განცხადებები

ევროპულმა სასამართლომ 5 სამოქალაქო ორგანიზაციის დაყადაღების საქმეზე არსებითი განხილვა დაიწყო

2026 წლის 25 ივნისს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ხუთი ქართული სამოქალაქო ორგანიზაციის - „სოციალური სამართლიანობის ცენტრის", „სამოქალაქო საზოგადოების ფონდის", „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების", „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI)" და „საფარის" საბანკო ანგარიშების დაყადაღების თაობაზე საჩივარი დააკომუნიცირა, რაც საქმის არსებითი განხილვის დაწყებას გულისხმობს. ორგანიზაციებმა ევროპულ სასამართლოს 2025 წლის 15 ოქტომბერს მიმართეს.

აღნიშნულ სარჩელს ევროპულმა სასამართლომ მნიშვნელოვანი გავლენის მქონე საქმის სტატუსი მიანიჭა, რაც იმას ნიშნავს, რომ სასამართლო წინასწარ აფასებს, რომ აღნიშნულ საქმეს შეიძლება ჰქონდეს განსაკუთრებული გავლენა სასამართლოს პრაქტიკაზე, ეროვნულ კანონმდებლობასა და უფრო ფართო უფლებრივ და საზოგადოებრივ საკითხებზე.

საქმის არსებითი განხილვის ამ რეჟიმში დაწყება მნიშვნელოვანი გზავნილია საქართველოს ხელისუფლების მიმართ, რომ ნებისმიერი ქმედება, რომელიც მიზნად ისახავს სამოქალაქო საზოგადოების საქმიანობის შეზღუდვას, ადამიანის უფლებადაცვითი საქმიანობის კრიმინალიზებასა და დამოუკიდებელი ორგანიზაციების დევნას, დაექვემდებარება საერთაშორისო სამართლებრივ შეფასებას და ვერ დარჩება სათანადო რეაგირების გარეშე.

 

1. საქმის ფაქტობრივი გარემოებები და ეროვნულ დონეზე მიმდინარე პროცესები

როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, 2025 წლის 27 აგვისტოს, პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, შვიდი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციის საბანკო ანგარიშებს ყადაღა დაედო. ეს ორგანიზაციებია „სოციალური სამართლიანობის ცენტრი”, „საფარი”, „სამოქალაქო საზოგადოების ფონდი”, „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი” (IDFI), „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება”, „დემოკრატიის მცველები” და „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა” (GDI). პროკურატურის მტკიცებით, ყადაღის დადების შესახებ გადაწყვეტილებას საფუძვლად დაედო აღნიშნული ორგანიზაციების საქმიანობა და მათი ხელმძღვანელების მიერ გამოხატული მოსაზრებები თბილისში 2024 წელს მიმდინარე მასობრივ საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით.[1]

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საბანკო ანგარიშების ყადაღა განხორციელდა გამოძიების ფარგლებში, რომელიც დაიწყო 2025 წლის 8 თებერვალს „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ მოთხოვნით. გამოძიებას პროკურატურა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და შინაგან საქმეთა სამინისტრო ერთობლივად აწარმოებენ სისხლის სამართლის კოდექსის შემდეგი მუხლებით: 318-ე მუხლის 1-ელი ნაწილი (საბოტაჟი), 19-318-ე მე-2 ნაწილი (დამამძიმებელ გარემოებაში საბოტაჟის მცდელობა), 319-ე მუხლის (უცხოეთის ორგანიზაციისათვის და უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარება) და 3211-ე მუხლის (საქართველოს კონსტიტუციური წყობილებისა და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობის დაფინანსება ან ამგვარი საქმიანობის სხვაგვარი მატერიალური მხარდაჭერა). აღნიშნული დანაშაულები 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურის განცხადებები, ისევე როგორც სასამართლოს გადაწყვეტილება ყადაღის დადების თაობაზე სრულიად დაუსაბუთებელია და საქმეში არ არსებობს დანაშაულებრივი ქმედების დამადასტურებელი არც ერთი მტკიცებულება. 2024 წელს გამართული მასობრივი პროევროპული საპროტესტო აქციების დროს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების როლი გამოიხატებოდა საპოლიციო ძალების მიერ ადამიანის უფლებების უმძიმესი დარღვევების დოკუმენტირებაში, წამებისა და სასტიკი ძალადობის მსხვერპლი პროტესტის მონაწილეების, ასევე, უკანონოდ და თვითნებურად დაკავებული დემონსტრანტებისთვის უფასო იურიდიული დახმარების გაწევაში.

კერძოდ, პოლიციის მიერ სასტიკი ძალადობით დაშლილი აქციების დროს (რაც დადასტურებულია სახალხო დამცველის[2], ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა[3] და არა ერთი საერთაშორისო ორგანიზაციისა[4] და მექანიზმის[5] მიერ), ორგანიზაციების თანამშრომლებისა, რომლებიც ადგილზე შეკრებების მონიტორინგს ატარებდნენ და ასევე ადგილზე მომუშავე ჟურნალისტების უსაფრთხოებისთვის მხოლოდ რამდენიმე ერთეული დამცავი საშუალების შეძენა არ შეიძლება ჩაითვალოს კანონსაწინააღმდეგო ქმედებად. მით უფრო, რომ ორგანიზაციების მიერ შეძენილი არ ყოფილა არც ერთი კანონსაწინააღმდეგო ნივთი, მათი შესყიდვა კი ორგანიზაციის მიერ მოხდა დადგენილი პროცედურებით და სრულად გამჭვირვალედ, შესაბამისი დოკუმენტების შემოსავლების სამსახურში წარდგენის გზით, რაც კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ორგანიზაციები კანონიერი და საკუთარი თანამშრომლების და ჟურნალისტების სამუშაო პირობების უსაფრთხოების დაცვის კეთილსინდისიერი განზრახვით მოქმედებდნენ. უფრო მეტიც, არა ერთი საერთაშორისო რეკომენდაცია მოუწოდებს პროტესტების მონიტორინგისა და გაშუქების პროცესში ჩართულ ორგანიზაციებს მიიღონ სპეციალური ზომები საკუთარი თანამშრომლების უსაფრთხოების დასაცავად. [6]

შემაშფოთებელი და სრულად დაუსაბუთებელია პროკურატურის შეფასებები, რომელიც 2024 წლის გაზაფხულისა და შემოდგომის მასობრივ აქციებს ბლანკეტურად ძალადობრივად, არამშვიდობიანად მიიჩნევს და ამ პროტესტში მონაწილეობას ან მის მხარდაჭერას ავტომატურად კანონგარეშედ აცხადებს, რაც არ არის დადასტურებული არც ერთი ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ. პროტესტის მონაწილეების პოლიციასთან დაპირისპირების ცალკეული ეპიზოდები აუცილებლად უნდა გაიმიჯნოს მთლიანობაში მშვიდობიანი შეკრებისგან და როგორც არა ერთ ზემოთ აღნიშნულ მონიტორინგის დოკუმენტშია მითითებული, ის ხშირად პოლიციის ქმედებებით იყო განპირობებული.

გარდა ამისა, პროკურატურა ზოგიერთ შემთხვევაში სწავლობდა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ხელმძღვანელების მიერ პროტესტთან კავშირში გამოხატულ მოსაზრებებს. თუმცა აღნიშნულ მოსაზრებებზე გამოძიების ფარგლებში აპელირება ასევე დაუსაბუთებელია, რადგან გამოძიების ფარგლებში განხილული ყველა განცხადება და სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებული სტატუსი მშვიდობიან შინაარსს ატარებდა და გამოხატვის თავისუფლებით იყო დაცული. ევროპული კონვენციის მე-10 მუხლითა და ქართული კანონმდებლობის მიხედვით, გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევა[7] და მით უფრო სისხლისსამართლებრივი მექანიზმებით ჩარევა შეიძლება მოჰყვეს მხოლოდ იმგვარ გამოხატვას, რომელიც უკანონოდ და ძალადობრივი ქმედებისკენ მოწოდებაა და, რომელსაც შესაძლოა, მოყვეს მყისიერი და რეალური ძალადობა.[8] გამოძიების ფარგლებში სამოქალაქო საზოგადოების ხელმძღვანელების მიერ გამოხატული  მოსაზრებები არც ერთი უკანონო ქმედებისკენ მოწოდებას არ მოიცავდა, ისინი ყოველთვის მშვიდობიანი პროტესტის შინაარსს ატარებდა.

ამდენად, აშკარაა, რომ პროკურატურის მიერ დაწყებული გამოძიება და მრავალწლიანი უფლებადაცვითი საქმიანობის გამოცდილების მქონე, დამოუკიდებელი და კრიტიკული ორგანიზაციების ყადაღის შესახებ გადაწყვეტილება სრულიად უსაფუძვლოა და ლეგიტიმური ადამიანის უფლებადაცვითი საქმიანობის კრიმინალიზების, ასევე სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების პარალიზებისა და მათი საქმიანობის გაჩერების არალეგიტიმური მიზნის მიღწევას ემსახურებოდა.

პროკურატურის გადაწყვეტილებას თან ახლდა მმართველი პარტიის წარმომადგენლების და პროპაგანდისტული მედიასაშუალებების, მათ შორის ტელეკომპანია „იმედის“, მიერ კოორდინირებული და დეზინფორმაციული მასალების გავრცელება, ასევე, ორგანიზაციების მიმართ საზოგადოებაში მტრული ნარატივის შექმნა.[9]

ამასთან, საბანკო ანგარიშების დაყადაღების შემდეგ, 2025 წლის სექტემბერში, პროკურატურამ გამოკითხვაზე მოწმის სტატუსით დაიბარა როგორც დაყადაღებული ორგანიზაციების ყოფილი და მოქმედი ხელმძღვანელები, ისე სხვა სამოქალაქო საზოგადოების და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები.[10]

აღსანიშნავია, რომ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს არ აქვთ წვდომა გამოძიების საქმის მასალებზე და ამ ეტაპზე რა ხდება გამოძიების ფარგლებში, უცნობია.

ყადაღის გადაწყვეტილებამ ორგანიზაციებზე უმძიმესი გავლენა და მსუსხავი ეფექტი იქონია, რაც ამ ორგანიზაციების დე ფაქტო ლიკვიდაციასა და პარალიზებას უტოლდება. ამ პირობებში, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მუშაობა მკვეთრად დასუსტდა და უფასო სამართლებრივი დახმარებისა და სხვა ტიპის მხარდაჭერის გარეშე დარჩა ასეულობით ადამიანი. მკვეთრად შემცირდა და დასუსტდა ორგანიზაციების კვლევითი და მონიტორინგის სამუშაოები, რაც როგორც ჩანს, ხელისუფლების მიზანიც იყო.

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების დაყადაღება მკაცრად დაგმეს ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ორგანიზაციებმა,[11] ევროკავშირმა,[12] და ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა,[13] როგორც უსაფუძვლო გამოძიებისა და სამოქალაქო საზოგადოების დევნის გამოვლინება. 2026 წლის ივნისში გამოქვეყნებულ უახლეს ანგარიშში, ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა აღნიშნა, რომ სხვადასხვა კანონების, მიმდინარე ადმინისტრაციული და სისხლის სამართლის გამოძიებების წარმოება და სტიგმატიზებული რიტორიკის წარმოება არღვევს ევროპული კონვენციის მე-18 მუხლს. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ 2025 წლის ოქტომბრის რეზოლუციაში სამოქალაქო საზოგადოების ანგარიშების დაყადაღება დაგმო და შეაფასა, როგორც მათი დე ფაქტო ლიკვიდაცია. 2026 წლის ივნისის რეზოლუციაში აღნიშნა, რომ არსებული გარემო საფრთხეს უქმნის ორგანიზაციების არსებობას.

ყადაღის გადაწყვეტილება სამოქალაქო საზოგადოების მიმართ მმართველი პარტიის მიერ განხორციელებული სისტემური რეპრესიების ერთ-ერთი ნაწილია. კერძოდ, 2025 წელს ე.წ. FARA-ს მიღებისა და „გრანტების შესახებ“ კანონში ცვლილებების ძალაში შესვლის შემდეგ, ანტიკორუფციულმა ბიურომ შვიდი ორგანიზაციის წინააღმდეგ ინსპექტირება დაიწყო და მათი საქმიანობის, ფინანსური და სხვა სახის პერსონალური, მათ შორის სენსიტიური, მონაცემები მოიპოვა. ამასთან ორგანიზაციები და მათი ხელმძღვანელები ხელისუფლების მიერ კოორდინირებული შევიწროებისა და დევნის მსხვეპრლები მიმდინარე პერიოდში არა ერთხელ გახდნენ. 

 

2. ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში წარდგენილი საჩივრის არსი

განმცხადებელი ორგანიზაციები საჩივარში დავობენ, რომ საბანკო ანგარიშების დაყადაღებით დაირღვა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-11 (გაერთიანების თავისუფლება), პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლი (საკუთრების დაცვა), ასევე, კონვენციის მე-18 მუხლი აღნიშნულ მუხლებთან ერთობლიობაში, რომელიც ეხება იმას, რომ სახელმწიფომ უფლების შეზღუდვა არ შეიძლება გამოიყენოს კონვენციით გათვალისწინებულისგან განსხვავებული, ბოროტი მიზნებისთვის.

განმცხადებელმა ორგანიზაციებმა საჩივარში მიუთითეს, რომ საბანკო ანგარიშების ბლანკეტური გაყინვა, მიმდინარე სისხლის სამართლის გამოძიებასთან და ხელმძღვანელთა გამოკითხვებთან ერთობლიობაში, მრავალწლიანი უფლებადაცვითი საქმიანობის მქონე ორგანიზაციების გაერთიანების თავისუფლების უმძიმეს შელახვას წარმოადგენს. ანგარიშების გაყინვით განმცხადებელი ორგანიზაციების საქმიანობა ფაქტობრივად პარალიზდა. ადამიანის უფლებათა დამცველ ორგანიზაციებს, რომლებიც წელიწადში ასობით ადამიანს უწევდნენ უფასო იურიდიულ დახმარებას, აკვირდებოდნენ არჩევნებს, იბრძოდნენ დეზინფორმაციის წინააღმდეგ და მხარდაჭერას უწევდნენ რეგიონულ სამოქალაქო ჯგუფებსა და დამოუკიდებელ მედიას - საბანკო ანგარიშების გაყინვით გამოუსწორებელი ზიანი მიადგათ და მათ დე ფაქტო ლიკვიდაციას გაუტოლდა.

ევროპულ სასამართლოს განმცხადებელმა ორგანიზაციებმა ასევე, დაუსაბუთეს, რომ არც პროკურატურას, არც თბილისის საქალაქო სასამართლოს, არც თბილისის სააპელაციო სასამართლოს არ წარმოუდგენია არც ერთი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა განმცხადებელთა საქმიანობის კავშირს განსახილველ დანაშაულებთან ან რამით მიანიშნებდა დანაშაულებრივ ქმედებაზე. ამასთან, ეროვნულმა სასამართლოებმა პროკურატურის შუამდგომლობები ავტომატურად დააკმაყოფილეს, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე და თავად სასამართლოს გადაწყვეტილებები აშკარად დაუსაბუთებელი, ზედაპირული და შაბლონური იყო.

განმცხადებელი ორგანიზაციები სარჩელში ასევე დაობენ, რომ განმცხადებელთა საბანკო ანგარიშების გაყინვა წარმოადგენს ჩარევას მათი საკუთრებით მშვიდობიანი სარგებლობის უფლებაში კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის 1-ლი მუხლის მიხედვით, ხოლო ეს ჩარევა იყო უკანონო, არ ემსახურებოდა რომელიმე ლეგიტიმურ მიზანს და იყო არაპროპორციული.

კონვენციის მე-18 მუხლთან მიმართებით განმცხადებლები ასევე უთითებენ, რომ ხელისუფლების მიერ ორგანიზაციების უფლებების შეზღუდვის რეალური მიზანი კრიტიკული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განადგურებაა. ამგვარი ფარული, ბოროტი მიზნის დასასაბუთებლად, ორგანიზაციებმა სხვადასხვა გარემოებაზე მიუთითეს, მათ შორის, საქართველოში ბოლო წლებში სამოქალაქო საზოგადოების შეზღუდვისა და აკრძალვისკენ მიმართული კანონმდებლობა და მათი თვითნებური აღსრულება მხოლოდ კონკრეტული ორგანიზაციების მიმართ, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან თანამშრომლობისა და კონსულტაციის ყველა მექანიზმის განადგურება, სამოქალაქო საზოგადოების ლიდერების დისკრედიტაციისა და შევიწროების კამპანიები, რომლებიც ხელისუფლებისა და მის მიერ მართული მედია ორგანიზაციების მიერ არის წარმოებული.  

საჩივარში ასევე მითითებულია, რომ პროკურატურა მოკლებულია ინსტიტუციურ დამოუკიდებლობას და ფუნქციონირებს მმართველი პარტიის ინსტრუმენტად, ამჟამინდელ და ყოფილ მთავარ პროკურორებს სანქციები აქვთ დაკისრებული აშშ-ის, გაერთიანებული სამეფოს, ჩეხეთის, ესტონეთისა და ლიეტუვის მიერ ადამიანის უფლებების მძიმე დარღვევებისთვის.

საჩივარში ასევე განხილულია უფრო ფართო არადემოკრატიული კონტექსტი და საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული უკუსვლის ტენდენციები, მათ შორის, 2024 წლის არათავისუფალი და არასამართლიანი საპარლამენტო არჩევნები, ევროკავშირში გაწევრიების პროცესის შეჩერება, პროტესტის მონაწილეთა სისტემური თვითნებური დაკავებებისა და მასშტაბური არასათანადო მოპყრობის პრაქტიკა, ასობით პროევროპელი საჯარო მოხელის გათავისუფლება, დამოუკიდებელი, მაკონტროლებელი ორგანოებისა და ევროინტეგრაციის სამთავრობო უწყებების გაუქმება / დასუსტება, საკანონმდებლო დონეზე სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების მდგომარეობის რადიკალური გაურსება და სხვა.

 

3. საქმის წარმოების ფარგლებში ევროპული სასამართლოს მიერ სახელმწიფოსთვის დასმული კითხვები

ევროპულმა სასამართლომ განმცხადებელთა ყველა არგუმენტი მიიღო მხედველობაში და საქმე არსებითად განსახილველად კონვენციის სამივე მუხლთან მიმართებით მიიღო. ევროპულმა სასამართლომ მხარეებს კითხვები დაუსვა და საქართველოს მთავრობას პასუხისთვის ვადა 15 ოქტომბრამდე განუსაზღვრა.

კერძოდ, ევროპული სასამართლომ იკითხა, დაარღვია თუ არა სახელმწიფომ კონვენციის მე-11 მუხლი (გაერთიანების თავისუფლება) და პირველი დამატებითი ოქმის 1-ლი მუხლი (საკუთრების უფლება) განმცხადებელი ორგანიზაციების საბანკო ანგარიშების დაყადაღების (გაყინვის) შედეგად. ამ კუთხით ევროპული სასამართლო დაინტერესდა, თუ რა კონკრეტული ფაქტების საფუძველზე მიიჩნიეს ხელისუფლების ორგანოებმა (კერძოდ, ბრალდების ორგანოებმა და შიდასახელმწიფოებრივმა სასამართლოებმა), რომ განმცხადებელი ორგანიზაციები, შესაძლოა, ჩართულნი ყოფილიყვნენ დანაშაულებრივ ქმედებებში. უფრო კონკრეტულად, რა ფაქტებმა ან მტკიცებულებებმა მიიყვანა ხელისუფლების ორგანოები იმ ეჭვის დასაბუთებამდე, რომ განმცხადებელმა ორგანიზაციებმა მატერიალური, ფინანსური ან სხვა ფორმის დახმარება გაუწიეს მასობრივ პროტესტებში ჩართულ პირებს. ამასთან, ევროპულმა სასამართლომ გამოხატა ინტერესი გაარკვიოს, კვლავ დაყადაღებულია თუ არა ორგანიზაციების საბანკო ანგარიშები. ასევე, რა არის მიმდინარე სისხლის სამართლის გამოძიების სტატუსი და რა დამატებითი გარემოებები გამოიკვეთა განმცხადებელ ორგანიზაციებთან მიმართებით.

ამასთან, ევროპულმა სასამართლომ კითხვა დასვა ევროკონვენციის მე-18 მუხლთან დაკავშირებით და პირდაპირ მოსთხოვა სახელმწიფოს განმარტოს, განმცხადებელ ორგანიზაციებთან მიმართებით სახელმწიფოს მიერ კონვენციის მე-11 მუხლის საფუძველზე დაწესებული შეზღუდვები გამოყენებული იყო თუ არა იმ მიზნებისგან განსხვავებული მიზნებისთვის, რომელთაც კონვენციის აღნიშნული მუხლის დებულებები ითვალისწინებს, რითაც ადგილი ჰქონდა კონვენციის მე-18 მუხლის დარღვევას.

 

დასკვნა

„ქართული ოცნების“ მიერ მიღებულმა რეპრესიული ხასიათის საკანონმდებლო გარემომ და ადმინისტრაციულმა ზომებმა არსებითად უარყოფითი გავლენა მოახდინა საქართველოში დემოკრატიული, დამოუკიდებელი და მრავალფეროვანი სამოქალაქო საზოგადოების არსებობასა და ფუნქციონირებაზე. სამოქალაქო საზოგადოება საქართველოს თანამედროვე პოლიტიკური და კონსტიტუციური განვითარების პროცესში ისტორიულად ასრულებდა დემოკრატიული კონტროლის, საჯარო ანგარიშვალდებულების, უფლებების დაცვისა და საზოგადოებრივი მონაწილეობის უზრუნველყოფის ერთ-ერთ ცენტრალურ ფუნქციას. შესაბამისად, მის საქმიანობაში სახელმწიფოს უხეში ჩარევა გავლენას ახდენს არა მხოლოდ ცალკეული ორგანიზაციების უფლებრივ მდგომარეობაზე, არამედ მთლიანად დემოკრატიული მმართველობის ხარისხზე, ადამიანის უფლებების დაცვასა და საჯარო სივრცის პლურალიზმზე.

საკანონმდებლო გარემოს ცვლილებებმა და მათმა პრაქტიკულმა აღსრულებამ მნიშვნელოვნად გააუარესა სამოქალაქო საზოგადოების საქმიანობის პირობები. აღნიშნული პროცესის შედეგად, ორგანიზაციების ნაწილმა შეამცირა საქმიანობის მასშტაბი, შეცვალა ოპერირების ფორმა ან სრულად შეწყვიტა კონკრეტული მიმართულებებით მუშაობა. ამავდროულად, განსაკუთრებით ის ორგანიზაციები, რომლებიც აქტიურად იყვნენ ჩართული ადამიანის უფლებების დაცვაში, ხელისუფლების პოლიტიკის მონიტორინგში, საზოგადოებრივი ინტერესების ადვოკატირებასა და კრიტიკულ საჯარო დისკურსში, აღმოჩნდნენ ინტენსიური შემზღუდველი ზომებისა და ზეწოლის პირობებში.

კონკრეტული ორგანიზაციების საქმიანობაში ხელისუფლების თვითნებურმა, აგრესიულმა და უკიდურესად რეპრესიულმა ჩარევამ, გავლენა მოახდინა არა მხოლოდ კონკრეტულ დაზარალებულებზე, არამედ მთლიანად სამოქალაქო სექტორზე. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოც მის პრაქტიკაში არაერთხელ უსვამს ხაზს, რომ სახელმწიფოს შემზღუდველ ზომებს, შესაძლოა, ჰქონდეს ფართო შემზღუდავი/მსუსხავი გავლენა, როდესაც სანქციის ან ჩარევის რისკი სხვა პირებსა და ორგანიზაციებსაც უბიძგებს საკუთარი საქმიანობის შეზღუდვისკენ, თვითცენზურისკენ ან საჯარო აქტივობის შემცირებისკენ. სამოქალაქო საზოგადოების კონტექსტში ასეთი ეფექტი განსაკუთრებით მძიმეა, რადგან იგი აზიანებს გაერთიანების თავისუფლების არსს და ზღუდავს საზოგადოებრივი მონაწილეობისა და დემოკრატიული კონტროლის მექანიზმებს.

შესაბამისად, აღნიშნული საქმე სცდება ინდივიდუალური დარღვევის შეფასების ფარგლებს და მის ფარგლებში ევროპული სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას შესაძლოა ჰქონდეს მნიშვნელოვანი გავლენა საქართველოში სამოქალქო საზოგადოების ორგანიზაციების უფლებების ეფექტიან დაცვასა და აღდგენაზე და ასევე, მათი ინსტიტუციური დამოუკიდებლობის უზრუნველყოფაზე.

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები ევროპულ სასამართლოში საქმის მიმდინარეობის შესახებ სიახლეებს საზოგადოებას რეგულარულად მიაწვდიან.

 


[1] პროკურატურის მტკიცებით, აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველი გახდა 2024 წლის განმავლობაში პროევროპული მასობრივი საპროტესტო აქციების დროს აღნიშნული ორგანიზაციების ხელმძღვანელების მიერ მასობრივი დაუმორჩილებლობისა და საყოველთაო წინააღმდეგობისკენ მოწოდებები, სამართალდამრღვევი პირების სასარგებლოდ ჯარიმების გადახდა, იურიდიული დახმარების გაწევა და არასამთავრობო ორგანიზაციების სახსრებით სამართალდამცავთა წინააღმდეგ ძალადობრივი ქმედებების განმახორციელებელი აქციის მონაწილეების სპეციალური საშუალებებით აღჭურვა. პროკურატურის განცხადებით, ორგანიზაციების საქმიანობა გასცდა მათი წესდებით განსაზღვრულ მიზნებს და მიღებული ფინანსების მნიშვნელოვანი ნაწილი კანონსაწინააღმდეგო ქმედებების დაფინანსებას მოხმარდა. სწორედ ამ არგუმენტებზე დაყრდნობით, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, ორგანიზაციების საბანკო ანგარიშებს ყადაღა დაედო, რითაც შეიზღუდა ფულადი სახსრების შემდგომი, პროკურატურის შეფასებით, “არამიზნობრივი განკარგვა.” საქართველოს პროკურატურის განცხადება, 27.08.2025, ხელმისაწვდომია: https://pog.gov.ge/news/saqartvelos-prokuraturis-gantskhadeba-4982

[2] საქართველოს სახალხო დამცველი, საპარლამენტო ანგარიში, 2024, ხელმისაწვდომია:
https://ombudsman.ge/geo/saparlamento-angarishebi

[3] სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების კოლექტიური ანგარიში, ადამიანის უფლებების კრიზისი საქართველოში 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდგომ, ხელმისაწვდომია:
https://socialjustice.org.ge/ka/products/adamianis-uflebebis-krizisi-sakartveloshi-2024-tslis-saparlamento-archevnebis-shemdgom

[4] OSCE Fact-Finding Mission on Georgia (2026) under Paragraph 12 of the Moscow Mechanism Document, Report on Developments in Georgia in Respect of Human Rights and Fundamental Freedoms since Spring 2024, by Professor Patrycja Grzebyk, Sole Rapporteur, ხელმისაწვდომია:
https://odihr.osce.org/sites/default/files/documents/official_documents/2026/03/odgal0009c1%20ODIHR%20NV%2082-2026%20report_Moscow%20Mechanism%20invoked%20in%20respect%20of%20Georgia_0.pdf

[5] Amnesty International, Georgia: Authorities Built Coordinated System to Crush Dissent and Entrench Power, 15 June 2026, ხელმისაწვდომია:
https://www.amnesty.org/en/latest/news/2026/06/georgia-authorities-built-coordinated-system-to-crush-dissent-and-entrench-power/

[6] OSCE Office for Democratic Institutions and Human Rights (ODIHR), Handbook on Monitoring Freedom of Peaceful Assembly, Second Edition, 11 December 2020, ხელმისაწვდომია:
https://odihr.osce.org/odihr/monitoring-peaceful-assembly

Reporters Without Borders (RSF), Safety Tips for Journalists Covering Protests, 30 November 2022, ხელმისაწვდომია:
https://safety.rsf.org/safety-tips-for-journalists-covering-protests/

[7]  Özgür Gündem v. Turkey, § 63.

[8] იხ., მაგალითად,  BRANDENBURG v. OHIO, 395 U.S. 444 (1969); სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ საქართველოს კანონი, მუხლი 4.

[9] ტვ იმედი, „ვერ შემდგარი „გრანტების რევოლუცია“. „იმედის კვირის“ რეპორტაჟი“, 07.09.2025 https://imedinews.ge/ge/politika/401538/ver-shemdgari-grantebis-revolutsia-imedis-kviris-reportaji

[10] საქართველოს პროკურატურის განცხადება, 01.09.2025 https://pog.gov.ge/news/saqartvelos-prokuraturis-gantskhadeba-4989

[11] The Observatory for the Protection of Human Rights Defenders, a partnership of the International Federation for Human Rights (FIDH) and the World Organisation Against Torture (OMCT), Georgia: Tbilisi City Court freezes bank accounts of seven further leading civil society organisations amid unfounded investigations for “sabotage”, 29.08.2025 https://www.omct.org/en/resources/urgent-interventions/georgia-tbilisi-city-court-freezes-bank-accounts-of-seven-further-leading-civil-society-organisations-amid-unfounded-investigations-for-sabotage?fbclid=IwY2xjawSrWZRleHRuA2FlbQIxMQBzcnRjBmFwcF9pZBAyMjIwMzkxNzg4MjAwODkyAAEeQQVzX8QVzs3gU2IvlYX7tr40vB1aMxm_TpsQQA7vsp13KGkb9sGmBZVoBKw_aem_YWdncwAd3l0j9Dm0Ycu-b7f3PIzf&brid=YWdncwGVayRfgVB6hff490IIFNOo

ასევე, Amnesty International, Georgia: Authorities Built Coordinated System to Crush Dissent and Entrench Power, 15 June 2026, ხელმისაწვდომია:
https://www.amnesty.org/en/latest/news/2026/06/georgia-authorities-built-coordinated-system-to-crush-dissent-and-entrench-power/

[12] ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში, საქართველო: პრეს-სპიკერის განცხადება ხელისუფლების გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით შვიდი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციის საბანკო ანგარიშების დაყადაღების თაობაზე, 29.08.2025

https://www.eeas.europa.eu/eeas/_ka?s=221&fbclid=IwY2xjawSrWadleHRuA2FlbQIxMQBzcnRjBmFwcF9pZBAyMjIwMzkxNzg4MjAwODkyAAEexsr9G3FniuFDTeIgaXGjH2eVuJNh2OPz_j47nugK_JQ_0mZankDMsAZVx3s_aem_YWdncwA8VGGiuX0OV2aXgEkWa-oV&brid=YWdncwFAovkBHvah1L9FUUkda0mX

[13] პალიტრანიუსი, “ჩეხეთის საგარეო უწყება - არასამთავრობო ორგანიზაციები შეუცვლელ როლს ასრულებენ ყველა ქვეყანაში - საქართველოს მთავრობას მოვუწოდებთ, შეაჩეროს გამოძიებები და გაათავისუფლოს გაყინული ფინანსური რესურსები”, 25.08.2025  https://palitranews.ge/v/265046/