არასამთავრობო ორგანიზაციების სამართლებრივი დახმარების ქსელის განცხადება 7 დეკემბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით
2024 წლის 7 დეკემბერს, არასამთავრობო ორგანიზაციების სამართლებრივი დახმარების ქსელის ცხელ ხაზზე შემოვიდა ასობით ზარი. ქსელის ადვოკატები ამ დრომდე ეძებდნენ და ხვდებოდნენ გასულ ღამეს დაკავებულ მშვიდობიან დემონსტრანტებს. დღეს ძებნის პროცესთან დაკავშირებულ სირთულეებს ემატებოდა ის, რომ იზოლატორებში მოთავსებული დაკავებულების სიმრავლისა და შეხვედრის ოთახების რაოდენობის სიმცირის გამო, ადვოკატების მიერ დაკავებულების მონახულების პროცესი რთულდებოდა და დროში ხანგრძლივდებოდა, რაც, აფერხებდა ადვოკატების მიერ დაკავებულების გონივრულ ვადაში მონახულებას. წინა დღეების მსგავსად, წუხელ დაკავებული პირების უმრავლესობასაც აღენიშნებოდა სხვადასხვა ხარისხის დაზიანება.
დღის მეორე ნახევარში, ცხელ ხაზზე შემოვიდა ინფორმაცია არაერთ ადამიანთან დაკავშირებით, რომლებსაც მათთვის უცნობმა პირებმა მიაკითხეს სახლებში. მათი ოჯახის წევრებისა და მეგობრების განცხადებით, მოხდა ამ პირების საცხოვრებელი სახლებიდან გაყვანა იმ პირების მიერ, რომლებიც საკუთარ თავს მოიხსენიებდნენ სამართალდამცავი უწყების წარმომადგენლებად, თუმცა, არ ეცვათ პოლიციის ფორმები. მათ, ყოველგვარი დასაბუთებისა და განმარტების გარეშე გაიყვანეს ადამიანები. ერთადერთი, რასაც მათ ეუბნებოდნენ ის იყო, რომ გასაუბრება სურდათ.
როგორც შემდგომ გამოიკვეთა, აღნიშნული პირების ნაწილი გადაიყვანეს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში, სადაც, მიუხედავად ადვოკატების განმარტებისა, რომ მათ დაცვის ქვეშ მყოფებს არ სურდათ გამოკითხვაში მონაწილეობა, აღნიშნული პირები იძულებით შეიყვანეს გამოკითხვაზე. გამოკითხვაზე იძულებით მყოფ ადამიანებთან შესვლის უფლება ადვოკატს არ მიეცა და ის პროცედურის დასრულებას უწყების კართან ელოდა.
ამავდროულად, სამართლებრივი დახმარების ქსელის ადვოკატმა მისი დაცვის ქვეშ მყოფი ერთ-ერთი პირისგან მიიღო შემაშფოთებელი ინფორმაცია. კერძოდ, დაკავებულის განმარტებით, ნიღბიანმა ადამიანებმა, დაკავებისას მასთან ერთად სამართალდამცავი უწყების სამარშუტო ტიპის ავტომობილში მყოფ ადამიანს იძულებით მოაკიდებინეს ხელი დანისთვის, პარალელურად მას ამეორებინებდნენ, რომ ეს მისი ცივი იარაღი იყო.
ამ დრომდე მიმდინარეობს სახლიდან და სხვადასხვა სივრცეებიდან დასაბუთების გარეშე ადამიანების სამართალდამცავ უწყებებში გადაყვანა, საცხოვრებელ ბინებში ჩხრეკა, მშვიდობიანი დემონსტრანტების ცემა/არაადამიანური მოპყრობა/წამება, მათი უკანონო დაკავება და სასამართლოების მიერ ამ პირების სამართალდამრღვევებად ცნობა.
ადვოკატები 500-ზე მეტი პირის ინტერესებს იცავენ სასამართლოსა და საგამოძიებო ორგანოებში.
ქსელის ადვოკატები უწყვეტ რეჟიმში განაგრძობენ მუშაობას დაკავებულების დასახმარებლად.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
სოციალური სამართლიანობის ცენტრი
უფლებები საქართველო
ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი
პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის
უფლებადამცველთა გაერთიანება - ადამიანის უფლებათა ცენტრი
სამარლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი
საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა
სამოქალაქო საზოგადოების ფონდი