არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადება ტელეკომპანია „მაესტროში“ მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით
გვსურს გამოვეხმაუროთ ტელეკომპანია „მაესტროში“ განვითარებულ ბოლოდროინდელ მოვლენებს, რაც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს არხის სარედაქციო დამოუკიდებლობასა და ჟურნალისტების პროფესიული თავისუფლების პრინციპების დაცვას, ასევე არღვევს „მაესტროში“ დასაქმებულ პირთა საქართველოს კანონმდებლობით გარანტირებულ შრომით უფლებებს.
როგორც საზოგადოებისათვის ცნობილი გახდა, ტელეკომპანია „მაესტრო“ ბოლო თვეებში წამყვანმა ჟურნალისტებმა დატოვეს. ისინი საკუთარ გადაწყვეტილებას არხის მფლობელების მხრიდან დამოუკიდებელი ტელეკომპანიის საქმიანობაში ჩარევის მცდელობით ხსნიან.
ტელეკომპანია „მაესტროს“ საინფორმაციო სამსახურის უფროსის და საინფორმაციო გამოშვება „ცხრიანის“ წამყვანის ნინო ჟიჟილაშვილის სამსახურიდან გათავისუფლების შემდეგ ტელევიზია ოცამდე ჟურნალისტმა დატოვა, მათ შორის საინფორმაციო გამოშვების ერთ-ერთმა წამყვანმა ნინო თოლორდავამ და იუმორისტული გადაცემის „ყოველდღიური აბების“ გუნდმა. თუმცა, ტელეკომპანიის წარმომადგენლები ჟურნალისტების ბრალდებებს ამ დრომდე უარყოფენ და ამ მოვლენებს ტელეკომპანიაში რეორგანიზაციის მიმდინარეობას უკავშირებენ.
ნინო ჟიჟილაშვილის განცხადებით, ის ტელევიზიის დატოვებას ისედაც გეგმავდა. ამის მიზეზად ჟურნალისტმა „მაესტროს“ ფაქტობრივი მფლობელის კოტე გოგელიას გადაწყვეტილებით არხზე დაწყებული ცვლილებები დაასახელა, რის შედეგადაც „ცხრიანი“ ეთერში აღარ გავიდოდა. აღსანიშნავია, რომ გავრცელებული ინფორმაციით „ცხრიანს“ ახალი სეზონიდან კოკა ყანდიაშვილის, ამჟამად მთავრობის კანცელარიის საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში კონსულტანტის, საავტორო პროგრამა – „ლაპარაკობს თბილისი“ ჩაანაცვლებს. ამასთანავე, თავად კოკა ყანდიაშვილი აღნიშნულ საკითხს ზოგადი კომენტარებით ეხმიანება. ეს გადაწყვეტილება უარყოფითად შეაფასეს საინფორმაციო სამსახურის თანამშრომლებმა, მათ შორის ნინო ჟიჟიაშვილმაც, რის შემდეგაც კოტე გოგელიამ იგი თავად გაათავისუფლა სამსახურიდან.
ეს არ არის „მაესტროდან“ ჟურნალისტების ხმაურიანად წასვლის პირველი შემთხვევა. მიმდინარე წლის სექტემბერში არხი წამყვანმა ჟურნალისტმა ვახო სანაიამ დატოვა. პირველი საჯარო განცხადება ჟურნალისტმა ამ თემაზე გუშინ გააკეთა, სადაც განმარტა, რომ ტელევიზიის ხელმძღვანელობა უკმაყოფილო იყო ხელისუფლების მიმართ მისი კრიტიკული გადაცემებით: „დირექტორმა თქვა, რომ მე ჩემი გადაცემებით „მაესტრო”, შესაძლოა სერიოზულ დაპირისპირებაში შევიყვანო ხელისუფლებასთან და პრობლემები შევქმნა.“ ოქტომბერში ტელევიზია „სუბიექტური აზრის“ წამყვანებმა და პროდუსერმა დატოვეს. გადაცემა სუბიექტური აზრის წამყვანებმა დიანა ტრაპაიძემ და თეონა გეგელიამ „მაესტროს“ დატოვება ასევე კოტე გოგელიასთან შეხვედრის შემდეგ გადაწყვიტეს. ყოველივე ამას წინ უძღოდა 2013 წლის დასაწყისში „მაესტროს“ დამფუძნებლის მამუკა ღლონტის მიერ ხელისუფლების ერთ-ერთი ფრთის მხრიდან „მაესტროს“ წინააღმდეგ „წესების გარეშე“ ბრძოლის დაწყების შესახებ საუბარი.
„მაესტროდან“ წასული ჟურნალისტების განცხადებით, არხის ფაქტიური მფლობელი კოტე გოგელია ინტენსიურად ერევა არხის სარედაქციო საქმიანობაში, რაც ეწინააღმდეგება მაუწყებლის სარედაქციო დამოუკიდებლობის და საზოგადოებრივი ანგარიშვალდებულების კანონმდებლობით დადგენილ პრინციპებს. სამწუხაროა, რომ ტელევიზიის ხელმძღვანელობა არ იცავს საკუთარ თანამშრომლებს და ვერ უზრუნველყოფს მათ სარედაქციო დამოუკიდებლობას.
როგორც ნინო ჟიჟილაშვილმა განაცხადა, ტელეკომპანიის ის თანამშრომლები, რომლებიც უშუალოდ უნდა იღებდნენ გადაწყვეტილებებს ბადის შექმნაზე, ამ პროცესში არ იყვნენ ჩართულნი, ხოლო კოკა ყანდიაშვილი – გარეშე პირი, რომელიც ამავდროულად მთავრობის ადმინისტრაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის კონსულტანტია, სატელევიზიო ბადის შექმნაში პირადად მონაწილეობს. მიგვაჩნია, რომ ამგვარი ქმედება შეუთავსებელია ჟურნალისტური საქმიანობის თავისუფლების პრინციპებთან, მითუფრო, რომ ჟურნალისტების განმარტებით, ტელეკომპანიის მფლობელები ცდილობენ, ურთიერთობა არ გაიფუჭონ ხელისუფლებასთან.
აღსანიშნავია, რომ ტელეკომპანია „მაესტროზე“ ბოლო დროს მიმდინარე ზემოაღნიშნული ცვლილებები არხზე დასაქმებული ჟურნალისტების შრომითი უფლებების უხეში დარღვევის ფონზე მიმდინარეობს. ასეთი ცვლილებები და არხის მიერ ჟურნალისტებთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა, ხშირ შემთხვევაში მათთვისაც მოულოდნელია. დამსაქმებლის მხრიდან ამგვარმა დამოკიდებულებამ შესაძლოა უარყოფითი გავლენა მოახდინოს არხზე დარჩენილ ჟურნალისტებზეც, შეზღუდოს მათი პროფესიული თავისუფლება და დამოუკიდებლობა.
მიგვაჩნია, რომ მედიის თავისუფლებისა და სარედაქციო დამოუკიდებლობის ვალდებულება აკისრია არამხოლოდ ხელისუფლებას, არამედ ასევე არხის მფლობელსა და ხელმძღვანელობას. მოვუწოდებთ შესაბამის პასუხისმგებელ პირებს, პატივი სცენ ზემოაღნიშნულ პრინციპებს და იმოქმედონ ამ პრინციპებისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA)
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)
სამოქალაქო განვითარების სააგენტო CIDA
ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი (EPRC)