განცხადებები

არასამთავრობო ორგანიზაციების 140 წელი საქართველოში

140 წლის წინ, 1879 წლის 15 მაისს, საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი პირველი არასამთავრობო ორგანიზაცია „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება“ შეიქმნა, რომელმაც მნიშვნელოვნად შეცვალა ჩვენი საზოგადოების ყოფა და მას განვითარების ახალი შესაძლებლობა მოუტანა.

დღევანდელი დღე მნიშვნელოვანია არამხოლოდ იმ ნაყოფიერი შრომისა და შედეგის გამო, რაც ამ ორგანიზაციის საქმიანობამ მოიტანა, არამედ იმის გასააზრებლადაც, თუ რა როლი ეკავათ და დღესაც უკავიათ არასამთავრობო ორგანიზაციებს ქართული საზოგადოების განვითარებაში.

თანამედროვე სამყაროში, ისევე როგორც ეს საქართველოში 140 წლის წინ იყო, არასამთავრობო ორგანიზაციები წარმოადგენენ საერთო ინტერესებისა და მიზნების საფუძველზე შექმნილ ორგანიზაციებს, რომლებსაც შეუძლიათ მნიშვნელოვანი გავლენა იქონიონ ქვეყნის განვითარებზე. დღეს, დამოუკიდებელ საქართველოში, ასობით არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელთა ძალისხმევა მიმართულია ადამიანის უფლებების დაცვისა და სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებისკენ, ისინი მოქალაქეებს აწვდიან უფასო სერვისებს, იბრძვიან სუფთა გარემოსთვის, ხელს უწყობენ კანონმდებლობის დახვეწას, ამკვიდრებენ დემოკრატიულ ღირებულებებს და ა.შ. დღეს, როგორც ძველად, არასამთავრობო ორგანიზაციათა საქმიანობას საზოგადოების ნაწილისგან ხშირად თან ახლავს მიუღებლობა და აგრესიაც კი.

„ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ შესაქმნელად პირველი სხდომა სწორედ 140 წლის წინ, დღევანდელ დღეს გაიმართა, სადაც ორგანიზაციის გამგეობის წევრებად აირჩიეს: ილია ჭავჭავაძე, ნიკო ცხვედაძე, იაკობ გოგებაშვილი, ივანე მაჩაბელი, ალექსანდრე სარაჯიშვილი და რაფიელ ერისთავი. საზოგადოების თავმჯდომარე კი დიმიტრი ყიფიანი გახდა. მათ გარდა ორგანიზაციის საქმიანობაში აქტიურად იყვნენ ჩართულები: ეკატერინე გაბაშვილი, ოლღა გურამიშვილი, ბარბარე ჯორჯაძე და სხვები.

ორგანიზაციის დაარსებას მნიშვნელოვანი ბიძგი მისცა ბატონყმობის გადავარდნის შემდეგ გლეხობაში სწავლა-განათლებისა და დედა ენის შეტანის საჭიროებამ. ორგანიზაციამ შექმნა ეროვნული საგანმანათლებლო სისტემა, ქართულენოვანი სკოლები, ახალი მიდგომა პედაგოგიკაში და რაც მთავარია, გაატარა ენის რეფორმა სალიტერატურო ენის დახვეწის მიზნით და ანბანიდან 5 მოძველებული, არქაული ასო-ნიშანი ამოიღო.

წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას საქართველოსთვის ორი უმთავრესი დანიშნულება ჰქონდა:

პირველი - ქართველებისთვის მშობლიური ენის შენარჩუნება. მის თითოეულ წევრს კარგად ესმოდა, თუ რამხელა საშიშროებას წარმოადგენდა რუსეთი და რუსიფიკაციის პოლიტიკა ქართული ენისა და ცნობიერებისთვის. „ეს გარუსება-გადაგვარება სასწავლებლიდან დაიწყეს. ქართული ენა ძაღლის ენად მონათლეს და მასზე ლაპარაკი აკრძალეს. ვინც ქართულად დაილაპარაკებდა, იმას გულზე წითელ ფირფიტას ჩამოჰკიდებდნენ, ზედ რომ ძაღლის ენა იყო გამოხატული." - იხსენებს თავის მოგონებებში დიმიტრი ყიფიანის შვილიშვილი, ნინო ყიფიანი.

და მეორე, ქალთა როლი და მნიშვნელობა იმ საქმეში, რომელსაც ორგანიზაცია ემსახურებოდა. საგულისხმოა, რომ ეს ის პერიოდია, როდესაც ქალთა თანასწორობის იდეა, მოწინავე ევროპულ სახელმწიფოებშიც კი არ იყო სათანადოდ ფეხმოკიდებული.

მნიშვნელოვანია ისიც, რომ „წერა-კითხვის გამავრცელებელთა საზოგადოებამ” ბიძგი მისცა შემდგომში სხვადასხვა სახისა და დანიშნულების ორგანიზაციების ჩამოყალიბებას, წინ წამოსწია თანაბარი უფლებების საკითხი, წერა-კითხვის გავრცელებით საზოგადოებაში განმანათლებლობის იდეებისთვის გზა გაათავისუფლა და მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს „გაწითლებიდან” მალევე, 1923 წელს, არსებობა შეწყვიტა, მაინც მოახერხა და წარუშლელი კვალი დატოვა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში.

დღეს, ჩვენ ვზეიმობთ საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის 140 წლის იუბილეს და სწორედ „ქართველთა-შორის წერა კითხვის გამარცელებელი საზოგადოების“ გაკვალულ გზაზე ვაგრძელებთ სვლას, გზაზე, რომელმაც ჩვენს საზოგადოებას თავისუფლება და პროგრესი, ხოლო სახელმწიფოს დამოუკიდებლობის განმტკიცება და დემოკრატიული განვითარება უნდა მოუტანოს.

 

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)

მედიის განვითარების ფონდი (MDF)

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)

კონსტიტუციის 42-ე მუხლი (Article 42)

ღია საზოგადოების ფონდი (OSGF)

საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS)

საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო (TI - Georgia)

ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC)

დემოკრატიისა და უსაფრთხო განვითარების ინსტიტუტი (IDSD)

სატელევიზიო ქსელი

მედიაკლუბი

ბალტიისა და შავი ზღვის ალიანსი (BBSA)

ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI)

საქართველოს გაეროს ასოციაცია (UNAG)

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია

ჭავჭავაძის ცენტრი

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA)