო მმართველობა მანამ, სანამ არ აირჩევა საკრებულოს ახალი შემადგენლობა.

აღსანიშნავია, რომ საკრებულოს მიერ ბიუჯეტის დაუმტკიცებლობის დასასაბუთებლად დასახელებული არგუმენტები ქმნიან დასაბუთებულ ვარაუდს, რომ საბიუჯეტო პროცესის ჩიხში შეყვანა ხელოვნურად ხდება.

აღნიშნული კრიზისული სიტუაციიდან გამოსვლა არსებითად მნიშვნელოვანია პირველ რიგში, დედაქალაქის მცხოვრებთა ინტერესებიდან გამომდინარე, რათა არ მოხდეს უმნიშვნელოვანესი სახელმწიფო სერვისების მიწოდების შეფერხება. ასევე, საგულისხმოა, რომ ხალხის მიერ არჩეული საკრებულოს დათხოვნა და პირდაპირი მმართველობის შემოღება ძალიან სახიფათოა ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიული პროცესებისათვის, განსაკუთრებით კი მოახლოებული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ჭრილში. 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნებამდე დედაქალაქში პირდაპირი სახელმწიფო მმართველობის შემოღება წინასაარჩევნო გარემოს შეფასებაზე ცალსახად ნეგატიურად აისახება. 

ამ საფრთხის თავიდან ასაცილებლად და იმავდროულად თბილისელებისათვის ხარისხიანი და სათანადო სერვისების მიწოდების უზრუნველსაყოფად, კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ქალაქ თბილისის მერიას, თბილისის საკრებულოს უმრავლესობასა და უმცირესობას  საბიუჯეტო საკითხზე კონსტრუქციული თანამშრომლობისკენ, რათა არ მოხდეს დედაქალაქში  პირდაპირი სახელმწიფო მმართველობის შემოღება. მათ უნდა გამოიჩინონ სათანადო პასუხისმგებლობა, მაქსიმალურად უნდა შეუწყონ ხელი ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით კონსესუსის მიღწევასა და 2014 წლის 11 მარტამდე ქალაქ თბილისის ბიუჯეტის დამტკიცებას.