განცხადებები

განცხადება ტელეკომპანია „რუსთავი 2”-თან დაკავშირებით

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ქიბარ ხალვაშის ადვოკატის მიმართვის საფუძველზე სასამართლომ ტელეკომპანია „საქართველოს” ქონება დააყადაღა. ტელეკომპანია „საქართველო” „რუსთავი 2”-ის წილების 51%-ს ფლობს. (ტელეკომპანია „საქართველოს” მფლობელები ძმები ყარამანიშვილები არიან, რომლებიც ასევე ფლობენ „რუსთავი 2”-ის 40%-ს.)
 
ქიბარ ხალვაშის ადვოკატის განმარტებით, სასამართლოსათვის მიმართვის საფუძველი სამეწარმეო რეესტრის მონაცემებში ტელეკომპანია „საქართველოს” წილების გასხვისების შესახებ შეტანილი განცხადება იყო. განცხადების მიხედვით, ტელეკომპანია „საქართველოს” წილებს დიმიტრი ჩიქოვანი ყიდულობდა. 
 
სამეწარმეო რეესტრის მონაცემების თანახმად, 29 სექტემბერს 17:53 საათზე დიმიტრი ჩიქოვანის წარმომადგენელმა, შოთა მინდელმა, დაჩქარებული წესით, ერთი დღის ვადაში, მოითხოვა წილის გასხვისების შესახებ მონაცემების რეგისტრაცია. მოთხოვნიდან რამდენიმე საათში (23:54 საათზე) სამეწარმეო რეესტრმა შეაჩერა წარმოება, იმ მოტივით, რომ შოთა მინდელის მინდობილობით 100%-იანი წილის შეძენის უფლებამოსილება არ დგინდებოდა. “რუსთავი 2”-ის მენეჯმენტის განცხადებით, ხარვეზი 30 სექტემბერს 15:45 წუთზე გამოსწორდა, თუმცა ამ დრომდე სამეწარმეო რეესტრს გადაწყვეტილება არ მიუღია.
 
აღსანიშნავია, რომ სამეწარმეო რეესტრის მონაცემების მიხედვით, ტელეკომპანია „საქართველოს” ყადაღა არ ადევს. შესაბამისად გაუგებარია ამ დრომდე სამეწარმეო რეესტრის მხრიდან რატომ არ ხდება რაიმე სახის საბოლოო გადაწყვეტილების მიღება კანონმდებლობით განსაზღვრული ვადის განმავლობაში.  
 
„რუსთავი 2” - ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას განცხადებით, ტელეკომპანია „საქართველოს” პარტნიორთა წილების გასხვისების შედეგად „რუსთავი 2” 6 მილიონი დოლარის ოდენობის ინვესტიციას მიიღებდა, ტელეკომპანია „საქართველოს” წილებზე ყადაღის მოთხოვნა კი სწორედ  ამ პროცესისათვის ხელის შეშლის მიზანს ემსახურებოდა. 
 
ამ პერიოდისათვის ჩვენთვის უცნობია სასამართლოს მიერ მიღებული განჩინების საფუძველი, შესაბამისად, ვერ ვიმსჯელებთ მისი დასაბუთებულობის შესახებ. მიუხედავად ამისა, კითხვის ნიშნის ქვეშ დგას მიღებული გადაწყვეტილების მიზანშეწონილობა. განსაკუთრებით იმ გარემოებების გათვალისწინებით, რომ სადაოდ ქცეული „რუსთავი 2” - ის წილების გასხვისება უკვე არსებული ყადაღის მოქმედების გამო არ ხდებოდა, ხოლო ამ წილების მფლობელი კომპანიის მესაკუთრის ცვლილება არ ნიშნავს „რუსთავი 2”-ის მეწილეთა ცვლილებას და აღნიშნული ქმედება საფრთხის ქვეშ არ აყენებს დავის საგანს ანუ „რუსთავი 2”-ის წილებს.  
 
ამასთანავე, ტელეკომპანია “საქართველოს” წარმომადგენლების განმარტებით, ტელეკომპანია “საქართველოს” გასხვისებით, არ ხდებოდა ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის რაიმე ფინანსური ვალდებულებით დატვირთვა, როგორც ამას ქიბარ ხალვაშის ადვოკატები განმარტავენ, არამედ კომპანიაში მნიშვნელოვანი ინვესტიციის შესვლა. ამას ადასტრიურებს სამოქალაქო რეესტრში ატვირთული ნასყიდობის ხელშეკრულებაც. შესაბამისად, გაუგებარია, რა ინტერესები შეიძლება ამოძრავებდეს მოსარჩელე მხარეს, ხელი შეუშალოს იმ კომპანიაში ინვესტიციის შედინებას, რომლის საკუთრებაზეც იგი პრეტენზიებს აცხადებს, თუ არა მისი ამჟამინდელი საქმიანობისთვის ფინანსური დაბრკოლებების შექმნა.
 
ცხადია, ზოგადად კომპანიის მეწილეების დავა შესაძლებელია, და ამ კონკრეტულ შემთხვევას საზოგადოების მხრიდან მწვავე რეაქცია არ მოყვებოდა, რომ არა პროცესში პროცედურულ დაღვევებთან დაკავშირებით არსებული მრავალი კითხვის ნიშანი, ასევე პოლიტიკური თანამდებობის პირების მიერ სხვადასხვა დროს გაკეთებული განცხადებები, სადაც ისინი “რუსთავი 2”-ის წილის მფლობელების შეცვლასთან დაკავშირებით ღიად გამოხატავდნენ საკუთარ პოზიციას. სწორედ ამიტომ, ვფიქრობთ, რომ “რუსთავი 2”-ის მფლობელობის შესახებ სასამართლო დავას პოლიტიკური კონტექსტი აქვს. ასევე, მიგვაჩნია, რომ ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში განვითარებული მოვლენები საფრთხეს უქმნის როგორც კონკრეტულად „რუსთავი 2”-ის ფუქნციონირებას, ასევე, ზოგადად, თავისუფალი მედიის მდგრადობას საქართველოში.
 
გვსურს მოვუწოდოთ ყველა შესაბამის ორგანოს მაქსიმალურად გამჭვირვალედ მოახდინონ ტელეკომპანიასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღება და უზრუნველყონ სამართლის ნორმების ზედმიწევნით დაცვა, რათა ხელი არ შეეშალოს დამოუკიდებელი მედიის საქმიანობას და საფრთხის ქვეშ არ დადგეს მისი არსებობის საკითხი. 
 
საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება