'ეს შენ გეხება' მეჭიაურის და ლორთქიფანიძის განცხადებებს ეხმაურება
კამპანია “ეს შენ გეხება” ეხმაურება კოალიცია ქართული ოცნების წევრებისა და საქართველოს პარლამენტის დეპუტატების თამაზ მეჭიაურის და დავით ლორთქიფანიძის საჯაროდ გაკეთებულ განცხადებებს. თამაზ მეჭიაურმა ფარული ჩანაწერების გავრცელების შემთხვევასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ,,თანამდებობის პირებმა, რომლებზეც მაკომპრომატირებელი ჩანაწერი არსებობს, თანამდებობები უნდა დატოვონ”, ხოლო დავით ლორთქიფანიძემ პირდაპირ ეთერში გადაცემის წამყვანს მიმართა არაეთიკური ფრაზით.
კამპანია “ეს შენ გეხება” აღშფოთებას გამოთქვამს იმ განცხადებების გამო, რომლებიც გაჟღერებულ იქნა აღნიშნული პირების მიერ. ეს განცხადებები არის ფაქტობრივად იმ დანაშაულის ლეგიტიმაცია, რომელსაც ბოლო პერიოდში ჰქონდა ადგილი. დეპუტატები ფაქტობრივად არიან იმ ქმედებების თანამონაწილენი, რომელთა მიზანს კონკრეტული პირების და საზოგადოების შანტაჟი წარმოადგენდა. ჩნდება ეჭვი, რომ აღნიშნულ პირებს არ გააჩნიათ სახელმწიფოებრივი ხედვა, ასეთი ტიპის დანაშაულებთან მიმართებაში. მათი განცხადებები ჩრდილს აყენებს მთავრობის მეთაურის, საქართველოს პროკურატურის და სხვა მაღალჩინოსანთა განცხადებებს, აღნიშნულ ფაქტების ეფექტური გამოძიების საჭიროებასთან დაკავშირებით. ასევე ვფიქრობთ, რომ დეპუტატების მიერ გაკეთებული განცხადებები ცალსახად წარმოადგენს უკვე ჩადენილი თუ სავარაუდოდ დაანონსებული დანაშაულების გამართლებასა და წახალისებას.
კიდევ ერთხელ ცალსახად ვაცხადებთ, რომ ეს ქმედება კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ფარული ჩანაწერების საჯაროდ გავრცელების შესახებ კოალიცია “ქართული ოცნების” დამოკიდებულებას და პოლიტიკურ ნებას - მოხდეს ამ კონკრეტული დანაშაულების დროული და ეფექტური გამოძიება.
აქედან გამომდინარე, მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს ადეკვატური რეაგირება მოახდინოს ამ განცხადებებთან დაკავშირებით. დეპუტატებმა საჯაროდ ბოდიში უნდა მოიხადონ საზოგადოების წინაშე. პოლიტიკურმა პარტიებმა კი იზრუნონ, რომ მსგავსი დამოკიდებულებების მქონე პირები არ ახდენდნენ საზოგადოებამდე მცდარი გზავნილების მიტანას.