განცხადებები

ელექტრონული ტექნოლოგიით არჩევნების ჩატარების სიმულაციის შეფასება

საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ კანონპროექტის მიხედვით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენება იგეგმება. ცვლილებების მიხედვით, საარჩევნო უბანზე მისულ ამომრჩეველთა რეგისტრაცია, ხმის მიცემის, დათვლისა და შედეგების შეჯამების პროცედურებში ელექტრონული საშუალებების ინტეგრირება იგეგმება. სწორედ, აღნიშნული ინიციატივის ფარგლებში, 2021 წლის 12 ივნისს, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, ელექტრონული ტექნოლოგიების მოდელის სიმულაცია განხორციელდა.  დაიტესტა როგორც ელექტრონული ტექნოლოგიებით, ასევე სტანდარტული პროცედურებით ჩატარებული კენჭისყრის პროცესი.

“სამართლიანი არჩევნები“ აკვირდებოდა ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით ცესკოში მიმდინარე კენჭისყრის დღის სიმულაციის პროცესს, როგორც კენჭისყრის მიმდინარეობისას, ასევე შედეგების შეჯამების დროს. აღსანიშნავია რომ წარმოდგენილი რეკომენდაციები ეფუძნება პროცესზე პირველადი დაკვირვების შედეგად გამოვლენილ მიგნებებს. ცესკოს მიერ ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით კენჭისყრის პროცედურების მომწესრიგებელი სამართლებრივი აქტის გამოცემის შემდეგ, „სამართლიანი არჩევნები“ მეტად დეტალურ შეფასებასა და რეკომენდაციებს წარმოუდგენს საზოგადოებას. 

სიმულაციაში მონაწილეობდნენ საარჩევნო ადმინისტრაციის, პოლიტიკური პარტიების, სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლები.  სიმულაციამდე, ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ, პოლიტიკური პარტიების მონაწილეობით, შემუშავდა ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით კენჭისყრისა და ხმის დათვლის პროცედურები. ძირითად სიახლეს წარმოადგენს:  

  • სპეციალური ელექტრონული პროგრამით ამომრჩევლის სახის ამოცნობის პროცედურის შემოღება, რომლის მიზანია საარჩევნო უბანში არარეგისტრირებული ამომრჩევლის მიერ ხმის მიცემისა და ე.წ. „კარუსელის“ გამორიცხვა;
  • სწრაფი რეაგირების კოდისა და უნიკალური ნომრის შემცველი  ორი ყუის მქონე საარჩევნო ბიულეტენის შემოღება, რომლის კოდები სპეციალური წამკითხველის მიერ იდენტიფიცირდება და აზღვევს ბიულეტენის უკანონოდ შეცვლას/გატანას;
  • ხმის მისაცემად, კალმის ნაცვლად, სპეციალური შტამპის შემოღება, რომელსაც ამომრჩეველი დასვამს სასურველი სუბიექტის გასწვრივ; 
  • საუბნო საარჩევნო კომისიაში განთავსებულ სპეციალურ ეკრანზე, უბანზე მყოფ პირებს შეეძლებათ, თვალი ადევნონ ამომრჩევლის იდენტიფიცირების პროცესს; 
  • ბიულეტენების დათვლისას, ვიდეო გადაღება და ბიულეტენების სკანირება.

აღსანიშნავია, რომ პროცესის ყველა მონაწილის მხრიდან შეინიშნებოდა ინტერესი და მაღალი ჩართულობა, რაც პროცესს ინკლუზიურს ხდიდა. ახალი ტექნოლოგიების და პროცედურების გამოყენების სიმულაციის პროცესში გამოვლინდა გარკვეული  ხარვეზები, რომელთა გათვალისწინება ,,სამართლიან არჩევნებს“ საყურადღებოდ მიაჩნია,  საარჩევნო პროცესში ელექტრონული ტექნოლოგიების მარეგულირებელი საკანონმდებლო ჩარჩოს შემუშავებისა და მისი აღსრულების პროცესის გამართულობის უზრუნველსაყოფად.

 

საარჩევნო უბნის გახსნა და კენჭისყრის პროცესი

სიმულაციური საარჩევნო კომისია 17 წევრისაგან შედგებოდა, აქედან 8 წევრი ცესკოს საარჩევნო პროცესების მართვის დეპარტამენტიდან იყო შერჩეული, ხოლო 9 წევრი წარადგინეს იმ პოლიტიკურმა პარტიებმა, რომლებსაც  ,,საარჩევნო კოდექსის“ ცვლილებების პროექტით  საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების დანიშვნის უფლებამოსილება ექნებათ. სიმულაციის დღეს, ამომრჩეველთა ერთიან სიაში რეგისტრირებული იყო 823, ხოლო გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში - 4 ამომრჩეველი.  მოხალისე ამომრჩევლებს წარმოადგენდნენ პარტიების მიერ წინასწარ რეგისტრირებული პირები. 

საარჩევნო უბნის გახსნის შემდეგ, ჩატარებული წილისყრის შედეგად, შეირჩა 4 რეგისტრატორი კომისიის წევრი, რის შემდეგაც ჩატარდა მორიგი წილისყრა ნაკადის მომწესრიგებელი, საარჩევნო ყუთის ზედამხედველი და გადასატანი საარჩევნო ყუთის წამღები კომისიის წევრების გამოსავლენად. ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით,  ერთი ამომრჩევლის მიერ ხმის მისაცემად საჭირო დრო, საშუალოდ 3-4 წუთამდე მერყეობდა. 

 

ელექტრონული ტექნოლოგიების  გამოყენებით ხმის მიცემის პროცესი

კენჭისყრის ოთახში შესვლისას, ამომრჩეველი ამომრჩეველთა ნაკადის მომწესრიგებელთან გადიოდა მარკირების შემოწმებისა და ამომრჩევლის სახის შესაბამისობის შემოწმების პროცედურას. 

 

ნაკადის მომწესრიგებელი:

  • სთხოვდა ამომრჩეველს  პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენას;
  • ულტრაიისფერი ფარნით ამოწმებდა, ჰქონდა თუ არა ამომრჩეველს მარკირება;
  • მიუთითებდა ამომრჩეველს გაევლო სახის ამოცნობის პროცედურა. ამომრჩეველი სახის ამოცნობის პროცედურის გავლის მიზნით, ელექტრონულ სიაში ამომრჩევლის პირადი ნომერი შეჰყავდათ;
  • სახის შემოწმება გულისხმობდა სპეციალურ ელექტრონულ მოწყობილობაში (პლანშეტი) არსებული პროგრამის საშუალებით, ამომრჩევლის სახისა და ამომრჩეველთა სიაში არსებული მისი ფოტოსურათის შედარებას. პროგრამა ახდენდა პირის იდენტიფიკაციას;
  • პროგრამა, ასევე, ავლენს ამომრჩევლის მიერ განმეორებით ხმის მიცემის მცდელობას. 

 

გამოვლენილი ხარვეზები: 

  • 8  შემთხვევაში, სახის ამოცნობის პროცედურის გავლის ეტაპზე, სპეციალურ მოწყობილობაში (პლანშეტი) ამომრჩევლის პირადი მონაცემების შეყვანის შემდეგ, ვერ მოხერხდა სიაში ამომრჩევლის მოძიება. პრობლემა გამოწვეული იყო ელექტრონული სისტემის შეფერხებით. ნაკადის მომწესრიგებელმა კომისიის წევრმა დამოუკიდებლად ვერ შეძლო პრობლემის მოგვარება და ტექნიკური დახმარება გახდა საჭირო; 
  • ნაკადის მომწესრიგებელ კომისიის წევრს უჭირდა სპეციალური ელექტრონული მოწყობილობის გამოყენებით ზედმიწევნით შეესრულებინა ფუნქციები, რადგან მისი მოვალეობები, ახალი ტექნოლოგიის შემოტანით,  გაიზარდა. სიმულაციის პროცესში მას მონაცვლეობით ეხმარებოდნენ კომისიის სხვა წევრები. ტექნოლოგიების დანერგვის შემთხვევაში, საარჩევნო უბანზე 17 წევრისგან შემდგარი კომისიის არსებობის პირობებში, შესაძლებელია გაჩნდეს ნაკადის მომწესრიგებელი კომისიის წევრის ფუნქციების გაყოფის საჭიროება, რათა ერთ პირს არ დაეკისროს ერთდროულად ბევრი მოვალეობის შესრულების ვალდებულება;
  • 10-ზე მეტ შემთხვევაში, ნაკადის მომწესრიგებელი კომისიის წევრის მიერ  მარკირების შემოწმების პროცედურა არ ჩატარებულა;
  • 4 შემთხვევაში, ამომრჩევლის სახის შემოწმების პროცედურის გავლის შემდეგ სპეციალურმა ელექტრონულმა მოწყობილობამ ამომრჩევლის სახე და სპეციალურ ელექტრონულ მოწყობილობაში არსებული ფოტოსურათი ერთმანეთთან შეუსაბამოდ მიიჩნია, მაშინ როცა ისინი შესაბამისი იყო. 

 

ამომრჩეველთა რეგისტრატორი:

  • სთხოვდა ამომრჩეველს, წარმოედგინა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
  • ამოწმებდა პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტში არსებული და ამომრჩეველთა სიაში არსებული მონაცემების შესაბამისობას, რის შემდეგ უკეთებდა მარკირებას.
  • ამომრჩეველი ხელს აწერდა ამომრჩეველთა სიის სათანადო გრაფაში, რითაც ადასტურებდა საარჩევნო ბიულეტენის (ბიულეტენების) მიღებას;
  • წარმოდგენილი იყო ახალი ნიმუშის ბიულეტენი, რომელსაც აქვს ორი მოსახევი ყუა. ყუაზე დატანილია სწრაფი რეაგირების კოდი და უნიკალური ნომერი; 
  • ამომრჩეველთა რეგისტრატორი ამომრჩეველზე საარჩევნო ბიულეტენის (ბიულეტენების) გაცემისას, საარჩევნო ბიულეტენს (ბიულეტენებს) ცალ მხარეზე ახევდა ყუას და მოხეულ ყუებს ატარებდა სწრაფი რეაგირების კოდისა და უნიკალური ნომრის წამკითხველ სპეციალურ ელექტრონულ მოწყობილობაში; 
  • სტანდარტული პროცედურებით ხმის მიცემის დროს, საარჩევნო ბიულეტენის (ბიულეტენების) გაცემისას, ამომრჩეველთა რეგისტრატორი საარჩევნო ბიულეტენებს ცალ მხარეზე ახევდა ყუას, ამაგრებდა ამომრჩევლის სპეციალურ ბარათზე და გადასცემდა ამომრჩეველს;
  • ამომრჩეველი შედიოდა კენჭისყრის კაბინაში და ავსებდა საარჩევნო ბიულეტენს/ბიულეტენებს. სიახლეს იყო ის, რომ ამომრჩეველი სასურველი საარჩევნო სუბიექტის რიგით ნომერს ამოწმებდა კენჭისყრის კაბინაში განთავსებული ხმის მისაცემი შტამპით. 

 

გამოვლენილი ხარვეზები:

  • 7 შემთხვევაში,  პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტში არსებული და ამომრჩეველთა სიაში არსებული მონაცემების შესაბამისობის შემოწმების პროცესში,  სპეციალურ ელექტრონულ მოწყობილობაში (პლანშეტი) ამომრჩევლის პირადი მონაცემები არ იძებნებოდა. პრობლემა გამოწვეული იყო ელექტრონული სისტემის  შეფერხებით. ამის გამო, კომისიის რეგისტრატორმა წევრმა დამოუკიდებლად ვერ შეძლო პრობლემის აღმოფხვრა, და  ტექნიკური დახმარების აღმოჩენა გახდა საჭირო; 
  • საარჩევნო უბანზე კაბინების განლაგება ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის შესაძლებლობას ქმნიდა;
  • საყურადღებოა, რომ რიგ შემთხვევებში ხმის მიცემის შემდეგ, დაკეცილი ბიულეტენის უკანა მხარეს შესამჩნევი იყო შტამპის მელანი. ეს ქმნიდა ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის რისკს;

 

ყუთის ზედამხედველი

  • ხმის მიცემის შემდეგ, ამომრჩეველი მიდიოდა საარჩევნო ყუთთან. საარჩევნო ყუთის ზედამხედველი კომისიის წევრი ამომრჩევლის მიერ დაკეცილ საარჩევნო ბიულეტენს ახევდა მეორე მხარეს დარჩენილ ყუას და მოხეულ ყუებს ატარებდა სწრაფი რეაგირების კოდისა და უნიკალური ნომრის წამკითხველ სპეციალურ ელექტრონულ მოწყობილობაში;
  • ცესკოს მიერ გაწერილი ინსტრუქციით, ყუთთან მისული ამომრჩევლის ბიულეტენზე, დარჩენილ მეორე ყუას ახევდა კომისიის ყუთის ზედამხედველი წევრი. ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის თავიდან ასაცილებლად ადგილზე გადაწყდა რომ ყუა ამომრჩეველს თავად მოეხია; 
  • ამის  შემდეგ ზედამხედველი ხსნიდა საარჩევნო ყუთის ჭრილს, ამომრჩეველი ყუთში აგდებდა ბიულეტენს და ტოვებდა უბანს. ყუთში მოთავსებულ ბიულეტენებზე ზოგჯერ, შესამჩნევი იყო ამომრჩევლის არჩევანი, რადგან არჩევანის მოსანიშნი ბეჭდის მელანი აღწევდა ფურცლის მეორე მხარეს;
  • აღსანიშნავია, რომ საარჩევნო ყუთთან დგებოდა რიგი, რადგან დროულად ვერ ხერხდებოდა ამომრჩევლის მომსახურება.

 

გამოვლენილი ხარვეზები: 

  • რამდენიმე შემთხვევაში, ამომრჩევლის მიერ ბიულეტენის მეორე მხარეს დარჩენილი ყუის მოხევის პროცესში დაზიანდა ბიულეტენი;
  • ამომრჩეველს უჭირდა ბიულეტენის ყუის ჩამოხევა, რადგან საკმარისად პერფორირებული ხაზით არ იყო გამოყოფილი;  
  • ბიულეტენის ფორმის შეცვლის გამო,  ის აღარ თავსდებოდა  სპეციალურ კონვერტში.
  • ამომრჩევლის მიერ ბიულეტენის ყუთში ჩაგდების შემდეგ, ზოგჯერ კეცვადი (გარმონისებური) ბიულეტენიდან ჩანდა ამომრჩევლის არჩევანი. 

 

შედეგების დათვლა და შეჯამება

საარჩევნო ბიულეტენების დახარისხების შემდეგ, კომისია მსჯელობდა ზოგი ბიულეტენის ნამდვილობის საკითხის შესახებ, რადგან ყველა შემთხვევაში ნათელი არ იყო, რომელ სუბიექტთან დასვა ამომრჩეველმა შტამპი. 

ბიულეტენების ხელით დათვლის შემდეგ, ბიულეტენების დასკანერება სკანერის აპარატის საშუალებით განხორციელდა. აპარატს მხოლოდ სკანერის ფუნქცია აქვს და ხმის დათვლაში არ მონაწილეობს.

 

რეკომენდაციები: 

სიმულაციის პროცესში არსებული ხარვეზებიდან გამომდინარე, ,,სამართლიან არჩევნები“ მიიჩნევს, რომ ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვის პროცესში საჭიროა შემდეგი საკითხების გათვალისწინება: 

 

  • მნიშვნელოვანია,  სახელმწიფომ გაითვალისწინოს ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვის საერთაშორისო სტანდარტები და პრინციპები. ამასთან, შეიმუშაოს კონკრეტული  გეგმა და გაწეროს რა ვადებში დანერგავს  ელექტრონული ტექნოლოგიებს საარჩევნო პროცესში;
  • ახალი ტექნოლოგიების დანერგვის ნებისმიერი მცდელობისას, აუცილებელია საარჩევნო ადმინისტრაციამ ყველა დაინტერესებულ მხარესთან ინკლუზიური მუშაობითა და დიალოგის გზით, გააანალიზოს ტექნოლოგიების შესაძლო სარგებლისა თუ რისკების საკითხი და  შესაბამისად, დახვეწოს რეგულაციები;
  • ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვის კვალდაკვალ, მნიშვნელოვანია, შემოღებულ იქნას ისეთი უსაფრთხოების სტანდარტები, რაც სისტემის საიმედოობის და ამომრჩევლის პირადი მონაცემების დაცულობის გარანტი იქნება;
  • პერსონალური მონაცემების შესაძლო უკანონო დამუშავებისა და გამოყენების საფრთხეების პრევენციის მიზნით, სასურველია, სამუშაო პროცესში ჩაერთოს სახელმწიფო ინსპექტორი სამსახური.
  • მნიშვნელოვანია, შემუშავდეს დეტალური საკანონმდებლო ჩარჩო  ხმის მიცემის ელექტრონული ტექნოლოგიების გამოსაყენებლად, მათ შორის საქართველოს ორგანულ კანონში  ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსში” მოხდეს ელექტრონული  ტექნოლოგიების საარჩევნო პროცესში გამოყენების ძირითადი პრინციპებისა და საარჩევნო პროცედურების რეგულირება და შემუშავდეს იმგვარი პროცედურები, რომ შშმპ პირებს, ხანდაზმულებს ან სხვა ამომრჩეველს არ შეეზღუდოს აქტიური საარჩევნო უფლება;
  • ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ უნდა უზრუნველყოს საარჩევნო კომისიის წევრების სათანადოდ მომზადება და ამომრჩეველთა ინფორმირება ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით კენჭისყრის მიმდინარეობის შესახებ;
  • ტექნოლოგიების შედეგად საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების ფუნქციების ზრდის გამო, შესაძლებელია ნაკადის მომწესრიგებელი და საარჩევნო ყუთის ზედამხედველი კომისიის წევრების ფუნქციები გადანაწილდეს კომისიის დამატებით ორ წევრზე; 
  • საარჩევნო უბნებზე კაბინები იმგვარად უნდა განთავსდეს, რომ უზრუნველყოს ხმის მიცემის ფარულობა;
  • უნდა შეიცვალოს ხმის მისაცემი შტამპის მელანი ან ბიულეტენის ქაღალდის სისქე, რათა შესაძლებელი არ გახდეს ამომჩევლის არჩევანის გაგება; 
  • კეცვადი ბიულეტენის გაშლის შედეგად, ფარულობის დარღვევის გამორიცხვის მიზნით, შესაძლებელია ბიულეტენი მოთავსდეს კონვერტში;
  • ბიულეტენი და მისი ყუები ერთმანეთისაგან მკვეთრად პერფორირებული ხაზით უნდა გამოიყოს, რათა ამომრჩეველმა ზედმეტი ძალისხმევისა და ბიულეტენის დაზიანების/გაფუჭების გარეშე შეძლოს  მისი ჩამოხევა;
  • ხმის მიცემის პროცესში შტამპის გამოყენების დანერგვისას, მნიშვნელოვანია, დეტალურად განისაზღვროს ბიულეტენების ბათილად მიჩნევს წინაპირობები;
  • ტექნიკური ხარვეზების გაჩენის მაღალი ალბათობის გამო, გათვალისწინებული უნდა იყოს შესაბამისი პერსონალის არსებობა;
  • აღსანიშნავია, რომ ზემოაღწერილ სიმულაციებში მონაწილეობდნენ ცესკოს თანამშრომლები და პარტიები, რომელთაც შედარებით მეტი ცოდნა და გამოცდილება აქვთ, მათ შორის ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენების მხრივ, ამასთან ჩართულნი იყვნენ ამ პროცედურების შემუშავებაში. ამდენად, მნიშვნელოვანია, უკვე გამოვლენილი ხარვეზების აღმოფხვრის შემდეგ, სიმულაციები ჩატარდეს რეგიონებში, აუცილებლად საუბნო საარჩევნო კომისიის ყოფილი წევრების მონაწილეობით, რათა ნათლად გამოჩნდეს, რამდენად გაართმევენ თავს დაკისრებულ მოვალეობებს. ასევე, აუცილებელია, კენჭისყრის დღის სიმულაცია ყველა რეგიონში ჩატარდეს; 
  • მნიშვნელოვანია, პროცედურების დახვეწის მომდევნო ეტაპზე, და შემდეგ სიმულაციებში ჩართულნი იყვნენ შესაბამისი გამოცდილების სადამკვირვებლო ორგანიზაციები.