განცხადებები

არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართვა საქართველოს პარლამენტს „ოდეერის“ საკითხზე საგამოძიებო კომისიის შექმნის თაობაზე

ხელმომწერი ორგანიზაციები მივმართავთ საქართველოს პარლამენტს, დროულად მოახდინოს რეაგირება თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიმდინარე მოვლენებზე, კერძოდ კი უნივერსიტეტში„ოდეერის“ არსებობის თაობაზე არაერთხელ გაჟღერებულ ინფორმაციაზე და საკითხის შესწავლის მიზნით შექმნას დროებითი საგამოძიებო კომისია.  

აღსანიშნავია, რომ 2015 წელს გატარებული რეფორმის შემდეგ ე.წ „ოდეერების“ (კანონის ენაზე - უსაფრთხოების ოფიცერი) საკითხი ახლებურად მოწესრიგდა და თუკი მანამდე ნებისმიერ სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებაში იყო შესაძლებელი უსაფრთხოების სამსახურებიდან ოფიცრის მივლენა, დღეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან ოფიცრის წარგზავნა შესაძლებელია მხოლოდ მაღალი რისკის მატარებელ დაწესებულებებში. ასეთი დაწესებულებების ნუსხა განსაზღვრულია მთავრობის დადგენილებით და მასში არ შედის არც სახელმწიფო უნივერსიტეტი და არც სხვა რომელიმე საგანმანათლებლო დაწესებულება. მოქმედი კანონმდებლობით, ფორმალურად მხოლოდ უშუალოდ დაწესებულების თანხმობით/შეთავაზებით არის შესაძლებელი მასში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლის მივლენა.

მიუხედავად ამისა, გასულ წელს გატარებული რეფორმით პრობლემა სრულად ვერ მოგვარდა, რასაც რამდენიმე მიზეზი აქვს:

  • მიუხედავად იმისა, რომ „ოდეერის“ ინსტიტუტი ფორმალურად ახლებურად ჩამოყალიბა, კანონმდებლობით არ მოწესრიგდა იმ უსაფრთხოების ოფიცრების სამსახურიდან გათავისუფლების საკითხი, ვინც მანამდე ამა თუ იმ დაწესებულების შტატის თანამშრომელი იყო და პარალელურად ახორციელებდა ადმინისტრაციულ ფუნქციებსაც;
  • ახლად შექმნილი უსაფრთხოების სამსახური არის აბსოლუტურად დახურული და გაუმჭვირვალე ორგანო, რომლის გარე კონტროლი პრაქტიკულად შეუძლებელია. ამდენად, საზოგადოებას არ გააჩნია შესაძლებლობა გადაამოწმოს რამდენად კანონიერეად იყენებს აღნიშნული სამსახური საკუთარ რესურსს და შესაძლებლობებს.

რაც შეეხება გაჟღერებულ ინფორმაციას, რომ უნივერსიტეტის ადმინისტრაციაში დასაქმებული კონკრეტული პირები იმავდროულად არიან „ოდეერის“ ფუნქციის შემსრულებლები, ამ საკითხზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა რამდენიმე დღის წინ გაავრცელა ოფიციალური მიმართვა, რომლის მიხედვითაც, აღნიშნული საკითხი 2015 წლის ზაფხულში განხორციელებული რეფორმით ახლებურად მოწესრიგდა და დღეის მდგომარეობით სახელმწიფო უნივერსიტეტში  „ოდეერი“ აღარ არის წარმოდგენილი. თუმცა, როგორც ითქვა, აღნიშნული ინფორმაციის გადამოწმების შესაძლებლობა დამკვირვებლებს და დაინტერესებულ საზოგადოებას არ გააჩნიათ. „ოდეერის“ უნივერსიტეტში არსებობის ფაქტზე ისაუბრა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემაც და აღნიშნა, რომ ასეთი პირები უკვე აღარ არიან უნივერსიტეტში, თუმცა თავის დროზე, მათი იქ ყოფნა, შესაძლოა გამართლებული ყოფილიყო ტერორიზმის საფრთხეებით. კომიტეტის თავმჯდომარის აღნიშნული განცხადება, ვფიქრობთ, რომ ერთი მხრივ, აცდენილია დღეს არსებულ სამართლებრივ და სოციალურ წესრიგს, მეორე მხრივ კი ის არის დაუსაბუთებელი და ახდენს ცალკეული ჯგუფების მარგინალიზაციას.

მიუხედავად ზემოაღნიშნული განცხადებებისა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები და სტუდენტები კვლავაც საუბრობენ უნივერსიტეტში „ოდეერის“ არსებობაზე. უნივერსიტეტის რექტორი კი ადასტურებს უნივერსიტეტში “ოდეერის” არსებობას და ასახელებს კონკრეტულ პირებს. აღსანიშნავია ისიც, რომ რამდენიმე დღის წინ ბათუმში გამართულ სოლიდარობის აქციაზე ასევე გაიჟღერა ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში „ოდეერის“ არსებობის თაობაზე.

ამ ფონზე, კრიტიკულად მნიშვნელოვანია საკითხის სრულყოფილი შესწავლა და პასუხის გაცემა იმ ლეგიტიმურ კითხვებზე, რაც საზოგადოებაში ამ დრომდე არსებობს. საგანმანათლებლო დაწესებულება უნდა იყოს სრულიად თავისუფალი სააზროვნო სივრცე და უნდა გამოირიცხოს საუნივერსიტეტო ცხოვრებაში პოლიციისა და უსაფრთხოების სამსახურების ჩარევის რისკები.

გამომდინარე აქედან, მიგვაჩნია, რომ საქართველოს პარლამენტი დროულად უნდა დაინტერესდეს თსუ-სა და სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში უსაფრთხოების სამსახურის შესაძლო ინტერვენციისა და “ოდეერების” არსებობის პრაქტიკით. ამ მიზნით, საქართველოს პარლამენტმა უნდა შექმნას დროებითი საგამოძიებო კომისია, რომლის საქმიანობის პროცესი უზრუნველყოფს ყველა დაინტერესებული მხარის მონაწილეობას, ასევე სათანადო გამჭვირვალობასა და პროცესის ეფექტიანობას. საგამოძიებო კომისიამ საკითხის შესწავლა უნდა განახორციელოს ფართოდ და საფუძვლიანად, ამ პროცესში კი უნდა დადგინდეს:

  • 2015 წლის ზაფხულამდე იყვნენ თუ არა წარგზავნილნი უსაფრთხოების ოფიცრები (ე.წ. ოდეერები) თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებებში, მათ შორის, რა რაოდენობითა და რა კონკრეტული საფუძვლით;
  • რა უფლება-მოვალეობებს ახორციელებდნენ ეს ადამიანები უნივერსიტეტში, რამდენად ძლიერი იყო მათი ჩარევა საუნივერსიტეტო და სტუდენტურ საქმიანობაში;
  • აღნიშნული ადამიანები, იმის პარალელურად, რომ ასრულებდნენ სახელმწიფო უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ მოვალეობებს, იყვნენ თუ არა უნივერსიტეტის შტატში და ასევე ახორციელებდნენ თუ არა კონკრეტულ ადმინისტრაციულ ფუნქციებს;
  • 2015 წელს განხორციელებული რეფორმის შემდეგ (რომლის შედეგადაც უსაფრთხოების ოფიცრების წარგზავნა შესაძლებელია მხოლოდ მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ დაწესებულებებში, მხოლოდ ამ დაწესებულებების თანხმობით), მოხდა თუ არა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებებში მანამდე არსებული უსაფრთხოების ოფიცრის გაწვევა, მისი შტატის/კადრის გაუქმება, თუ მოხდა მისი სხვა კადრით შეცვლა;
  • უკანასკნელ დღეებში სტუდენტები და აკადემიური სფეროს წარმომადგენლები მიუთითებდნენ სხვადასხვა უნივერსიტეტში კონკრეტულ პირებზე, რომლებიც შესაძლოა წარმოადგენდნენ ე.წ „ოდეერებს“. საგამოძიებო კომისიის მიერ ასევე უნდა მოხდეს ამ ადამიანთა ბიოგრაფიების შესწავლა და დადგენა, რეალურად რა კავშირი აქვთ მათ სამართალდამცავ და უსაფრთხოების სამსახურებთან;

 

უშუალოდ უნივერსიტეტში მიმდინარე მოვლენების შესწავლის პარალელურად, კომისიამ უნდა იმსჯელოს 2015 წლის ზაფხულში გატარებული რეფორმის ეფექტიანობაზე და „ოდეერის“ ინსტიტუტთან დაკავშირებული პრობლემების სისტემურ გადაწყვეტაზე. ამავდროულად, პარლამენტში უნდა დაიწყოს მუშაობა იმისთვის, რომ შეიქმნას სახელმწიფო უსაფრთხოებისა და პოლიციური სამსახურების ეფექტიანი საპარლამენტო კონტროლის მექანიზმი, რომელიც დააზღვევს ამ სამსახურების მხრიდან უფლებამოსილებისა და რესურსების არამიზნობრივ გამოყენებას.

 

 

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)

ადამიანის უფლებათა ცენტრი

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)

საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო (TI)

ფონდი “ღია საზოგადოება - საქართველო” (OSGF)

კონსტიტუციის 42-ე მუხლი

“მრავალეროვანი საქართველო”

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)

პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR)

ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI)

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია)

ლიბერალური აკადემია თბილისი

კავშირი „საფარი“