ENEMO მოუწოდებს რუსეთის მთავრობას, რომ შეაჩეროს Golos-ზე განხორციელებული ზეწოლა
ENEMO მოუწოდებს რუსეთის მთავრობას, რომ შეაჩეროს Golos-ზე განხორციელებული ზეწოლა
„სადამკვირვებლო ორგანიზაციების ევროპული ქსელი” (ENEMO) მკაცრად გმობს ENEMO-ს წევრი რუსული სადამკვირვებლო ორგანიზაციის, Golos-ის წინააღმდეგ განხორციელებულ სახელმწიფო ზეწოლის ფაქტებს.
2015 წლის 7 ივლისს განხორციელდა Golos-ის საბჭოს თანათავმჯდომარეთა, გრიგორ მელკონიანცის და რომან უდოტის, აგრეთვე Golos-ის რეგიონთშორისი ოფისის დირექტორის, ტატიანა ტროინოვას სახლების ჩხრეკა. იმავე დღეს განხორციელდა ორგანიზაციის მოსკოვის ოფისის ჩხრეკაც. ჩხრეკის პროცესში, რომელიც მნიშვნელოვანი დარღვევების ფონზე ჩატარდა, დოკუმენტები და ელექტრონული ხელსაწყოები იქნა ამოღებული. აღნიშნული გამოძიება წარმოადგენს სახელმწიფოს მიერ “Golos-Volga”-ს უფროსის, ლიუდმილა კუზმინას წინააღმდეგ წარმოებული საქმის ნაწილს. ქალბატონ კუზმინას სახელმწიფო ედავება 2010-2011 წლებში Golos-ის ფონდის მიერ ქველმოქმედების მიზნით გადარიცხული თანხიდან საშემოსავლო გადასახადისგან თავის არიდებას. აღსანიშნავია, რომ აპრილის თვეში ქალბატონ კუზმინას პროკურატურა დაემუქრა ფსიქიატრიული გამოკვლევის ჩატარებით.
მნიშვნელოვანია, აღვნიშნოთ, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც Golos-ის წინააღმდეგ სახელმწიფო არაკანონიერ ზეწოლას ახორციელებს. სახელმწიფოს მხრიდან 2011 წლის საპარლამენტო არჩევნების და 2013 წლის ქალაქ მოსკოვის მერის არჩევნების წინა პერიოდში განხორციელდა Golos-ის წინააღმდეგ არაკანონიერი ქმედებები. 2011 წელს Golos-ი დაჯარიმებულ იქნა „არჩევნების დარღვევის ინტერაქტიული რუკის“ გამოქვეყნებისათვის, რომელიც პროკურატურის მტკიცებით ეწინააღმდეგებოდა საარჩევნო კანონს. 2013 წელს კი Golos-ის მიერ „უცხოურ აგენტად“ დარეგისტრირებაზე უარის თქმის გამო, ორგანიზაცია დაჯარიმებულ იქნა და საქმიანობის წარმოების უფლება ჩამოერთვა. 2011 წლის დეკემბერს აღნიშნული ქმედებების დასაგმობად გამოქვეყნდა ENEMO-ს განცხადება.
ENEMO ღრმად შეშფოთებულია რუსეთის სახელმწიფოს მიერ დამოუკიდებელი სადამკვირვებლო ორგანიზაციის საქმიანობის შეზღუდვის და შევიწროების გამო. ENEMO მიიჩნევს, რომ განხორციელებული სახლის ჩხრეკა მიზნად ისახავს ქვეყანაში ამა წლის სექტემბრის თვეში დაგეგმილი ადგილობრივი არჩევნების პერიოდში ძლიერი სადამკვირვებლო ორგანიზაციის საქმიანობის შეზღუდვას. ეს შევიწროების ფაქტები წარმოადგენს სახელმწიფოს მიერ სამოქალაქო ორგანიზაციების წინააღმდეგ წარმოებული ზოგადი პოლიტიკის ნაწილს, რომლის მიზანიც არის ჩაახშოს კრიტიკულად განწყობილი ორგანიზაციების საქმიანობა ქვეყანაში.
წარმოადგენს რა Golos ყველაზე ფართო მოქალაქეთა სადამკვირვებლო ჯგუფს რუსეთში, მისი საქმიანობა მეტად მნიშვნელოვანია ქვეყანაში მიმდინარე არჩევნების გამჭვირვალედ ჩასატარებლად და არჩევნებისადმი მოქალაქეთა ნდომის ასამაღლებლად. Golos-ის საქმიანობის მუდმივობის შენარჩუნება მნიშვნელოვანია მით უფრო, რომ იგი ადგილობრივ დაკვირვებას ახორციელებს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.
ENEMO გმობს სამოქალაქო საზოგადოება Golos-ის წინააღმდეგ განხორციელებულ სისტემურ შევიწროებას. ქსელი მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, რომ პატივის სცეს ქვეყნის საერთაშორისო ვალდებულებებს და უზრუნველყოს სამოქალაქო ორგანიზაციათა საერთაშორისო უფლება- დააკვირდნენ არჩევნებს შეზღუდვების გარეშე.
„სადამკვირვებლო ორგანიზაციების ევროპული ქსელი” აერთიანებს 22 სამოქალაქო ორგანიზაციას ევროპისა და ცენტრალური აზიის 17 სახელმწიფოდან. მისი ქსელის წევრები არიან გამოცდილი საარჩევნო დამკვირვებლები აღმოსავლეთ, სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპიდან და ცენტრალური აზიიდან, რომელებიც, საერთაშორისო სტანდარტების დაცვით, აფასებენ არჩევნებთან დაკავშირებული პროცესების გამჭვირვალობასა და სამართლიანობას და წარმოადგენენ მიუკერძოებელ და თანმიმდევრულ ანგარიშს.
ENEMO-ს წევრი ორგანიზაციები არიან : სამოქალაქო აქტივობების ცენტრი - ბოსნია და ჰერცეგოვინა; დემოკრატიული ტრანზიციის ცენტრი – მონტენეგრო; თავისუფალი არჩევნების და დემოკრატიის ცენტრი – სერბია; დემოკრატიის და სამოქალაქო საზოგადოების კოალიცია – ყირგიზეთი; უკრაინელი ამომრჩევლების კომიტეტი - უკრაინა; არჩევნებზე მონიტორინგის ცენტრი– აზერბაიჯანი; GONG – ხორვატია; სამართლიანი არჩევნების და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება – საქართველო; ეს შენი არჩევანია – სომხეთი; მოქალაქეთა ასოციაცია MOST – მაკედონია; პრო-დემოკრატიული ასოციაცია – რუმინეთი; დამოუკიდებელი დამკვირვებლების რესპუბლიკური ქსელი – ყაზახეთი; ხმა – რუსეთი; Obcianske Oko – სლოვაკეთი; ბელარუსიის ჰელსინკის კომიტეტი – ბელარუსია; საზოგადოება დემოკრატიული კულტურისათვის – ალბანეთი; მონიტორინგის ცენტრი – მონტენეგრო; Promo LEX – მოლდოვეთი; KRIIK ალბანური ასოციაცია; ადამიანის უფლებათა ცენტრი Viasna – ბელარუსია; სამოქალაქო ინიციატივების მხარდაჭერის ფონდი – ყაზახეთი; კოსოვოს დემოკრატიული ინსტიტუტი – კოსოვო