განცხადებები

იუსტიციის საბჭოს წევრები, რომლებმაც კლანური პრინციპით მიღებულ გადაწყვეტილებებს მხარი დაუჭირეს, უნდა გადადგნენ

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევისა და ლევან მურუსიძის მოსამართლის თანამდებობაზე უვადოდ დანიშვნის პროცესმა სრული სიცხადით დაადასტურა სასამართლო სისტემის ნაწილში და მის მმართველ რგოლში - იუსტიციის უმაღლეს საბჭოში - არსებული კრიზისული მდგომარეობა და ე.წ. კლანის ზღვარგადასული ძალაუფლება. საბჭო, ბოლო წლებია, აშკარად ბოროტად იყენებს მისთვის კონსტიტუციით მინიჭებულ უფლებამოსილებებს და პრაქტიკულად არც ერთ გადაწყვეტილებას არ იღებს მართლმსაჯულების ინტერესებიდან გამომდინარე. სასამართლო სისტემის მმართველობაში შექმნილი უკიდურესად მძიმე მდგომარეობა უშუალოდ საბჭოს მოსამართლე წევრებისა და პარლამენტის მიერ დანიშნული ზოგიერთი არამოსამართლე წევრის უპასუხისმგებლო გადაწყვეტილებებისა და შეთანხმებული მოქმედებების შედეგია. ბოლო პერიოდში საბჭოს მიერ უზენაესი სასამართლოს წევრობის 10 კანდიდატის ნომინირების უკიდურესად ხარვეზიანმა და გაუმჭვირვალე პროცესმა, ასევე ლევან მურუსიძის მოსამართლედ უვადოდ დანიშვნამ, კიდევ ერთხელ ნათლად გამოავლინა საბჭოში მოქმედი გავლენიანი ჯგუფის რეალური ინტერესები და მათი მუშაობის მეთოდები.
 
მიგვაჩნია, რომ საბჭოს დღევანდელი შემადგენლობის პირობებში არ არსებობს სასამართლო სისტემის გაჯანსაღების რესურსი, ვინაიდან:
  1. სასამართლო სისტემა დღეს ე.წ. კლანის წევრების მიერ იმართება, რომელთაც არაჯანსაღი გავლენები და სისტემის მართვის ყველა ბერკეტი აქვთ. ბოლო პერიოდში მათი მიერ მიღებული გადაწყვეტილებები მხოლოდ საკუთარი ძალაუფლების გამყარებას და ვიწრო, პირად ინტერესებს ემსახურება;
  2. იუსტიციის საბჭო და მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფის წევრები წლების მანძილზე ეწინააღმდეგებოდნენ სასამართლო სისტემის გაჯანსაღებისკენ მიმართულ ყველა არსებითად მნიშვნელოვან პროგრესულ ინიციატივას. უფრო მეტიც, რეფორმის მე-3 ტალღის ფარგლებში პარლამენტის მიერ ისეთი ცვლილებები იქნა კანონში შეტანილი, რომლებმაც სისტემის კიდევ უფრო ჩაკეტვა და კლანური მმართველობის გაძლიერება გამოიწვია;
  3. გავლენიანი ჯგუფი მუდმივად ებრძვის ნებისმიერ განსხვავებულ აზრს, იუსტიციის უმაღლეს საბჭოსა და მთლიანად სასამართლო სისტემაში. წლების მანძილზე ნელ-ნელა სისტემიდან განიდევნენ (მათთვის თანამდებობაზე გადანიშვნაზე უარის თქმით ან მათ წინააღმდეგ დისციპლინური მექანიზმის ამოქმედების გზით) ისეთი მოსამართლეები, რომლებიც სისტემისადმი კრიტიკული პოზიციებით გამოირჩეოდნენ;
  4. გავლენიანი ჯგუფის წევრები სარგებლობენ ხელისუფლების გარკვეული შტოების და პარლამენტარების ნაწილის მხარდაჭერით;
  5. გავლენიანი ჯგუფის უმრავლესობა წარსულში განხილული არაერთი პოლიტიკურად მოტივირებული საქმის გამო საზოგადოების ფართო წრეებში ცუდი რეპუტაციით სარგებლობს. მაგალითად, ლევან მურუსიძე, რომელიც გუშინ უვადოდ გამწესდა თანამდებობაზე, მონაწილეობდა სანდრო გირგვლიანისა და სულხან მოლაშვილის საქმეებში. ამ საქმეებზე არსებობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებიც, სადაც, ერთ შემთხვევაში, სასამართლოს მხრიდან მართლმსაჯულების პროცესი მკვეთრად არის გაკრიტიკებული, ხოლო, მეორე შემთხვევაში, სახელმწიფო თავად აღიარებს ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტს. სწორედ მსგავსი რეპუტაციის მოსამართლეების დანიშვნა შეიძლება დასახელდეს ერთ-ერთ მიზეზად იმისა, რომ ბოლო რამდენიმე წელია, სოციოლოგიური გამოკითხვებით, სასამართლოს მიმართ საზოგადოების ნდობა მუდმივად ეცემა;
  6. მნიშვნელოვანი პრობლემაა, რომ სასამართლო სისტემაში არ მოქმედებს ანგარიშვალდებულების ეფექტიანი სისტემა, რომელიც ვიწრო ინტერესთა ჯგუფების სასარგებლოდ გადაწყვეტილებების მიღებას დააზღვევდა. ამ პირობებში კი, იზრდება გავლენებით ვაჭრობისა და სასამართლოსათვის დამაზიანებელი გადაწყვეტილებების მიღების მაღალი ალბათობა;
  7. იუსტიციის საბჭოს მოსამართლე წევრების, ისევე როგორც სხვა გავლენიანი მოსამართლეების დიდი ნაწილის კვალიფიკაციისა და ადამიანის უფლებების ცოდნის დონე არადამაკმაყოფილებელია. მათ არ გააჩნიათ გენდერული სენსიტიურობაც და მათი გამონათქვამები საბჭოს ქალი წევრების მიმართ ხშირად დისკრიმინაციულია, ისევე როგორ სრულიად შეუფერებელი მოსამართლის მაღალი თანამდებობისთვის. 
 
ზემოთ ჩამოთვლილი პრობლემების ცალსახა გამოვლინებაა საბჭოს მიერ ბოლო პერიოდში მიღებული გადაწყვეტილებები (ლევან მურუსიძის უვადოდ დანიშვნა და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების დასახელება). ამ ვითარებაში, მიგვაჩნია, რომ საბჭოს იმ მოსამართლე და არამოსამართლე წევრებს, რომლებმაც მხარი დაუჭირეს ამ გადაწყვეტილებებს, არ აქვთ მორალური უფლება იყვნენ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები. შესაბამისად, მათ საკუთარი ინიციატივით უნდა დატოვონ საბჭოც და მოსამართლის თანამდებობაც. ამასთან მიგვაჩნია, რომ მოსამართლის თანამდებობები უნდა დატოვონ ასევე გავლენიანი ჯგუფის ყველაზე თვალსაჩინო წევრებმა: მიხეილ ჩინჩალაძემ და ლევან მურუსიძემ.აღნიშნული ცვლილებების გარეშე რთულად წარმოსადგენია მართლმსაჯულების სისტემის განვითარებისა და დამოუკიდებლობის გამყარების პერსპექტივა.
 
მიგვაჩნია, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობა უნდა განახლდეს და არამოსამართლე წევრები პარლამენტმა მაღალი პოლიტიკური კონსენსუსით უნდა დანიშნოს. ეს დამოუკიდებელი წევრების შერჩევის ერთადერთი გარანტიაა. საბჭოს განახლებული შემადგენლობის დამტკიცებამდე, უნდა შეჩერდეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა ნომინირების საკითხი. კანდიდატთა სია განახლებულმა საბჭომ უნდა წარადგინოს პარლამენტში.
 
"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო"
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია)
ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)
საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)
პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR)
კონსტიტუციის 42-ე მუხლი
ფონდი ღია საზოგადოება - საქართველო (OSGF)
ადამიანის უფლებათა ცენტრი