განცხადებები

განცხადება“რუსთავი 2”-ის საქმეზე საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებულ განჩინებაზე

დღეს “რუსთავი 2”-ის საქმეზე მოსარჩელე მხარის, ხელისუფლებასთან დაახლოებულ ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშის ადვოკატის მიმართვის საფუძველზე თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, თამაზ ურთმელიძემ გამოიტანა განჩინება გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის შესახებ, რომლის თანახმადაც „სამაუწყებლო კომპანია “რუსთავის 2”-ს დაენიშნა დროებითი მმართველი, ხოლო მენეჯმენტის მოქმედ წევრებს შეუჩერდათ უფლებამოსილება. ამასთან, „რუსთავი 2”-ის დროებით მმართველად დაინიშნენ კონკურენტი ტელეკომპანია “იმედის” ყოფილი ხელმძღვანელი, რევაზ საყევარიშვილი და “რუსთავი 2”-ის წილის ერთ-ერთი ყოფილი მესაკუთრე დავით დვალი.

„რუსთავი 2”-ის საქმესთან დაკავშირებით 2015 წლის 2 ნოემბერს საკონსტიტუციო სასამართლომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსით სასამართლო გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების ზოგადი მექანიზმის  (268 მუხლის პირველი პუნქტის “ზ” პუნქტი) მოქმედება შეაჩერა. თბილისის საქალაქო სასამართლომ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება 3 ნოემბერს გამოიტანა, რომლის თანახმად, ქიბარ ხალვაშს, ფაქტობრივად, „რუსთავის 2”-ის წილების 100% მიაკუთვნა.

განჩინება ეწინააღმდეგება სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობას

4 ნოემბერს, შემაჯამებელი გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ, ქიბარ ხალვაშის ადვოკატებმა სასამართლოსგან დამატებითი ღონისძიებების გამოყენება მოითხოვეს, რაც დროებითი მმართველის დანიშვნას გულისხმობდა. მოსამართლე ურთმელიძემ 5 ნოემბერს აღნიშნული მოთხოვნა დააკმაყოფილა.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის თანახმად, თუ მოსამართლე მიიღებს ზომებს გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის შესახებ, ამის შესახებ უნდა მიუთითოს სასამართლოს გადაწყვეტილებაში. შემაჯამებელი გადაწყვეტილების შემდეგ მსგავსი განჩინების იმავე სასამართლო ინსტანციის მხრიდან მიღება უკანონოა.  

განჩინებით არ არის დასაბუთებული აღსრულების უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების აუცილებლობა
მოსამართლის მიერ არ არის მოყვანილი ის ფაქტები, გარემოებები, რომლებიც იძლევა გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის საშუალების  გამოყენების საფუძველს. აღსანიშნავია, რომ იმავე მოსამართლემ უკვე იმსჯელა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ და სხვა უზრუნველყოფის ღონისძიებებთან ერთად ყადაღა დაადო „რუსთავი 2”-ის წილებს. ამ გადაწყვეტილებით შეიზღუდა „რუსთავი 2”-ის არსებული მენეჯმენტის ძირითადი უფლებამოსილებები იმდაგვარად, რომ გამოირიცხა მათი მხრიდან კომპანიის ფინანსებისა და ქონების შემცირების საფრთხე. ასევე, მოსამართლემ ყადაღა დაადო „რუსთავი 2”-ის წილის მფლობელ შპს “ტელეკომპანია საქართველოს”. ცალსახაა, რომ მოცემულ ვითარებაში სასამართლოს 5 ნოემბრის განჩინებით ვერ საბუთდება უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების აუცილებლობა და კომპანიის იძულებით მართვაში გადაეცემის საჭიროება.

მოსამართლის მიერ განჩინების დასაბუთების დროს მოყვანილი გარემოებები შეიძლება ჩაითვალოს დამოუკიდებელი ტელეკომპანიის სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევად
 
სასამართლო მიუთითებს, რომ “საზოგადოებრივი ინტერესის საკითხებზე ინფორმაციის გაშუქებისას გამოყენებულ უნდა იქნეს ობიექტური და სამართლიანი რეპორტაჟის მეთოდი. მოპასუხის (შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის პარტნიორები) მმართველობის პირობებში ეს საკითხიც დგას კითხვის ნიშნის ქვეშ. მითითებული მიზნების უგულვებელყოფა კი, საბოლოო ჯამში, საფრთხეს უქმნის დემოკრატიულ საზოგადოებაში მედიის ძირითადი დანიშნულებას.” აშკარაა, რომ მოცემული მსჯელობა წარმოადგენს სარედაქციო პოლიტიკის ფორმირებაში ჩარევას და არანაირი კავშირში არ აქვს „რუსთავი 2”-ის წილების შესახებ მიმდინარე სასამართლო დავასთან.

მოსამართლე ურთმელიძის მიერ მიღებული განჩინებით ფაქტობრივად აღარ აღსრულდა საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ 2015 წლის 2 ნოემბრის მიღებულ გადაწყვეტილება

საოქმო ჩანაწერით  საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ შეჩერდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის იმ ნორმის მოქმედება, რომელიც განსაზღვრავს  პირველი ინსტანციის სასამართლოს  მიერ მიღებული გადაწყვეტილების დაუყოვნებელი აღსრულების ერთ-ერთ საფუძველს.  დღეს მიღებული განჩინებით არსებითად იგივე შედეგი დადგა, რისი თავიდან ასაცილებლადაც იქნა მიღებული საკონსტიტუციოს სასამართლოს ეს გადაწყვეტილება. ფაქტობრივად, მოსამართლემ უკანონო განჩინებით გვერდი აუარა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას.

მმართველად დანიშნული პირების მიუკერძოებლობის საკითხი ეჭვქვეშ დგას

სასამართლო განჩინებაში უთითებს, რომ „დროებითი მმართველი არის მხარეებისაგან ნეიტრალური, დამოუკიდებელი პირი, რომელიც უშუალოდ არ არის ჩართული დავაში, მას არ გააჩნია დავის საგანთან მიმართებით არანაირი პირადი ქონებრივი ინტერესი და მისი უპირველესი და უმთავრესი დანიშნულება არის დავის მიმდინარეობის პერიოდში ქონების დაცვა და მისი შენარჩუნება.” მოსამართლემ 5 ნოემბრის განჩინებით „რუსთავი 2”-ის დროებით მმართველად კონკურენტი ტელეკომპანია იმედის ყოფილი დირექტორი რევაზ საყევარიშვილი და „რუსთავი 2”-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი და წილის ყოფილი მფლობელი დავით დვალი დანიშნა. დავით დვალი ნეტგაზეთთან მიცემულ ინტერვიუში აღნიშნავს, რომ მას ჯარჯი აქიმიძესთან ერთად („რუსთავიი 2”-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი) დღემდე აქვს ინტერესი ტელეკომპანიის წილების 60%-თან დაკავშირებით. დვალი ასევე განმარტავს, რომ იგი მხარს უჭერს ამ პროცესში ქიბარ ხალვაშს, რადგან მისი მოგების შემთხვევაში მას წილის დაბრუნებისათვის ბრძოლა გაუმარტივდება. როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე დადასტურდა, ქიბარ ხალვაშსა და დავით დვალს შორის დავის დასაწყისშივე არსებობდა შეთანხმება ხალვაშის მიერ პროცესის მოგების შემთხვევაში "რუსთავი 2”-ის წილების განაწილების შესახებ. შესაბამისად, გაუგებარია, რა კრიტერიუმებით იხელმძღვანელა მოსამართლემ დროებითი მმართველების დანიშვნის პროცესში. შესაბამისად, გაუგებარია, რა კრიტერიუმებით იხელმძღვანელა მოსამართლემ აღნიშნული პირების დროებით მმართველებად დანიშვნის გადაწყვეტილების პროცესში.


განჩინებით მმართველად დანიშნულ პირებს მიეცათ ჟურნალისტების დათხოვნის და სარედაქციო პოლიტიკის შეცვლის უფლებამოსილება

განჩინებაში სასამართლო აღნიშნავს, რომ მმართველი პირების დანიშვნის ერთ-ერთ მიზანს წარმოადგენდა მოქმედი მმართველობის მიერ მოძრავი ნივთების განზრახ დაკარგვის ან/და განადგურების საფრთხე. მოცემულ პირობებში გაუგებარია, რატომ მიანიჭა სასამართლომ დროებით მმართველებს ისეთი ფუნქციებიც, როგორიცაა საკადრო პოლიტიკის მართვა, მათ შორის შიდა სტრუქტურული რეორგანიზაცია და სამაუწყებლო ბადის განსაზღვრა (ოპტიმიზაცია). სასამართლო მოცემული მსჯელობის დასაბუთების მიზნით არ აკეთებს არანაირ განმარტებას, რაც მოგვცემდა შესაძლებლობას გვემსჯელა მოცემული უფლებამოსილების მინიჭების საჭიროებაზე.  ამგვარ პირობებში მიგვაჩნია, რომ მოსამართლის გადაწყვეტილება არხის სარედაქციო პოლიტიკაში გარე ჩარევისაკენ პირდაპირ მითითებას წარმოადგენს და საშუალებას აძლევს დროებით მმართველებს, შეცვალონ არხის სარედაქციო პოლიტიკა, გაათავისუფლონ ტელეკომპანიის მოქმედი სარედაქციო გუნდი, მათ შორის რედაქტორები და ჟურნალისტები.  

განჩინებით რუსთავი2-ის წარმომადგენლებს შეეზღუდათ სასამართლოსადმი მიმართვის უფლება

განჩინებით მმართველად დანიშნულ პირებს მიენიჭათ ყველა დაწესებულებასა და ორგანოსთან წარმომადგენლობის უფლებამოსლება. კერძოდ,  წარმომადგენლობითი უფლებამოსილების/მინდობილობის გაცემასა და გაცემული უფლებამოსილების/მინდობილობის გადახედვის (დადება, მოშლა/შეწყვეტა, გაგრძელება) უფლებამოსილება მთლიანად მიეკუთვნათ დროებით მმართველებს.  იმ შემთხვევაში თუ, ტელეკომპანიის მოქმედ ადვოკატებს შეუწყდებათ მოცემულ დავაზე წარმომადგენლობის უფლებამოსილება, ამით ცალსახად დაირღვევა სამართლიანი სასამართლოსა და სასამართლოსადმი მიმართვის ფუნდამენტური უფლებები, რადგან მათ აღარ აქვთ, არც აღნიშნული განჩინების და არც შემაჯამებელი გადაწყვეტილების გასაჩივრების შესაძლებლობა. ამასთან, დავის შემდგომი გაგრძელება დამოკიდებული იქნება დროებითი მმართველის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე.

საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრეტიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)
კავშირი საფარი
ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)
ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI)
იდენტობა
დემოკრატ მესხთა კავშირი
პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR)
ფონდი „ღია საზოგადოება – საქართველო“ (OSGF)
კონსტიტუციის 42-ე მუხლი
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)