ISFED-ის განცხადება ქალთა მიმართ ძალადობასთან დაკავშირებით
ბოლო პერიოდის განმავლობაში საქართველოში შემაშფოთებელ მასშტაბებს მიაღწია ქალთა მიმართ ძალადობის ფაქტებმა, რომელთაგან მრავალი, ქალის შემაძრწუნებელი,დემონსტრაციული მკვლელობებით დასრულდა.
მიგვაჩნია, რომ აღნიშნულ შემთხვევებს პირველ რიგში შესაბამისი ორგანოების მხრიდან მკაცრი რეაგირება და პრევენციული მექანიზმების გაძლიერება უნდა მოჰყვეს. თუმცა, ასევე მნიშვნელოვანია საზოგადოების, განსაკუთრებით კი საჯარო პირების მიერ ფაქტების სწორი შეფასება და განსაკუთრებული ძალისხმევა მდგომარეობის შესაცვლელად.
საქართველოს კანონმდებლობით, ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ პრევენციული ღონისძიებების განხორციელების ვალდებულება აქვს შინაგან საქმეთა სამინისტროს, ასევე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საქართველოს პროკურატურას და სასამართლო ორგანოებს. აღნიშნულმა უწყებებმა, თავიანთი მუშაობის ფარგლებში, უნდა გამოავლინონ ის პირები, რომლებიც ოჯახში ძალადობის ჩადენის რისკ-ჯგუფებს განეკუთვნებიან და ეფექტური მექანიზმები შეიმუშავონ დანაშაულის პრევენციისთვის. მათივე ვალდებულებაა, ოჯახში ძალადობის ფაქტორების შესწავლა და ანალიზი და სათანადო საინფორმაციო-საგანმანათლებლო კამპანიის წარმართვა.
სამართალდამცავი ორგანოების უშუალო ვალდებულებას წარმოადგენს სწორი რეაგირება, კერძოდ, შინაგან საქმეთა სამინისტრო ვალდებულია დანაშაულის შესახებ ინფორმაციის მიღების შემდეგ დაუყონებლივ დაიწყოს გამოძიება და არ შემოფარგლოს მხოლოდ გაფრთხილების გაცემით, როგორც ამას არაერთხელ ჰქონდა ადგილი.
გარდა ამისა, მიგვაჩნია, რომ იმ შემთხვევებში, როდესაც დამნაშავე ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენელია და მის მიერ ძალადობის ფაქტების ჩადენის ან მისი მხრიდან მუქარის შესახებ პოლიციაში შესულია შეტყობინება და მიუხედავად ამგვარი შეტყობინებებისა მას ცეცხლსასროლი იარაღის ტარება არ ეზღუდება, გარკვეული პასუხისმგებლობა მის უშუალო ხელმძღვანელობასაც უნდა დაეკისროს. ამგვარი ფაქტების რეაგირების გარეშე დატოვებით, მიგვაჩნია, რომ პოლიცია დანაშაულის თანამონაწილე ხდება.
ვთვლით, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო ვერ უზრუნველყოფს საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 17 ივლისის განკარგულებით დამტკიცებულ „ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დასაცავად გასატარებელ ღონისძიებათა სამოქმედო გეგმის“ შესრულებას. მნიშვნელოვანია, კონკრეტული სტრატეგიის ფარგლებში შსს პროაქტიულად მოქმედებდეს როგორც პრევენციული მექანიზმების განხორციელების, ასევე სათანადო რეაგირების გზით.
მნიშვნელოვანია მაქსიმალურად გააქტიურდეს და ეფექტური მექანიზმები შეიმუშავოს „ოჯახში ძალადობის აღკვეთის ღონისძიებათა განმახორციელებელმა საუწყებათაშორისო საბჭომ“ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად მუშაობაში ჩართოს ნებისმიერი დაინტერესებული ორგანიზაცია, რომელსაც ამ მიმართულებით საბჭოს საქმიანობაში წვლილის შეტანა შეუძლია.
და ბოლოს, მიგვაჩნია, რომ საჯარო პირებმა მკვეთრი და მკაცრი პოზიცია უნდა დაიკავონ ძალადობის ნებისმიერ ფაქტთან დაკავშირებით. დაუშვებლად მივიჩნევთ ბოლო დროს გაჟღერებულ დამნაშავისა თუ სამართალდამცავი ორგანოების გამართლების მცდელობებს.