განცხადებები

კამპანიის „ეს შენ გეხება - ისევ გვისმენენ“ მონაწილე ორგანიზაციების მიმართვა საქართველოს პარლამენტს და მთავრობას

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებამდე 1 თვით ადრე საქართველოს პარალმენტში პლენარული სხდომები არ გაიმართება, შესაბამისად, ფარულ მიყურადებებთან დაკავშირებით საკანონმდებლო რეგულაციები განხილვა და მიღება შესაძლოა გადავადდეს.

ზემოხსენებულ პროექტზე პირველი საკომიტეტო მოსმენები 3 აპრილს დაიწყო და ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა და საპროცედურო კომიტეტებში იქნა განხილული. მომდევნო დღეს ცნობილი გახდა, რომ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატის ინიციატივით, შინაგან საქმეთა სამინისტროს, იუსტიციის სამინისტროსა და მთავარი პროკურატურის შემადგენლობით უწყებათაშორისი დროებითი სამუშაო ჯგუფი შეიქნა, რომლის მიზანი პირადი ინფორმაციის დაცვის სტრატეგიის შემუშავება და როგორც მოგვიანებით გახდა ცნობილი,  ფარულ მიყურადებებთან დაკავშირებული კანონპროექტის ხელახალი განხილვა იყო. პარლამენტის იურიდიული კომიტეტის ფარგლებში შექმნილი სამუშაო ჯგუფი თითქმის 10 თვის განმავლობაში არასამთავრობო ორგანიზაციებთან და საერთაშორისო ექსპერტებთან ერთად მუშაობდა კანონპროექტის დახვეწაზე. ამ პროცესში ჩართული იყო შინაგან საქმეთა სამინისტროც, რომელსაც რაიმე ტიპის შენიშვნები ან რეკომენდაციები კანონპროექტთან დაკავშირებით არ წარმოუდგენია. 

ცალსახაა, რომ უწყებათაშორისი დროებითი სამუშაო ჯგუფის შექმნამ მნიშვნელოვნად შეაფერხა და დროში გააჭიანურა კანონპროეტის განხილვის პროცესი. ჩნდება ეჭვი, რომ აღმასრულებელი ხელისუფლება, კერძოდ კი, სამართალდამცავი ორგანოები შეგნებულად ცდილობენ ხელი შეუშალონ საკანონმდებლო განხილვების პროცესს.

კამპანია “ეს შენ გეხება, ისევ გვისმენენ–ში” ჩართული არასამთავრობო ორგანიზაციები კიდევ ერთხელ მოუწოდებენ საქართველოს პარლამენტს დაუყოვნებლივ განაახლოს საკანონმდებლო პაკეტის განხილვა და ხელი შეუწყოს ფარულ მიყურადებებთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელების პროცესს. მნიშვნელოვანია, რომ კანონპროექტის განხილვა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე დასრულდეს. 
ასევე, მივმართავთ საქართველოს მთავრობას არ გააჭიანუროს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში შესატანი ცვლილებების განხილვის პროცესი და მხარი დაუჭიროს ფარულ მიყურადებებთან დაკავშრებით საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელებას, რომელიც უზრუნველყოფს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის კონსტიტუციური გარანტიის დაცვას და მის შესაბამისობას საერთაშორისო სტანდარტებთან.