კამპანია „სამართალი ითხოვს“ შეხვედრებს იწყებს
სასამართლო სისტემაში დღეს არსებული კრიზისი, არაჯანსაღი პროცესები და ხარვეზიანი კანონმდებლობა საფრთხეს უქმნის სამართლიანი სასამართლოს იდეას საქართველოში და მართლმსაჯულების მაძიებელი პირის კონსტიტუციურ უფლებას, მისი საქმე განიხილოს დამოუკიდებელმა, მიუკერძოებელმა და კომპეტენტურმა მოსამართლემ. განვითარებულ კრიზისს, მოსამართლეებზე არაჯანსაღ გავლენასა და კონკრეტული ჯგუფების მიერ მათზე კონტროლის გამყარებას ხელს უწყობს ხარვეზიანი კანონმდებლობა, შესაბამისად, აუცილებელია საკანონმდებლო ცვლილებების დაუყოვნებლივ განხორციელება. სწორედ რეალური რეფორმების და სასამართლო ხელისუფლების გარე და შიდა გავლენებისგან გათავისუფლების ხელშეწყობას ისახავს მიზნად კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის მიერ წარმოებული კამპანია „სამართალი ითხოვს“.
კამპანიის ძირითად მოთხოვნას წარმოადგენს უსამართლო, გაუმჭვირვალე და არაკონსტიტუციური პროცესის გზით სასამართლო კორპუსის დაკომპლექტების შეჩერება და მოსამართლის დანიშვნის გამჭვირვალე, სამართლიანი და დასაბუთებული სისტემის დაუყოვნებლივ შექმნა. კამპანია ასევე ითხოვს გაუქმდეს კრიტიკულად განწყობილი მოსამართლეების წინააღმდეგ დისციპლინური დევნის გამოყენების შესაძლებლობა, დაჩქარდეს სასამართლო რეფორმა და უსაფუძვლო დაყოვნების გარეშე ამოქმედდეს სასამართლოში შემთხვევითობის პრინციპზე დაფუძნებული საქმის განაწილების ელექტრონული სისტემა.
კოალიცია, რომელიც ახორციელებს კამპანიას „სამართალი ითხოვს“ 2011 წლიდან მუშაობს სასამართლო სისტემის რეფორმის საკითხებზე. ამდენად, დღეს კოალიციას ჩამოყალიბებული აქვს ხედვა სასამართლო სისტემის გარდაქმნის პროცესში განსახორციელებელი რეფორმების ძირითად მიმართულებებზე, რაც მოემსახურება სამართლიანი, დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს შექმნის იდეას.
ამასთან, სასამართლო ხელისუფლებაში დღეს არსებული გამოწვევებისა და სისტემური პრობლემების დროულად მოგვარების მიზნით, კოალიცია ამზადებს დეტალურ სარეფორმო წინადადებებს და ამ პროცესში გამოხატავს დაინტერესებას, სასამართლო სისტემის რეფორმირების საკითხებზე შეხვდეს და ესაუბროს საქართველოს პრემიერ-მინისტრს, პრეზიდენტსა და პარლამენტის თავმჯდომარეს.
ასევე, კამპანია გამოხატავს მზადყოფნას რეალური რეფორმების განხორციელების მიზნით დაიწყოს დისკუსიები იმ პოლიტიკურ ჯგუფებთან, რომელთა დღის წესრიგშიც აღნიშნულ თემას მნიშვნელოვანი ადგილი უკავია. ამ მიზნით, კამპანია ორგანიზებას გაუწევს შეხვედრებს სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებთან.