ENEMO აზერბაიჯანს ანარ მამადლის დაუყოვნებლივ განთავისუფლებისკენ მოუწოდებს
“არჩევნების სადამკვირვებლო ორგანიზაციების ევროპული ქსელი" (ENEMO) აზერბაიჯანის მთავრობას კიდევ ერთხელ მოუწოდებს, დაუყოვნებლივ გაანთავისუფლოს პატიმრობიდან “საარჩევნო მონიტორინგისა და დემოკრატიის სწავლების ცენტრის” (EMDS) თავმჯდომარე ანარ მამამადლი.
2013 წლის ოქტომბერში, აზერბაიჯანის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, ანარ მამადლი დააპატიმრეს და 5.5 წლით მიუსაჯეს პატიმრობა, იმ პერიოდში, როცა უფლებადამცველი კოლეგებთან ერთად საარჩევნო პროცესების ამსახველ მნიშვნელოვან ანგარიშს აქვეყნებდა.
ENEMO -ს მიაჩნია, რომ ანარ მამადლი, EMDS-ის სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში კანონიერ და მშვიდობიან საქმიანობას ეწეოდა, საერთაშორისოდ აღიარებული „სამოქალაქო ორგანიზაციების მიერ „არა-პარტიული საარჩევნო დაკვირვებისა და მონიტორინგის გლობალური პრინციპების დეკლარაციით“ გათვალისწინებული მონიტორინგის სტანდარტების შესაბამისად.
ორგანიზაცია EMDS, რომელსაც მამადლი ხელმძღვანელობდა, მთავრობას მწვავედ აკრიტიკებდა საარჩევნო დარღვევებისა და გაყალბებებისათვის, რაც აჩენს მყარ ეჭვს იმის თაობაზე, რომ აზერბაიჯანელი უფლებადამცველების დაპატიმრება გაყალბებული სამართლებრივი გარემოებების საფუძველზე მოხდა.
აზერბაიჯანში განხორციელებული უფლებადამცველთა დაპატიმრებები წარმოადგენს ზეწოლას სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წინააღმდეგ და მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას. აზერბაიჯანულ არა-სამთავრობო ორგანიზაციებს უკვე დიდი ხანია არაერთი დაბრკოლების ფონზე უწევთ თავიანთი საქმიანობის განხორციელება; თუმცა, მათი მდგომარეობა განსაკუთრებით დამძიმდა ხელისუფლების მიერ განხორციელებული ბოლოდროინდელი საკანონმდებლო ცვილებებით, რომელთა მიზანსაც სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წინააღმდეგ ბიუროკრატიული დაბრკოლებების შექმნა და მათი პოზიციების შესუსტება წარმოადგენს.
ახალი საკანონმდებლო ცვლილებებით, არასამთავრობო ორგანიზაციებს შეეზღუდათ უცხოური დაფინანსების ხელმისაწვდომობა, დაწესდა ახალი ჯარიმები და გაფართოვდა არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის დროებით შეჩერების საფუძვლების ჩამონათვალი.
ENEMO -ს მიაჩნია, რომ აღნიშნული საკანონმდებლო პროცედურები, კანონის უზენაესობის უზრუნველყოფის ნაცვლად, ემსახურება სამოქალაქო საზოგადოებაზე ზეწოლას, მათი საქმიანობისა და ხელისუფლების წინააღმდეგ გამოხატული კრიტიკული მოსაზრებების გამო.
არაერთი საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ უფლებადამცველთა დაპატიმრებები პოლიტიკურად მოტივირებულია. ისინი აზერბაიჯანის ხელისუფლებას დაპატიმრებულთა განთავისუფლებისკენ მოუწოდებენ. 2014 წლის იანვარში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეისათვის წარდგენილ წერილობით დეკლარაციაში, ევროპის საბჭოს წევრი სახელმწიფოების პარლამენტარები, აზერბაიჯანის ხელისუფლებას ანარ მამადლის წინასწარი პატიმრობიდან გათავისუფლებისკენ მოუწოდებდნენ. ორგანიზაცია Amnesty International, რომელიც ანარ მამადლის „სინდისის პატიმრად“ მიიჩნევს, აცხადებს, რომ მისი დაპატიმრება გამოხატვისა და შეკრების კანონით მინიჭებული თავისუფლების განხორციელებისათვის მოხდა. ორგანიზაცია უფლებადამცველის დაუყოვნებელ და უპირობო განთავისუფლებას ითხოვს2.
ENEMO აზერბაიჯანის ხელისუფლებას ანარ მამადლის წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებების მოხსნისკენ და მისი დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ მოუწოდებს. ჩვენ მივმართავთ ევროკავშირს, ევროპის საბჭოსა და სხვა შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციებს და მოვუწოდებთ, მკაცრად დაგმონ აზერბაიჯანელი ადამიანის უფლებების დამცველი აქტივისტების დაპატიმრება და აზერბაიჯანის მთავრობაზე განახორციელონ მაქსიმალური ზეწოლა, რათა მან შეწყვიტოს არა-სამთავრობო ორგანიზაციების შევიწროვება და ადამიანის უფლებების შესახებ ევროპული კონვენციით ნაკისრი ვალდებულებები შეასრულოს.
აზერბაიჯანის ხელისუფლებას აგრეთვე მოვუწოდებთ, უფლებადამცველთა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისათვის უზრუნველყოს გარემო, სადაც მათ საკუთარი საქმიანობის განხორციელება შიშისა და ზეწოლის გარეშე შეეძლებათ.
“არჩევნების სადამკვირვებლო ორგანიზაციების ევროპული ქსელი” (ENEMO) წარმოადგენს ადგილობრივი დამოუკიდებელი არაპარტიული არასამთავრობო ორგანიზაციების გაერთიანებას, რომელიც მხარს უჭერს დემოკრატიულ განვითარებასა და მოქალაქეთა მონაწილეობას პოლიტიკურ პროცესებში. ENEMO შედგება ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის და ცენტრალური აზიის 17 ქვეყნის (მათ შორის ევროკავშირის წევრი 3 ქვეყნის) 22 წამყვანი ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციისაგან. ENEMO დაარსდა ხორვატიაში, 2001 წლის 29 სექტემბერს. მისი წევრები არაპარტიულობის, მიუკერძოებლობის, გამჭვირვალობის, ობიექტურობისა და სიზუსტის პრინციპებით ხელმძღვანელობენ და მხარს უჭერენ თავისუფალი და გამჭვირვალე არჩევნების საერთაშორისო სტანდარტებს, აგრეთვე სამოქალაქო განათლების, ჩართულობისა და გაძლიერების საშუალებებსა და მექანიზმებს.
ENEMO-ს წევრი ორგანიზაციებია: სამოქალაქო ინიციატივების ცენტრი - ბოსნია და ჰერცოგოვინა; დემოკრატიული ტრანზიციის ცენტრი - მონტენეგრო; თავისუფალი არჩევნებისა და დემოკრატიის ცენტრი - სერბეთი, დემოკრატიისა და სამოქალაქო საზოგადოების კოალიცია – ყირგიზეთი; უკრაინელ ამომრჩეველთა კომიტეტი - უკრაინა; საარჩევნო მონიტორინგის ცენტრი - აზერბაიჯანი; GONG – ხორვატია; სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება – საქართველო, ეს შენი არჩევანია – სომხეთი; მოქალაქეთა გაერთიანება MOST – მაკედონია; პრო-დემოკრატული ასოციაცია – რუმინეთი; დამოუკიდებელ მონიტორთა რესპუბლიკული ქსელი - ყაზახეთი; Golos – რუსეთი; Obcianske Oko – სლოვაკეთი, ბელარუსის ჰელსინკის კომიტეტი - ბელარუსი, დემოკრატიული კულტურის საზოგადოება - ალბანეთი; მონიტორინგის ცენტრი - მონტენეგრო; Viasna – ბელარუსი, Promo LEX – მოლდოვა; KRIIK - ალბანეთი ადამიანის უფლებების ცენტრი "Viasna" – ბელარუსი; სამოქალაქო ინიციატივების მხარდაჭერის ფონდი - ყაზახეთილ კოსოვოს დემოკრატიული ინსტიტუტი - კოსოვო.
1. http://bit.ly/1HoVLEp
2. https://www.amnesty.org/en/documents/eur55/013/2013/en/