განცხადებები

განცხადება მოსამართლეების ლ. მურუსიძისა და მ. სულხანიშვილის შესაძლო უვადოდ გამწესებასთან დაკავშირებით

გვსურს გამოვეხმაუროთ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უკანასკნელ დღეებში მიმდინარე განხილვებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეების ლევან მურუსიძისა და მაია სულხანიშვილის შესაძლო უვადოდ გადანიშვნასთან დაკავშირებით უფლებამოსილების სამწლიანი გამოსაცდელი ვადის ამოწურვამდე.  როგორც  საბჭოს სხდომებიდან არის ცნობილი საბჭოს წევრების სრული უმრავლესობა, გარდა ერთი წევრისა, მხარს უჭერს უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლეების ავტომატურად უვადოდ გამწესებას.

საბჭოს წევრების პოზიციით, მათ ასეთი გადაწყვეტილების მიღებას  მიმდინარე წლის თებერვალში ამოქმედებული სასამართლო რეფორმის „მესამე ტალღის” ცვლილებები ავალდებულებთ, რომლის მიხედვითაც მოსამართლის თანამდებობაზე გამწესების 3 წლიანი ვადა არ ვრცელდება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ან უზენაესი სასამართლოს მოქმედ ან ყოფილ წევრზე.  აღსანიშნავია, რომ მოქმედი კანონმდებლობით ნორმატიული აქტი მანამდე წარმოშობილ ურთიერთობებზე შეიძლება გავრცელდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ეს პირდაპირ არის დადგენილი ამ ნორმატიული აქტით, რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზე არ გვაქვს. გარდა ამისა, ახალი რეგულაცია გამოსაცდელი ვადით უკვე დანიშნულ მოსამართლეებზე ვერ გავრცელდება იქიდან გამომდინარეც, რომ „მესამე ტალღის” ცვლილებებით მოსამართლეთა დანიშვნის განსახვავებული წესი ამოქმედდა, ხოლო აღნიშნული მოსამართლეების 3 წლიანი ვადით დანიშვნა მანამდე მოქმედი შეფასების წესის შესაბამისად განხორციელდა. 

აღსანიშნავია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი რეგულაცია, რომელიც ითვალისწინებს მოსამართლის თანამდებობაზე იმ პირის გამწესებას გამოსაცდელი ვადით, რომელისაც აქვს სამოსამართლო საქმიანობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით პარლამენტს დაევალა 2017 წლის 1 ივლისამდე კანონმდებლობაში შესაბამისი ცვლილებების განხორციელება. მოცემულ შემთხვევაში იუსტიციის უმაღლესი საბჭო, რომლის წევრების უმრავლესობასაც უფლებამოსილების ვადა მიმდინარე წლის ივნისში ეწურება, არ ელოდება პარლამენტის მიერ საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელებას. ეს წარმოშობს ეჭვებს იმის თაობაზე, რომ საბჭო, არსებული შემადგენლობით, ცდილობს შექმნილი სამართლებრივი მდგომარეობის  გამოყენებით უვადოდ დანიშნოს ბატონი ლევან მურუსიძე, რომლის თანამდებობაზე გამწესებამაც 2016 წლის იანვარში ძლიერი საზოგადოებრივი უკმაყოფილება გამოიწვია.

ყურადღება უნდა გამახვილდეს იმ ფაქტზე, რომ მოცემულ შემთხვევაში საბჭო გეგმავს უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლეების გადანიშვნას ყოველგვარი მსჯელობის გარეშე იმის თაობაზე იმსახურებენ თუ არა ისინი უვადოდ გამწესებას.  საბჭოს პოზიცია იმის თაობაზე რომ მათ ამას კანონი ავალდებულებს ვერ ჩაითვლება დასაბუთებულად, ვინაიდან საქართველოს კონსტიტუციით ერთადერთი ორგანო, რომელიც მოსამართლეთა გამწესების გადაწყვეტილებას იღებს არის იუსტიციის უმაღლესი საბჭო-მოცემულ შემთხვევაში საბჭომ აღნიშნული მოსამართლეები დანიშნა სამწლიანი გამოსაცდელი ვადით და დაუშვებელია კანონის იმგვარად განმარტება, რაც გამორიცხავს საბჭოს უფლებას/ვალდებულებას, დამატებით ინდივიდუალურად იმსჯელოს თითოეული მოსამართლის უვადოდ განწესების საკითხზე და დაასაბუთოს მიღებული გადაწყვეტილება. 

აქედან გამომდინარე, მოვუწოდებთ:

საქართველოს პარლამენტს- საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით 1 ივლისამდე განსახორციელებელი ცვლილებებით, ასევე მოაწესრიგოს სამწლიანი ვადით უკვე გამწესებული მოსამართლეების საკითხი. პარლამენტმა შესაძლოა საკითხი მოაწესრიგოს იმგვარად, რომ უკვე განწესებულ მოსამართლეებს უფლება მიეცეთ სამწლიანი ვადის ამოწურვამდე მიმართონ საბჭოს მათი უვადოდ გამწესების საკითხზე, რა დროსაც საბჭო ინდივიდუალურად იმსჯელებს თითოეულ ასეთ განცხადებაზე და მიიღებს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას.
იუსტიციის უმაღლეს საბჭოს- გაითვალისწინოს სასამართლო ხელისუფლების მიმართ საზოგადოებრივი ნდობის მნიშვნელობა და არ მიიღოს სამწლიანი გამოსაცდელი ვადით დანიშნული უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლეების უვადოდ გადანიშვნის გადაწყვეტილება პარლამენტის მიერ ახალი რეგულაციების მიღებამდე.
 

საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი

ადამიანის უფლებათა ცენტრი

კონსტიტუციის 42-ე მუხლი

პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის

სამართლიანი არჩევნების და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება