ISFED-ის პოზიცია ცესკოს უარზე ზურაბიშვილის საპრეზიდენტო კანდიდატად დარეგისტრირების შესახებ
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) ამა წლის 3 სექტემბრის № 64/2013 განკარგულებით უარი უთხრა ქ-ნ სალომე ზურაბიშვილს საპრეზიდენტო არჩევნებში კანდიდატად რეგისტრაციაზე იმ მოტივით, რომ საქართველოს მოქალაქე, რომელიც, ამავდროულად, საფრანგეთის მოქალაქეა, კონსტიტუციის 29-ე 11 მუხლის საფუძველზე, ვერ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს.
„სამართლიანმა არჩევნებმა“ არაერთხელ დააფიქსირა თავისი პოზიცია ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირის საპრეზიდენტო კანდიდატად რეგისტრაციასთან დაკავშირებით. შესაბამისად, მიგვაჩნია, რომ ცესკოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის განკარგულება ქ-ნი სალომე ზურაბიშვილისთვის კანდიდატად რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციით დადგენილ ნორმებს.
საქართველოს კონსტიტუციის 29-ე 11 მუხლი, რომელიც აღნიშნული განკარგულების იურიდიული საფუძველია, აცხადებს, რომ „საქართველოს პრეზიდენტის ... თანამდებობა არ შეიძლება ეკავოს საქართველოს იმ მოქალაქეს, რომელიც იმავდროულად უცხო ქვეყნის მოქალაქეა“. „სამართლიან არჩევნებს“ მიაჩნია, რომ აღნიშნული ნორმა არ ვრცელდება არჩევნებში კანდიდატის სტატუსით მონაწილე პირზე. კონსტიტუცია განასხვავებს პრეზიდენტის არჩევას და პრეზიდენტის თანამდებობის დაკავებას, ხოლო კონსტიტუციის 29 -ე მუხლის 11 პუნქტით განსაზღვრული შეზღუდვა მხოლოდ თანამდებობის დაკავებას ეხება. ამრიგად, დღევანდელი კანონმდებლობით, ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირს შეუძლია მონაწილეობა მიიღოს საპრეზიდენტო არჩევნებში, მაგრამ უცხო ქვეყნის მოქალაქეობაზე უარი ფიცის დადებამდე უნდა განაცხადოს.
შესაბამისად, „სამართლიანი არჩევნები“ მიიჩნევს, რომ ცესკოს უარი ქ-ნი სალომე ზურაბიშვილის კანდიდატად რეგისტრაციის შესახებ ეფუძნება კონსტიტუციის არასწორ ინტერპრეტაციას.
ვიმედოვნებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია, სადაც ქ-ნი ზურაბიშვილი აპირებს აღნიშნული განკარგულების გასაჩივრებას, ობიექტურ და მისაღებ გადაწყვეტილებას მიიღებს.