ISFED-ის განცხადება გურჯაანში პოლიტიკური ნიშნით ძალადობრივ დაპირისპირებაზე
,,სამართლიანი არჩევნები” გმობს ბოლო დღეებში პოლიტიკური ნიშნით ძალადობრივი დაპირისპირებისა და ანგარიშსწორების ფაქტებს, რასაც გურჯაანის მუნიციპალიტეტში ჰქონდა ადგილი.
2015 წლის 20 აპრილს, გურჯაანის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ,,ქართული ოცნების“ 100-ზე მეტი აქტივისტი, საკრებულოსა და გამგეობის თანამშრომლებთან ერთად შეიჭრნენ გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატის, გიორგი ღვინიაშვილის სამუშაო ოთახში და მას დაკავებული შენობის დატოვებას მოსთხოვეს. დაპირისპირების დაწყება გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატის, გიორგი ღვინიაშვილის სამუშაო ოთახში კორუფციული და ნეპოტისტური საქმიანობის შემსწავლელი კომისიის შექმნას მოჰყვა. კომისიის შექმნასთან დაკავშირებით 20 აპრილმდე ინფორმაცია გაავრცელა ,,ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“.
დაპირისპირება 21 აპრილსაც გაგრძელდა, ,,ქართული ოცნების“ აქტივისტებმა მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს კარებზე შეურაცხმყოფელი მოწოდებები გამოაკრეს, ხოლო პარლამენტის წევრებს, ლევან ბეჟაშვილსა და გიორგი ღვინიაშვილს, საფეხბურთო კლუბის ,,ალაზნის“ მენეჯერმა, მიხეილ ფურცელაძემ უცენზურო სიტყვებით მიმართა.
გურჯაანში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა. მან გურჯაანის მოსახლეობის ძალადობრივი ქმედებებს ,,ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ სამართლიანი და ადეკვატური უწოდა, რამაც კიდევ უფრო გაამწვავა ჯგუფებს შორის არსებული დამოკიდებულება.
,,ქართული ოცნების“ აქტივისტებსა და ,,ნაციონალურ მოძრაობის“ დაპირისპირება მომდევნო დღეებშიც გრძელდებოდა. 22 აპრილს გამგეობის შენობაში მისულ გიორგი ღვინიაშვილს, ირმა ნადირაშვილსა და მათ თანხმლებ პირებს დახვდნენ საკრებულოსა და გამგეობაში დასაქმებული საჯარო მოხელეები და ,,ქართული ოცნების“ აქტივისტები, რაც საბოლოოდ ძალადობრივ ქმედებაში გადაიზარდა. ,,ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს დაუშინეს კვერცხები და ფიზიკურად გაუსწორდნენ.
შემთხვევის ადგილას სამართალდაცავი ორგანოების წარმომადგენლები არ იყვნენ სათანადოდ მობილიზებულნი, რის გამოც ვერ უზრუნველყვეს მომხდარი დაპირისპირების თავიდან აცილება.
მედია საშუალებებში გავრცელებული კადრებიდან ნათლად ჩანს, რომ მიმდინარე მოვლენებში უშუალოდ ჩართული იყვნენ საჯარო მოხელეები, გამგეობის ქონების მართვის სამსახურის უფროსი - დავით ნიკოლაიშვილი, გამგებლის მრჩეველი - არჩილ გოგიაშვილი, გამგეობის სოციალური სამსახურის სპეციალისტი - მანანა ჯანჯიბუხაშვილი. შემთხვევის ადგილზე ასევე იმყოფებოდნენ გურჯაანის გამგებელი-გივი გერგიძე, მისი მოადგილეები, ელგუჯა გიორგაძე და დიმიტრი კალატოზიშვილი, საკრებულოს თავჯდომარე ვანო ბერძენიშვილი და მისი მოადგილე ზვიად ყვირილაშვილი.
მიგვაჩნია, რომ მნიშვნელოვანია სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგენლებს მიეცეთ საკუთარი კრიტიკული მოსაზრებების გამოხატვის შესაძლებლობა, თუმცა დასაგმობია გამოხატვის ისეთი ფორმის არსებობა, რომელიც ძალადობრივია და ლახავს სხვა პირთა უფლებებს და თავისუფლებებს.
არსებული დაპირისპირების შეწყვეტისა და სიტუაციის შესწავლის მიზნით, მოვუწოდებთ:
ხელისუფლებას, პოლიტიკური თანამდებობის პირებს, თავი შეიკავონ ისეთი განცხადებების გავრცელებისგან, რომელიც კიდევ უფრო გაამწვავებს დაპირისპირებულ ძალებს შორის არსებულ დამოკიდებულებას და გამოიჩინონ მეტი ძალისხმევა მოქალქეთა უფლებების ეფექტურად დასაცავად.
სამართალდამცავ ორგანოებს, შეისწავლოს გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობაში მიმდინარე დაპირისპირების ფაქტები და დროულად მოახდინოს შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება;
პოლიტიკურ პარტიებს, თავი შეიკავონ ძალადობრივი ქმედებებისგან და მოუწოდონ თავიანთ წევრებსა და აქტივისტებს, უარი თქვან პროტესტის ისეთი ფორმით გამოხატვისგან, რაც არღვევს საზოგადოებრივ წესრიგსა და კანონს.