განცხადებები

არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადება ყოფილი პრემიერის სატელევიზიო კომენტარებთან დაკავშირებით

10 ნოემბერს,  ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა მედიისთვის ვრცელი კომენტარები გააკეთა საქართველოში უკანასკნელ პერიოდში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით. ბიძინა ივანიშვილმა კრიტიკული განცხადებები გააკეთა საქართველოს პრეზიდენტის საქმიანობის ადგილსამყოფელთან, ტელეკომპანია რუსთავი 2-ის სასამართლო პროცესთან, ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებთან, ეუთოს და ევროსაბჭოს განცხადებებთან დაკავშირებით საქართველოსთან მიმართებით. 

ყოფილი პრემიერი ტრადიცულად კრიტიკული იყო არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებზე საუბრისას, რომლებსაც ერთ-ერთი ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის გაგრძელება უწოდა.   იგი განსაკუთრებით არაკორექტული იყო „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორის, ეკა გიგაურის მიმათ, როდესაც განაცხადა, რომ გიგაური  თავისი საქმიანობით „სამოქალაქო საზოგადოებას აბინძურებს“.  

აღსანიშნავია, რომ ყოფილი პრემიერის აღნიშნული განცხადებები დაემთხვა იმ დღეს, როდესაც, საქართველოს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი ფედერიკა მოგერინი სტუმრობდა. ეს იყო უმაღლესი წარმომადგენლის პირველი ვიზიტი საქართველოში და მას განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა საქართველოს ევროინტეგრაციის მიმართულებით საქართველოს პროგრესის წარმოსაჩენად. ჩვენი ქვეყნისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, ევროინტეგრაციის მიმართულებით საქართველოს არსებული პროგრესის აღნიშვნა, რაც შესაძლებელია, ვიზების ლიბერალიზაციის გადაწყვეტილებას დაედოს საფუძველად. 

ქალბატონი მოგერინის ოფიციალური დღის წესრიგის შემადგენელი ნაწილი იყო შეხვედრა სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან, სადაც განხილული იყო ქვეყანაში არსებული ვითარება. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა შეხვედრაზე განსაკუთრებლი ყურადღება გაამახვილეს ვიზების ლიბერალიზაციის პროცესის მნიშვნელობაზე და ისაუბრეს რუსეთის საინფორმაციო-პროპაგანდისტული საქმიანობის გაძლიერებაზე და ამით გამოწვეულ საფრთხეებზე.

გვსურს  განვაცხადოთ:

1. მაშინ, როდესაც საქართველოში მაღალი რანგის ევროპელი სტუმარი იმყოფებოდა, რომელიც საქართველოს ევროინტეგრაციის უმნიშვნელოვანესი ისტორიული მომენტის შეფასებასაც ემსახურებოდა, ყოფილი პრემიერის კრიტიკული განცხადებებიდემოკრატიული ინსტიტუტებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მისამართით შესაძლოა უარყოფითად აისახოს ვიზიტის შედეგებზე;

2. ყოფილი პრემიერი ტრადიციულად აკრიტიკებს იმ დემოკრატიულ ინსტიტუტებს, რომლებიც ევროპული ღირებულებების ერთგულები არიან და საკუთარი წვლილი შეაქვთ საქართველოს ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციაში;

3. ყოფილი პრემიერის მცდელობა კრიტიკული მოსაზრებების გამო დემოკრატიული ინსტიტუტები დააკავშიროს ოპონენტ პოლიტიკურ პარტიებთან და ამით მათი დამოუკიდებელი სტატუსი და შეფასებები ეჭვის ქვეშ დააყენოს, განსახვავებული მოსაზრებების მიუღებლობაზე მეტყველებს; 

4. ყოფილი პრემიერის კრიტიკული ხედვები, საქართველოს ხელისუფლებაზე მისი არაფორმალური გავლნის პირობებში, უარყოფით გავლენას ახდენს ხელისუფლების სხვადასხვა შტოების მოხელეებისა და პოლიტიკოსების განწყობების ფორმირებაზე დემოკრატიული ინსტიტუტების მიმართ. 

გვსურს, მოვუწოდოთ ყოფილ პრემიერ-მინისტრს, საქართველოს ევროინტეგრაციის ამ მნიშვნელოვან მომენტში თავი შეიკავოს იმ ტიპის განცხადებებისგან, რაც კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების, მედიათავისუფლების, პლურალიზმის, კანონის უზენაესობისა და სასამართლოს დამოუკიდებლობის საკითხებს.

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)
ფონდი ღია საზოგადოება საქართველო (OSGF)
სამოქალაქო განვითარების სააგენტო (სიდა)
იდენტობა
ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი
საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)
საქართველოს რეფორმების ასოციცია (GRASS)