განცხადებები

არასამთავრობოების მიმართვა მთავრობას წითელიუბანი-ხურვალეთის ტერიტორიაზე საოკუპაციო ზოლის გადმოწევასთან დაკავშირებით

2015 წლის 11 ივლისს გორის რაიონის სოფელ ორჭოსანთან და წითელუბანი-ხურვალეთის ტერიტორიაზე რუსეთის საოკუპაციო ძალებმა რამდენიმე ასეული მეტრით გადმოწია საოკუპაციო ხაზი, რაც ძალზედ საგანგაშო სიგნალს წარმოადგენს საქართველოს უსაფრთხოებისთვის. ეს ქმედება არის რუსეთის მიერ უკანასკნელ პერიოდში წარმოებული ანექსიური პოლიტიკის ლოგიკური გაგრძელება, რომლის ფარგლებში სულ მცირე ხნის წინ გაფორმდა ე.წ. ინტეგრაციის და პარტნიორობის ხელშეკრულებები. შესაბამისად, ნათელია, რომ მოსკოვის მხრიდან გრძელდება საქართველოს ტერიტორიების მიტაცება და მშვიდობიანი მოსახლეობისთვის შიშის ჩანერგვა. ამჯერად საფრთხე მიადგა ისეთ სტრატეგიულ ინფრასტრუქტურას, როგორიცაა ბაქო-სუფსას მილსადენი. უახლოეს მომავალში შეიძლება საფრთხე შეექმნას ელექტროგადამცემ ხაზს ქართლი-2 და, რაც მთავარია, საქართველოს ცენტრალურ საგზაო მაგისტრალს.

მიგვაჩნია, რომ ამ ვითარებაში აუცილებელია საგანგებო ზომების მიღება. პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ ფუნდამენტურად გადაიხედოს რუსეთთან ურთიერთობის სტრატეგია, რის გარეშეც, ვერც ერთი ზომა ვერ იქნება შედეგიანი. ჩვენი სტრატეგიის მთავარი პრინციპი უნდა იყოს რუსეთთან ურთიერთობების დარეგულირება საერთაშორისო თანამეგობრობის ჩართულობით და მონაწილეობით.

გთავაზობთ ზოგიერთი იმ ზომის ჩამონათვალს, რომელიც, ჩვენი აზრით, საქართველოს ხელისუფლებამ მყისიერად უნდა დაუპირისპიროს აღნიშნულ საფრთხეს.

კარასინი-აბაშიძის შეხვედრის გადადება და ჟენევის მოლაპარაკებების რიგგარეშე სხდომის მოწვევა. თუ მსგავსი ინციდენტები „ნორმალურ“ პრაქტიკად ჩაითვალა, რომელზეც რეაგირება არ ხდება, უნდა ველოდოთ მომავალში მათ კიდევ გამეორებას;

რუსეთთან ურთიერთობების სტრატეგიის ფუნდამენტურად გადახედვა და ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე მსგავს კრიზისებზე რეაგირების ქმედითი გეგმის და სტანდარტული ოპერატიული პროცედურების შემუშავება;

შსს-ს შესაბამისი სამსახურების მხრიდან აქტივობის ინტენსიფიკაცია (მათ შორის, თანამედროვე ტექნოლოგიების და მონიტორინგის საშუალებების გამოყენებით) ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ, მსგავსი პროვოკაციების დროულად აღსაკვეთად და თავიდან ასაცილებლად და ადმინისტრაციული საზღვრის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის უფლებების დაცვის და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. განსაკუთრებით საჭიროა, მაგისტრალური გზის გასწვრივ გაძლიერებული მონიტორინგი, მომავალში სერიოზული უსაფრთხოების გამოწვევის თავიდან აცილების მიზნით;

ყველაზე მაღალ დონეზე (პრეზიდენტი, პრემიერმინისტრი) დემარშების განხორციელება ჩვენს ძირითად პარტნიორებთან (აშშ, ნატოს და ევროკავშირის სახელმწიფოები) საფრთხეების შესახებ მათი საქმის კურსში ჩაყენების მიზნით. ამგვარი სპონტანური მაღალი დონის კომუნიკაცია არაერთხელ გამხდარა მომავალში ესკალაციის ხელისშემშლელი ფაქტორი;

საოკუპაციო ხაზის გასწვრივ არსებული მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მიწოდების მიზნით უმაღლესი დონის დელეგაციების ჩამოყვანა ევროკავშირიდან და სხვა პარტნიორი სახელმწიფოებისგან, და დიპლომატიური კორპუსის მუდმივი ინფორმირების გაგრძელება;

გაეროს უშიშროების საბჭოს და ეუთოს მუდმივი საბჭოების მოწვევის მცდელობა და პრობლემის აქტუალიზაცია ყველა საერთაშორისო ორგანიზაციაში;

ოკუპირებულ ტერიტორიებზე თავისუფალი გადაადგილების შესახებ სახელმწიფო კონცეფციის შემუშავება და მაღალი დონის შეხვედრის/კონფერენციის მოწვევა ამ თემასთან დაკავშირებით;
ადამიანის უფლებების ევროპულ სასამართლოში საჩივრის შეტანა იმ ადამიანების უფლებების დაცვის მიზნით, რომლებიც დაზარალდნენ მავთულხლართების გავლების გამო.

ჩვენის მხრივ, მზად ვართ, მაქსიმალურად შევიტანოთ წვლილი როგორც საოკუპაციო ხაზის გადმოწევით დაზარალებული ადამიანების უფლებების დაცვაში, ისე საქართველოს უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხების შესახებ საზოგადოებასთან კომუნიკაციაში.

ბოლოს, მოვუწოდებთ ხელისუფლებას, რომ დაუყოვნებლივ გამართოს შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაციებთან (მაგალითად, უსაფრთხოების და კრიზისების მართვის საბჭოს ფორმატის ფარგლებში), რომლის დროს განხილული იქნება საქართველოს წინაშე დღეს მდგომი უსაფრთხოების გამოწვევები სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების მონაწილეობით.

 

საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS)

საქართველოს ატლანტიკური საბჭო

სამოქალაქო განვითარების სააგენტო (CiDA)

Georgianreview.ge

მედიის განვითარების ფონდი (MDF)

საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო

საქართველოს სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტი (GISS)

საზოგადოებრივი მოძრაობა „ივერია“

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)

ფონდი ღია საზოგადოება – საქართველო (OSGF)

ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი (EPRC)

საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი (GFSIS)

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)

მედია კლუბი

კონსტიტუციის 42-ე მუხლი

შავი და ბალტიის ზღვის ალიანსი – საქართველო (BBSAG)

ჯარისკაცის დედა