განცხადებები

არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადება 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის ექვსი წლისთავთან დაკავშირებით

დღეს, 8 აგვისტოს, ექვსი წელი შესრულდა რუსეთ-საქართველოს ომის დაწყებიდან. 2008 წლის აგვისტოს ომი წარმოადგენს საქართველოს უახლესი ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე ტრაგიკულ მოვლენას, რომელმაც უმძიმესი შედეგები მოუტანა ქვეყანას. პატივს მივაგებთ ომში დაღუპული მეომრების ხსოვნას, რომლებმაც საკუთარი სოცოცხლის ფასად დაიცვეს საქართველოს დამოუკიდებლობა. 

ზუსტად ექვსი წლის წინ საერთაშორისო სამართლისა და ხელშეკრულებების სრული იგნორირებით, რუსეთმა საქართველოს ტერიტორიების ოკუპირება მოახდინა, რასაც თან მოჰყვა ეთნიკური წმენდა: ქართველებით დასახლებული სოფლების გადაწვა და მათი განდევნა საკუთარი სახლებიდან. კონფლიქტის შედეგად 30 ათასი ადამიანი იძულებული გახდა დაეტოვებინა საკუთარი სახლ-კარი და უკვე მეექვსე წელია ცხოვრობს დევნილთა დასახლებებში, მიუხედავად იმისა, რომ გაეროს გენერალურ ასამბლეამ არაერთი რეზოლუცია მიიღო, რომლის სულისკვეთება დევნილთა დაბრუნების უფლების განხორციელებაა.

სამწუხაროა, რომ რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის პროცესი კვლავაც გრძელდება ე.წ. „ბორდერიზაციის“ სახით, რასაც მშვიდობიანი მოსახლეობის საცხოვრებელი და საყოფაცხოვრებო პირობების გაუარესება სდევს თან.

ევროკავშირის შუამდგომლობით ხელმოწერილი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება კვლავაც არ სრულდება: რუსეთის სამხედრო ნაწილები იმყოფებიან საქართველოს ტერიტორიაზე, საქართველოს სხვადასხვა სოფელს შორის მავთულხლართებია აღმართული, ადამიანებს არ ეძლევათ მუდმივ საცხოვრებელ ადგილებში დაბრუნების საშუალება, ყოველდღიურად ირღვევა ჩვენი მოქალაქეების საკუთრებისა და გადაადგილების უფლება და მათ აკავებენ კონფლიქტის ზონაში საყოფაცხოვრებო მიზნებით გადაადგილების დროს. 

სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები მადლობას ვუხდით საქართველოს მეგობარ სახელმწიფოებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დაცვისა და პატივისცემისთვის.

მნიშვნელოვანია 2008 წლის ომის დროს ჩადენილი ყველა დანაშაულის გამოძიება და ომში დაზარალებული ადამიანების უფლებების აღდგენა. მნიშვნელოვანია, ასევე, რომ საქართველოს ხელისუფლებამ კვლავაც გააგრძელოს აქტიური საგარეო პოლიტიკური საქმიანობა ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარებასთან დაკავშირებით, არ შეასუსტოს საერთაშორისო ინსტრუმენტების გამოყენება რუსეთის ფედერაციაზე ზეწოლისთვის, გააგრძელოს ზრუნვა იძულებით გადაადგილებული მოსახლეობის საარსებო გარემოსა და ომში დაღუპულთა ოჯახებისა და დაზარალებული მოქალაქეების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე.

 

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)
სამოქალაქო განვითარების სააგენტო (სიდა)
საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ადამიანის უფლებათა ცენტრი
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
ფონდი „ღია საზოგადოება - საქართველო“