განცხადებები

არასამთავრობო ორგანიზაციები წინასაარჩევნოდ მომხდარ რამდენიმე ფაქტს ეხმაურებიან

გვსურს გამოვეხმაუროთ უკანასკნელ პერიოდში განვითარებულ მოვლენებს, რომლებიც პირდაპირ კავშირშია საარჩევნო პროცესებთან. პირველ რიგში, დადებითად ვაფასებთ ვიცეპრემიერ კახა კალაძის ინიციატივას საარჩევნო სიებში კანდიდატთა სავალდებულო მინიმალური რაოდენობის გაუქმებასთან დაკავშირებით და ცესკოს დადგენილებას, რომლის მიხედვითაც, თუ პარტიულ სიაში სააარჩევნო სუბიექტს კანონით დადგენილ მინიმალურ რაოდენაზე ნაკლები კანდიდატი ეყოლება, პარტიული სია მხოლოდ გარკვეული გამონაკლისების დროს გაუქმდება. ეს იმას ნიშნავს, რომ რამდენიმე ოპოზიციური პარტიის სიები არ იქნება მოხსნილი და მათ საშუალება მიეცათ კონკრეტულ ოლქებში არჩევნებში მონაწილეობა მიიღონ. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინებითაც, რომ სხვადასხვა პოლიტიკური პარტიისა და მათი წარმომადგენლის მიერ ვრცელდებოდა ინფორმაცია კონკრეტულ კანდიდატებზე ზეწოლის შესახებ. სამწუხაროა, რომ შესაბამის სახელმწიფო ორგანოებს დღემდე არ მოუხდენიათ ადეკვატური რეაგირება და ამ ფაქტებზე გამოძიება ჯერ კიდევ არ დაწყებულა.

წინასაარჩევნო პერიოდში კიდევ ერთი პრობლემური საკითხი მარნეულში განვითარებულ მოვლენებს უკავშირდება, კერძოდ, კი საოლქო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გამგებლობის კანდიდატის, აკმამედ იმამყულიევის ქვეყანაში ცხოვრების ცენზის დაუკმაყოფილებლობის გამო რეგისტრაციიდან შესაძლო მოხსნის შესახებ. ამ ფაქტს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ლიდერების საოლქო საარჩევნო კომისიაში გასაპროტესტებლად მისვლა და კომისიის თავმჯდომარესთან სიტყვიერი დაპირისპირება მოყვა.

უარყოფითად ვაფასებთ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების მიერ კომისიის შენობაში შეჭრას და კომისიის თავმჯდომარეზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას. მიუხედავად იმისა, მისაღები გადაწყვეტილება მიიღო თუ არა კომისიამ, დაუშვებელია პარტიების ლიდერებისა და მათი მომხრეების ასეთი აგრესიული ქმედებები.

მოვუწოდებთ პოლიტიკურ პარტიებს, თავი შეიკავონ აგრესიული ქმედებებისგან, რამაც წინასაარჩევნო პერიოდში მეტი დაძაბულობა შეიძლება გამოიწვიოს. თავის მხრივ, მნიშვნელოვანია საგამოძიებო ორგანოებმა უმოკლეს ვადებში გამოიძიონ კანდიდატებზე სავარაუდო ზეწოლის ფაქტები. ასევე, მნიშვნელოვანია საარჩევნო ადმინისტრაცია იყოს თანმიმდევრული და ყოველი მათი გადაწყვეტილება ეფუძნებოდეს კანონის მოთხოვნებს და მიზნად ისახავდეს პარტიებისთვის თანასწორი შესაძლებლობების შექმნას.

 

„სამართლიანი არჩევნების და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ (ISFED)„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“