განცხადებები

ინტერესთა კონფლიქტი ასპინძის საოლქო საარჩევნო კომისიაში

ასპინძის საოლქო საარჩევნო კომისიის მდივნის მეუღლე „ქართული ოცნების“ კანდიდატია. 

6 სექტემბერს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ #39 ასპინძის საოლქო საარჩევნო კომისიის წევრად ნინო ბერიძე აირჩია, რომელიც უკვე 8 სექტემბერს საოლქო კომისიის მიერ არჩეულ იქნა ამავე კომისიის მდივნად. 

მანამდე, 1 სექტემბერს, ნინო ბერიძის მეუღლე, დავით ფართლაძე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე „ქართულმა ოცნებამ“ ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატად #1 მაჟორიტარულ ოლქში დაასახელა. 25 სექტემბრის მდგომარეობით, დავით ფართლაძე ასპინძის საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ რეგისტრირებულია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად. იგი 1 სექტემბრიდან აქტიურად არის ჩართული წინასაარჩევნო აგიტაციაში და მერობის კანდიდატთან ერთად ამომრჩეველს წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ინტენსიურად ხვდება.  

თავის მხრივ, ასპინძაში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი ასპინძის #39 საოლქო საარჩევნო კომისიის ყოფილი თავმჯდომარე, როსტომ მაგრაქველიძეა. სწორედ მისი უფლებამოსილების შეწყვეტის შემდგომ დაიკავა ნინო ბერიძემ ვაკანტური თანამდებობა საოლქო კომისიაში. 

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა ეთიკის კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნის თანახმად, მოხელე ვალდებულია მისი ოჯახის წევრის საარჩევნო სუბიექტად რეგისტრაციის შემთხვევაში, ზემდგომ საარჩევნო კომისიაში ან/და ცესკოში 5 სამუშაო დღის ვადაში წარადგინოს წერილობითი განცხადება, რომლის წარუდგენლობა აღნიშნულ ვადაში შეიძლება გახდეს დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველი. 

15 სექტემბერს „სამართლიანმა არჩევნებმა“ ცესკოდან გამოითხოვა ინფორმაცია იმის შესახებ, აცნობა თუ არა კონკურსანტმა ნინო ბერიძემ ცესკოს მისი ოჯახის წევრის - მეუღლის პოლიტიკური გეგმების და აქტივობის შესახებ ან/და წევრად არჩევის შემდგომ მიაწოდა თუ არა წერილობითი ინფორმაცია ზემდგომ საარჩევნო კომისიას. ცესკოს 19 სექტემბრით დათარიღებული წერილის თანახმად, საარჩევნო ადმინისტრაცია მიიჩნევს, რომ ნინო ბერიძეს შეტყობინების ვალდებულება არ წარმოშობია, რადგან 6 სექტემბერს კონკურსანტი ნინო ბერიძე საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელე არ ყოფილა და 19 სექტემბრის მდგომარეობით მისი მეუღლე კანდიდატად რეგისტრირებული ჯერ არ იყო არცერთ საარჩევნო ოლქში. 

„სამართლიანი არჩევნები“ მიიჩნევს, რომ საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა ეთიკის კოდექსის ზემოაღნიშნული ნორმის მიზანია გამოირიცხოს ინტერესთა კონფლიქტი და ე.წ. პროფესიული ნიშნით არჩეული კომისიის წევრი დისტანცირებული იქნას პოლიტიკური ზეგავლენებისგან. საგულისხმოა, რომ ნინო ბერიძის საოლქო საარჩევნო კომისიის წევრად და შემდგომ მდივნად არჩევას წინ უძღვოდა მისი მეუღლის კანდიდატად წარდგენა „პ/გ ქართული ოცნების“ მიერ. ამდენად, მისი არჩევის მომენტისათვის ინტერესთა კონფლიქტი უკვე წარმოშობილი იყო და შესაბამისად, ბერიძე, ჯერ როგორც კონკურსანტი, შემდგომ, როგორც საოლქო საარჩევნო კომისიის წევრი და მდივნად არჩეული მოხელე კეთილსინდისიერების, ნეიტრალიტეტის და მოხელის ეთიკის პრინციპების თანახმად, ვალდებული იყო ყველა ეტაპზე საარჩევნო კომისიისთვის ეცნობებინა მისი ოჯახის წევრის პოლიტიკური აქტიურობის შესახებ.

„სამართლიანი არჩევნების“ შეფასებით, ბერიძის არჩევა ეწინააღმდეგებოდა საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა ეთიკის კოდექსის სულისკვეთებას. ხოლო ცესკოს განმარტება მისთვის შეტყობინების ვალდებულების არ არსებობის შესახებ, აჩენს ეჭვებს, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია ცდილობს ინტერესთა კონფლიქტის საკითხზე პასუხისმგებლობის თავიდან არიდებას. 

„სამართლიანი არჩევნები“ მოუწოდებს ასპინძის საოლქო საარჩევნო კომისიას უზრუნველყოს მდივნის პოზიციაზე პოლიტიკურად ნეიტრალური პირის არჩევა, ხოლო ცენტრალურ საარჩევნო კომისიას - განიხილოს მოხელის მიერ ეთიკის კოდექსის სავარაუდო დარღვევის ნიშნები და მოახდინოს მასზე ეფექტიანი რეაგირება. 

მონიტორინგის პროცესში, „სამართლიანმა არჩევნებმა“ ასევე დააფიქსირა ინტერესთა კონფლიქტში მყოფი პოლიტიკური პარტიების მიერ დანიშნული საოლქო საარჩევნო კომისიის წევრები სხვადასხვა ოლქებში, რომელთა ოჯახის წევრები სხვადასხვა საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატებად არიან წარდგენილი. ამ ფაქტების შესახებ ინფორმაციას, ორგანიზაცია წინასაარჩევნო მონიტორინგის ანგარიშში გამოაქვეყნებს.