განცხადებები

დადგენილების პროექტი, რომელიც საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესს მოაწესრიგებს, პრობლემურია

კოალიცია ეხმიანება 2020 წლის პირველ დეკემბერს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული დადგენილების პროექტს, რომელმაც საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესი უნდა მოაწესრიგოს და მიიჩნევს, რომ შემოთავაზებული წესი ფორმალურად ვერ უზრუნველყოფს ღია და გამჭვირვალე პროცესის ჩატარებას, ასევე მნიშვნელოვნად შეზღუდავს საბჭოს წევრებს აქტიურად იყვნენ ჩართულები გასაუბრების პროცესში და კანდიდატს დაუსვან შეკითხვები საკუთარი მიხედულებისამებრ.

ამასთანავე, როგორც მოგვიანებით გახდა ცნობილი, დადგენილების პროექტი მოამზადა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს იმ წევრმა, რომელიც თავად იღებს მონაწილეობას უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შესარჩევ კონკურსში. შესაბამისად, სახეზე გვაქვს ვითარება, როდესაც კანდიდატი, რომელიც იმავდროულად არის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი და კანონი ევალება ჩამოშორდეს შერჩევის პროცესს, თავად ამზადებს იმ წესებს, რომელიც მოგვიანებით გამოყენებულ უნდა იქნეს მასთან, როგორც კანდიდატთან მიმართებაში.

კოალიცია წლებია გამოხატავს შეშფოთებას სასამართლო სისტემაში არსებული არაორდინარული ვითარების გამო, რაც გულისხმობს სისტემის მართვის ყველა ადმინისტრაციული ბერკეტის მოქცევას პირთა ვიწრო ჯგუფის ხელში, რომელიც გადაწყვეტილებებს დახურულ კარს მიღმა იღებს და ოფიციალური პროცედურები უკვე მიღებული გადაწყვეტილებების გასაფორმებლად გამოიყენება. აღნიშნული უკვე მრავალგზის დადასტურდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ ბოლო წლებში მიღებული საკადრო გადაწყვეტილებებით. შესაბამისად ვთვლით, რომ სასამართლო სისტემაში ყველანაირ რეგულაციურ ცვლილებებს კოსმეტიკური ხასიათი აქვთ და თვისობრივად ვერ ცვლიან სისტემაში არსებულ მდგომარეობას.

კოალიცია მიიჩნევს, რომ წესის შემოთავაზებული რედაქცია შეიცავს ხარვეზებს და საჭიროებს ცვლილებებს შემდეგ მუხლებში:

დადგენილების პროექტის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტში მითითებულია, რომ ვიდეო და ფოტო გადაღება მასობრივი ინფორმაციის საშუალებების მიერ დაშვებულია მხოლოდ საჯარო მოსმენის დაწყებისას. თუმცა, არ არის პირდაპირი მითითება მოსმენების საჯარო („LIVE“) ტრანსლირების აუცილებლობაზე. მიგვაჩნია, რომ პროექტში უნდა აისახოს აღნიშნულის ვალდებულებაც, რათა შესრულდეს ორგანული კანონის მოთხოვნა პროცესის საჯაროობასთან დაკავშირებით და საზოგადოებას ჰქონდეს პირდაპირ ეთერში, საჯარო მოსმენების ყურების, კანდიდატებზე დაკვირვებისა და მათზე ინფორმაციის მიღების შესაძლებლობა. წინააღმდეგ შემთხვევაში, შექმნილი მძიმე ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გამო დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით, საჯაროობა, როგორც მიზანი ვერ შესრულდება პირდაპირი ტრანსლირების გარეშე.

გარდა ამისა, დადგენილების პროექტის მე-4 მუხლის მე-10 პუნქტით საბჭოს წევრს კანდიდატთან გასაუბრებისათვის გამოეყოფა ფიქსირებული დრო, 30 წუთი, რომელიც მხოლოდ დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე შესაძლოა გახანგრძლივდეს არაუმეტეს 15 წუთისა. ერთი მხრივ გასაგებია, რომ აღნიშნული ჩანაწერი საჯარო მოსმენების გონივრულ ვადაში მოქცევის მიზანს ემსახურება, მაგრამ ეს უნდა იყოს რეკომენდირებული დრო და არა აბსოლუტურად განსაზღვრული. თუკი საბჭოს წევრს კანდიდატთან დარჩენილი აქვს შეკითხვები, იგი არ უნდა იყოს შეზღუდული დროით, მას უნდა მიეცეს ყველა სასურველი შეკითხვის დასმის შესაძლებლობა.

საყურადღებოა დადგენილების პროექტის მე-4 მუხლის მე-12 პუნქტიც, რომლითაც იზღუდება საბჭოს წევრის თავისუფლება, დაუსვას შეკითხვა კანდიდატს მისთვის საინტერესო ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით, რამდენადაც კითხვის შინაარსი ექცევა საერთო სასამართლოების შესახებ ორგანული კანონის 341 მუხლის ჩარჩოებში. მიგვაჩნია, რომ შეკითხვების მსგავსი შინაარსობრივი შეზღუდვა არამიზანშეწონილია და აზიანებს საზოგადოების ინტერესს, ინფორმაცია მიიღოს არა მხოლოდ კანდიდატის პროფესიული ცოდნის, არამედ მისი მსოფლმხედველობისა და ღირებულებათა წესრიგის შესახებაც. ზოგადად გასაუბრების დროს წინასწარ შემუშავებული სტანდარტული კითხვარის არსებობა მიზანშეწონილია, თუმცა იუსტიცის უმაღლესი საბჭოს წევრი არ უნდა იყოს შეზღუდული კანდიდატს დაუსვას ნებისმიერი შეკითხვა რაც ემსახურება კანდიდატის პიროვნების შესწავლას. ჩნდება ეჭვი, რომ აღნიშნული ჩანაწერი მიზნად ისახავს კლანისათვის ლოიალური კანდიდატებისათვის უხერხული კითხვების არიდებას სასამართლოში არსებულ არაფორმალურ გავლენებსა და ზოგადად მართლმსაჯულების სისტემის მდგომარეობაზე.

მოვუწოდებთ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, ასახოს წარმოდგენილი რეკომენდაციები დადგენილების პროექტში, რათა უზრუნველყოფილ იქნეს ღია, გამჭვირვალე და სამართლიანი შერჩევის პროცესი, რომელიც გაზრდის საზოგადოების ნდობას როგორც თავად პროცესის, ისე შერჩეული კანდიდატების მიმართ.