განცხადებები

არასამთავრობო ორგანიზაციები ცესკოს განცხადებას ეხმაურებიან





14  აპრილს  ცესკომ  საუბნო  კომისიის  მდივნების  დანიშვნასთან  დაკავშირებით  არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გავრცელებული მოსაზრებების თაობაზე განცხადება გაავრცელა. განცხადებაში ცესკო აღნიშნავს, რომ „მსგავს საკითხებზე გამოთქმული კომპეტენტური მოსაზრებები უნდა ეფუძნებოდეს კანონის უზენაესობის პრინციპს და არა პოლიტიკურ მიზანშეწონილობას“. აღნიშნული საკითხის განსახლიველად ცესკო მოუწოდებს არასამთავრობო ორგანიზაციებს საჯარო დისკუსიაზე - „სამოქალაქო სექტორის როლი საარჩევნო პროცესებში.“

გვსურს აღვნიშნოთ,რომ ჩვენ ყოველთვის მზად ვართ ყველა დაინტერესებულ მხარესთან, მათ შორის ცესკოსთან საარჩევნო საკითხებზე სადისკუსიოდ, თუმცა, მიგვაჩნია, რომ მსჯელობა იმ საკითხის გარშემო უნდა წარიმართოს, რაც აზრთა სხვადასხვაობის საფუძველი გახდა და არა ჩვენი როლის თაობაზე საარჩევნო პროცესებში, რაც ორგანიზაციებისათვის, რომლებიც მრავალი წელია საარჩევნო საკითხებზე ვმუშაობთ, ცალსახად ნათელია.

მიგვაჩნია, რომ სამოქალაქო საზოგადოების მთავარი დანიშნულება ხელისუფლების კონტროლი და სწორი სამართლებრივი აზროვნების ჩამოყალიბების ხელშეწყობაა. ამ მიზნით ჩვენ არაერთგზის გაგვიკრიტიკებია,თუ მხარი დაგვიჭერია სახელმწიფო უწყებების, მათ შორის ცესკოს გადაწყვეტილებებისთვის.

გულდასაწყვეტია, რომ ცესკო ორგანიზაციების მიერ გამოთქმულ კრიტიკულ შეფასებებს „პოლიტიკური მიზანშეწონილობით“ ხსნის.  სამწუხაროა, იმის და მიუხედავად, რომ კრიტიკის მიუხედავად, ორგანიზაციებს არასოდეს დაუხევია უკან მხარი დაეჭირათ ცესკოსთვის მაშინ, როდესაც ცესკოს პოზიციებს იზიარებდა (მათ შორის უსკოს დაკომპლექტების წესის ცვლილებისა თუ შუალედური თვითმმართველობის არჩევნების შესახებ კანონპროქტებთან დაკავშრებით), საარჩევნო ადმინისტრაცია დღეს ჩვენ მიერ გამოთქმულ შეფასებების ობიექტურობას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს.

ჩვენ მიერ გავრცელებული განცხადების მიზანი იყო იმის ხაზგასმა, რომ კანონის მსგავსი განმარტება ეწინააღმდეგებოდა პოლიტიკურ პარტიებს შორის 2009 წელს მიღწეულ შეთანხმებას, საარჩევნო კოდექსის მიზანსა და საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციებს. ვფიქრობთ, რომ აღნიშნულმა ფაქტმა დაგვანახა
2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებამდე საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების წესში ცვლილებების შეტანის აუცილებლობა,  რათა  გამოირიცხოს  ერთი პოლიტიკური ძალის დომინირებული მდგომარეობა საარჩევნო ადმინისტრაციაში.