არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადება 14 და 16 ივნისს მომხდარ მოვლენებთან დაკავშირებით
ხელმომწერი ორგანიზაციები სოლიდარობას ვუცხადებთ „თბილისი პრაიდის” ორგანიზატორებს და ლგბტ+ აქტივისტებს, რომელთა გამოხატვის თავისუფლება უხეშად შეიზღუდა ძალადობრივი ჯგუფების მიერ 14 ივნისს მთავრობის კანცელარიის მიმდებარედ. მოვუწოდებთ, სამართალდამცავ ორგანოებს გაატარონ ყველა საჭირო ზომა, ერთი მხრივ მოძალადეთა სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემისათვის, მეორე მხრივ კი „თბილისი პრაიდის” კვირეულის მშვიდობიან გარემოში ჩატარების უზრუნველსაყოფად.
ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულია თითოეული ადამიანის გამოხატვის თავისუფლება, მათ შორის მშვიდობიანი შეკრების უფლება, სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობის თუ სხვა კუთვნილების მიუხედავად. საზოგადოების ყველა ჯგუფს აქვს სრული უფლება, გააჩნდეს საკუთარი მოსაზრება და გამოხატოს ის თავისუფლად, ზეპირად, წერილობით ან სხვა ფორმით. ამავდროულად, სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულებაა, მიიღოს სათანადო ზომები, იმ ადამიანების წინააღმდეგ, რომლებიც ხელს უშლიან ამ უფლებით სარგებლობას. სწორედ ამგვარი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო ჩათვალა ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, რომ 2012 წლის 17 მაისს მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ადგილი ჰქონდა კონვენციის დარღვევას საქართველოს მხრიდან.
საზოგადოებამ ნათლად იხილა, რომ 14 ივნისს კანცელარიასთან ლგბტ+ აქტივისტებს არ მიეცათ საკუთარი უფლებების რეალიზების საშუალება. ისინი, ისევე როგორც იქ მყოფი სხვა მშვიდობიანი მოქალაქეები, ჟურნალისტები და სახალხო დამცველის წარმომადგენლები, გახდნენ მუქარისა და ძალადობის ობიექტები, იმ ჯგუფების მხრიდან, რომელთა ლიდერებსაც კავშირი აქვთ რუსეთის ფედერაციასთან. განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს 16 ივნისს ვერის პარკში ძალადობრივი ჯგუფების წარმომადგენლების განცხადებები, რომლებიც შეიცავდა მკაფიო მუქარას და ძალადობისკენ მოწოდებას ლგბტ+ აქტივისტების, პოლიციელების, უფლებადამცველებისა და საერთაშორიო პარტნიორების მიმართ. ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ ვერის პარკში შეკრებილებს „თბილისი პრაიდის” ჩაშლის გეგმაც გააცნო და ძალადობრივი დაჯგუფებაში გაწევრიანებისკენ მოუწოდა.
14 ივნისს შინაგან საქმეთა სამინისტრომ მთავრობის კანცელარიის მიმდებარე ტერიტორიაზე აქციის მიმდინარეობისას, ადმინისტრაციული წესით, დააკავა 28 პირი, რომლებიც ცდილობდნენ პოლიციის კორდონის გარღვევას და სხვადასხვა ქმედებით გამოხატავდნენ აგრესიას აქციის მშვიდობიანი მონაწილეების, მათი მხარდამჭერების, ასევე, ჟურნალისტების მიმართ. ამასთან, სამინისტრომ უკვე დაიწყო გამოძიება უკანონო ფორმირების შექმნის, ხელმძღვანელობის და მასში გაწევრების ფაქტებზე, „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის” 223-ე მუხლის პირველი ნაწილით. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ექსტრემისტული ჯგუფების ძალადობრივ ქმედებებსა და მოწოდებებზე რეაგირება მისასალმებელია, თუმცა აღსანიშნავია, რომ ასეთი ჯგუფების გაძლიერება წლების მანძილზე ხელისუფლების არასათანადო პოლიტიკის, უმოქმედობისა და ხშირად შემწყნარებლური დამოკიდებულების შედეგია. განსაკუთრებით საგანგაშოა ის ფაქტი, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო “თბილისი პრაიდის” ორგანიზატორებს პრაიდის არჩატარებას სთავაზობს და უსაფრთხოების გარანტიებს ვერ აძლევს.
აღნიშნულიდან გამომდინარე მიგვაჩნია, რომ შექმნილ ვითარებაში აუცილებელია:
- სამართალდამცავმა ორგანოებმა დროულად და ეფექტიანად გამოიძიონ 14 და 16 ივნისის აქციებზე განხორციელებული ძალადობრივი აქტები და მოწოდებები; ამ კუთხით სამართალდამცავმა ორგანოებმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა გამოიჩინონ ლევან ვასაძის მიერ 16 ივნისს აქციაზე გაჟღერებული გეგმების მიმართ, რომელიც „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის” 223-ე მუხლით (უკანონო ფორმირების შექმნა, ხელმძღვანელობა, ასეთ ფორმირებაში გაწევრება, მონაწილეობა ან/და უკანონო ფორმირების სასარგებლოდ სხვა საქმიანობის განხორციელება) გათვალისწინებულ დანაშაულის ნიშნებს შეიცავს;
- გატარდეს ყველა საჭირო პრევენციული ღონისძიება იმისთვის, რომ ლგბტ+ აქტივისტების უსაფრთხოება იყოს უზრუნველყოფილი „თბილისი პრაიდის” კვირეულის განმავლობაში და მიეცეთ საჯაროდ შეკრებისა და გამოხატვის უფლებებით თავისუფლად სარგებლობის საშუალება;
- ხელისუფლება განსაკუთრებული სიფრთხილითა და ყურადღებით დააკვირდეს ქვეყანაში ექსტრემისტული ძალების გააქტიურებას, შეისწავლოს რუსეთის სპეც-სამსახურებთან მათი შესაძლო კავშირები და მოახდინოს ამ მხრივ არსებულ საფრთხეებსა და გამოწვევებზე ეფექტიანი რეაგირება.
საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა
საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება
საზოგადოება და ბანკები
მედიის განვითარების ფონდი
პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის
საფარი
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი
ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი
საქართველოს რეფორმების ასოციაცია
კვლევითი ჟურნალისტიკისა და ეკონომიკური ანალიზის ცენტრი
ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი
დემოკრატიისა და უსაფრთხო განვითარების ინსტიტუტი
საქართველოს გაეროს ასოციაცია (UNAG)