არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადება „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით
ხელმომწერი ორგანიზაციები ვეხმიანებით ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების შემდგომ წარმოქმნილ ახალ მოცემულობას, რომელიც ქართული მყიფე დემოკრატიისათვის დიდი გამოწვევაა და პლურალისტულ მედია გარემოს სერიოზულ საფრთხეს უქმნის.
გამოხატვისა და მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების უმნიშვნელოვანესი წინაპირობაა. საქართველოს პოლიტიზირებულ მედია გარემოში ტელეკომპანია „რუსთავი 2“ დღემდე დიდ როლს ასრულებს ხელისუფლების საქმიანობის მონიტორინგისა და საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულების კუთხით.
არსებული რეალობის გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია, რომ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ახალი მფლობელისა და მენეჯმენტის მიერ უზრუნველყოფილი იყოს ჟურნალისტების სარედაქციო დამოუკიდებლობა და მათთვის საკუთარი სინდისის შესაბამისად სარედაქციო გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა. ასევე, გარანტირებული უნდა იყოს მაუწყებლის თანამშრომლების შრომითი უფლებების დაცვა შესაბამისი ეფექტური მექანიზმების შემოღებით.
ეჭვგარეშეა, რომ „რუსთავი 2“-ის მფლობელების ცვლილება ხელისუფლების ინტერესში შედიოდა, რის შესახებაც მათ ღიად არაერთხელ განუცხადებიათ. მნიშვნელოვანია, რომ არ მოხდეს ქართულ მედია სივრცეში არსებული მანკიერი პრაქტიკის გაგრძელება, როდესაც მფლობელის/მენეჯმენტის ცვლილება პირდაპირ აისახება მაუწყებლის ხელისუფლებისადმი კრიტიკულ სარედაქციო პოლიტიკაზე.
ხელმომწერი ორგანიზაციები ვაგრძელებთ მედიის სფეროში და განსაკუთრებით, „რუსთავი 2“-ის ირგვლივ მიმდინარე პროცესების მონიტორინგს. ამავდროულად, გამოვხატავთ მზადყოფნას ტელეკომპანიის თანამშრომლებს აღმოვუჩინოთ შესაბამისი დახმარება.
საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება
საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა
მედიის განვითარების ფონდი
საზოგადოება და ბანკები
საქართველოს ატლანტიკური საბჭო
მწვანე ალტერნატივა
ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი
საქართველოს გაეროს ასოციაცია
ღია საზოგადოების ფონდი
ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია
სტრატეგიული კვლევების რეგიონული ცენტრი
კვლევითი ჟურნალისტიკის და ეკონომიკური ანალიზის ცენტრი
ადამიანის უფლებათა ცენტრი
საქართველოს რეფორმების ასოციაცია - GRASS
კავშირი საფარი
საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი
ინიციატივა მოწყვლადი ჯგუფების რეაბილიტაციისათვის
პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის