განცხადებები

დმანისში რამიზ რამაზანოვის მიმართ მიმდინარე პროცესები შემაშფოთებელია

ხელმომწერი ორგანიზაციები ვეხმიანებით რამიზ რამაზანოვის სავარაუდო პოლიტიკური შევიწროების საქმეს და ხელისუფლებას მოვუწოდებთ, მიიღოს ყველა ზომა მისი უსაფრთხოების და ღირსების დასაცავად.

რამიზ რამაზანოვი უკვე 2 დღეა სახლში არ იმყოფება. მისი სახლის გარშემო პოლიციაა მობილიზებული. ოჯახის წევრების განმარტებით, რამიზ რამაზანოვი მათთან კონტაქტზეა, თუმცა მისი ადგილსამყოფელი და ზუსტად რა ხდება მასთან, არ იციან. ამ დრომდე შინაგან საქმეთა სამინისტროს ან სხვა უწყებას ოფიციალური განმარტება არ გაუკეთებია.

ადგილობრივი ოპოზიციონერი დეპუტატის, ჰუსეინ ჰუსეინოვის მტკიცებით, რამდენიმე დღის წინ რამიზ რამაზანოვმა მას უთხრა, რომ „ან ხმა უნდა მისცეს “ოცნების" თავმჯდომარეობის კანდიდატს, ან თავი უნდა მოიკლას." რამაზ რამაზანოვი დმანისის საკრებულოში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მხარდაჭერით შესული მაჟორიტარი დეპუტატია. ის პირველად არის საკრებულოს წევრი, მანამდე კი დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელი ზემო ორუზმანის საჯარო სკოლის დირექტორი იყო. ჩვენს მიერ ადგილობრივებისგან მოპოვებული ინფორმაციით, რამიზი საქმეს კარგად უძღვებოდა. თუმცა 2 კვირის წინ საგანგებო, განმეორებითი ინსპექტირების შემდეგ მოულოდენლად, საკუთარი განცხადებით დატოვა სამსახური.

დმანისის საკრებულოში ხელისუფლებასა და ოპოზიციის შორის ხმები თანაბრადაა გაყოფილი, რის გამოც „ქართული ოცნება“ საკრებულოს თავმჯდომარედ საკუთარი წარმომადგენლის არჩევას ვერ ახერხებს. ამ ფონზე ჩნდება ეჭვი, რომ რამიზ რამაზანოვის გარშემო მიმდინარე პროცესები მმართველი გუნდის მხრიდან მისი  მხარდაჭერის მოპოვების და ამისთვის მისი პოლიტიკური შევიწროების მიზანს ატარებს.

ადგილობრივ დონეზე ძალაუფლების კონსოლიდაციისთვის ხელისუფლების მიერ გამოყენებული ინსტრუმენტები მიუღებელია. ის არსებითად აზიანებს დემოკრატიულ პროცესებს. ბოლო წლებში ჩვენს ქვეყანაში დაფიქსირდა უმძიმესი გამოცდილება, როდესაც სავარაუდო პოლიტიკური შევიწროების და ზეწოლის გამო ადამიანების ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა, რიგ შემთხვევებში კი, ადამიანების სიკვდილით დამთავრდა (მაგალითად, ია კერზაიას საქმე, ნუგზარ ფუტკარაძის საქმე). როგორც ჩანს, პერიფერიებში ამგვარ პრატიკას  კიდევ უფრო მძიმე და შიშველი ფორმები აქვს.

მედიაში გავრცელებული ინფორმაცია სკოლის დირექტორების უკანონო მიყურადებისა და მასობრივი კონტროლის შესახებ შემაშფოთებელია. ის საგანმანათლებლო დაწესებულებების პოლიტიკური ინსტრუმენტალიზების, ისევე, როგორც ადამიანის უფლებების შეზღუდვის უმძიმესი ფორმაა. ამასთან, პოლიტიკურ პროცესებში სამართალდამცავი ორგანოების გამოყენება კიდევ უფრო შემაშფოთებელი ჩანს. ეს აზიანებს მათ მიმართ საზოგადოებრივ ნდობას.

ამგვარი გამოცდილებები მოქალაქეებს უკარგავს ნდობას პოლიტიკური პროცესების მიმართ და პარალიზების ეფექტი აქვს მათი პოლიტიკური მონაწილეობის თვალსაზრისით. ცხადია, რომ ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში ამგავრ პრაქტიკას დამატებითი სოციალური  შინაარსი აქვს, მით უფრო, რომ რამდენიმე თვის წინ დმანისი მძიმე დაძაბულობის ადგილი იყო.

ამ პირობებში ხელმომწერი ორგანიზაციები მოვუწოდებთ:

შინაგან საქმეთა სამინისტროს

უზრუნველყოს რამიზ რამაზანოვის დაბრუნება სახლში. მისი უსაფრთხოების, თავისუფლების და ღირსების დაცვა;

საქართველოს პროკურატურას

დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება რამიზ რამაზანოვის სავარაუდო პოლიტიკური დევნის ფაქტებზე და საზოგადოებას მიაწოდოს ინფორმაცია პროცესის შესახებ;

პარტია „ქართულ ოცნება-დემოკრატიული საქართველოს”

გაიაზროს ამგვარი ქმედებების მძიმე პოლიტიკური და სოციალური შედეგი და პროცესები დემოკრატიულ ჩარჩოში დააბრუნოს.  

სოციალური სამართლიანობის ცენტრი

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია

საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI)

ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC)