განცხადებები

ხელისუფლება სამხედრო მოსამსახურეების ხმის მიცემის წესს არსებითად არ ცვლის

გვინდა გამოვეხმაუროთ აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ მომზადებულ საკანონმდებლო ცვლილებებს,  რომელიც სამხედრო მოსამსახურეების არჩევნებში მონაწილეობის წესს ეხება.

აღნიშნული ცვლილებებით უქმდება სპეციალური უბნების შექმნის შესაძლებლობა სამხედრო ნაწილებში და უფრო დეტალურად განისაზღვრება სამხედრო მოსამსახურეთა არჩევნებში მონაწილეობის ცალკეული საკითხები, რაც დადებითად უნდა შეფასდეს. თუმცა, ამის მიუხედავად, ხელისუფლების პროექტი არსებითად ვერ ცვლის სამხედრო მოსამსახურეების მიერ არჩევნებში მონაწილეობის კუთხით არსებულ პრობლემას. 

სამხედრო მოსამსახურეებს,რომლებიც მათი დისლოკაციის ადგილას არ არიან რეგისტრირებული, კვლავ ექნებათ შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღონ მაჟორიტარული სისტემით გამართულ არჩევნებში, რითაც აღნიშნული კატეგორიის პირთა ხმებით შესაძლო მანიპულაციის რისკები ისევ რჩება.

2012 წლის არჩევნების შემდეგ ხელისუფლების ინიციატივით შემცირდა სპეციალური უბნების რაოდენობა, რაც დადებითი ფაქტი იყო. მიუხედავად ამისა, სამხედრო მოსამსახურეების არჩევნებში მონაწილეობის საკანონმდებლო რეგულაციების დახვეწა ხელისუფლების დღის წესრიგში 2015 წლის 31 ოქტომბრის საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნების შემდეგ დადგა, როდესაც გამოითქვა ეჭვი, რომ არჩევნების დღემდე სამხედრო ნაწილის/ნაწილების გადაადგილება სხვა საარჩევნო ოლქში მიზნად ისახავდა კონკრეტული პოლიტიკური ძალისმაჟორიტარული კანდიდატის მხარდამჭერთა რიცხვის ხელოვნურად გაზრდას. აქედან გამომდინარე, არჩევნების შემდეგ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისათვის უწყებათაშორისი კომისიის ინიციატივით სპეციალური სამუშაო ჯგუფი შეიქმნა, რომელსაც სამხედრო მოსამსახურეების არჩევნებში მონაწილეობის საკითხთან დაკავშირებით სხვადასხვა მოსაზრებები უნდა განეხილა და საკანონმდებლო ცვლილებებზე  ემუშავა.1

სამუშაო ჯგუფის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ მოამზადა კანონპროექტი, რომელიც სამხედრო ნაწილებში საარჩევნო უბნების შექმნას გამორიცხავს. ნაცვლად ამისა, სამხედრო მოსამსახურეები არჩევნებში მონაწილეობას სამხედრო დანაყოფის/ნაწილის დისლოკაციის ადგილის მიხედვით არსებულ უახლოეს საარჩევნო უბანზე/უბნებზე მიიღებენ. ხოლო ის მოსამსახურეები, რომლებიც სამსახურის პირობების ან ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო კენჭისყრის დღეს ვერ დატოვებენ დისლოკაციის ადგილს, არჩევნებში მონაწილეობას გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით შეძლებენ.

რაც შეეხება სამხედრო მოსამსახურეთა მაჟორიტარულ არჩევნებში მონაწილეობას, სპეციალურ სიაში შეყვანილი სხვა ამომრჩევლებისაგან განსხვავებით, სამხედრო მოსამსახურეებს კვლავ  შეეძლებათ მონაწილეობა მიიღონ მაჟორიტარულ არჩევნებში რეგისტრაციის მისამართისაგან განსხვავებულ საარჩევნო ოლქში, რაც წლების განმავლობაში საკამათო საკითხს წარმოადგენდა. ამ კუთხით სიახლეს წარმოადგენს ის, რომ სამხედრო მოსამსახურე პარლამენტის მაჟორიტარულ არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს იმ შემთხვევაში, თუ იმყოფება შესაბამისი დისლოკაციის ადგილზე არჩევნების დღისთვის მუდმივი წესით 1 წლით ან 1 წელზე მეტი ვადით. ანალოგიური წესი მოქმედებს სამხედრო მოსამსახურის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის დროს.

ვინაიდან სპეციალური საარჩევნო უბნების შექმნა და მისი მეშვეობით ხმის მიცემა წლების განმავლობაში საკამათო და პრობლემატურ საკითხს წარმოადგენდა,2 ჩვენმა ორგანიზაციებმა ამ თემასთან დაკავშირებით, წერილობითი მოსაზრებები/რეკომენდაციები წლების წინ შევიმუშავეთ და ამ ხნის მანძილზე გვქონდა არაერთი მცდელობა, რათა ხელისუფლებას სამხედრო მოსამსახურეების არჩევნებში მონაწილეობის წესთან დაკავშირებული პრობლემები არსებითად მოეგვარებინა. სწორედ ამ მიზნით ჩავერთეთ უწყებათაშორისი კომისიის ინიციატივით შექმნილ სამუშაო ჯგუფში და ჯგუფის წევრებს ჩვენი რეკომენდაციები გავაცანით.3

მიგვაჩნია, რომსამხედრო ამომრჩეველმა ხმა უნდა მისცეს რეგისტრაციის ადგილის მიხედვით ან იმ სამოქალაქო საარჩევნო უბნების მეშვეობით, რომელიც დისლოკაციის ადგილთან ახლოს მდებარეობს. ამ კუთხით დადებითად ვაფასებთ წარმოდგენილ ინიციატივას. რაც შეეხება მაჟორიტარულ არჩევნებში მონაწილეობას, ჩვენი რეკომენდაციით, მსგავსად სპეციალურ სიაში შეყვანილი სხვა პირებისა, სამხედრო მოსამსახურე არ უნდა სარგებლობდეს მაჟორიტარულ ან ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის უპირატესობით და მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა მიიღოს მონაწილეობა მაჟორიტარულ არჩევნებში, თუ მისი დისლოკაციის ადგილი, იმ საარჩევნო ოლქის/ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის საზღვრებშია, რომელშიც ის არის რეგისტრირებული საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.  

ვაპირებთ, ჩვენი რეკომენდაციები საკანონმდებლო ინიციატივის სახით წარვადგინოთ  პარლამენტში. მოვუწოდებთ ხელისუფლებას, გადახედოს საკუთარ ინიციატივას და სამხედრო მოსამსახურეების არჩევნებში მონაწილეობის კუთხით არსებითი ხასიათის ცვლილებები განხორციელოს.


[1] საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ სამუშაო ჯგუფის წევრები ვიყავით.

[2] სპეციალურ სიაში შეყვანილი სხვა ამომრჩევლებისაგან განსხვავებით, საარჩევნო კოდექსი აწესებს გამონაკლისს სამხედრო მოსამსახურეებისათვის, რათა მათ მონაწილეობა მიიღონ მაჟორიტარულ არჩევნებში რეგისტრაციის მისამართისაგან განსხვავებულ საარჩევნო ოლქში. მაგალითად, სენაკში რეგისტრირებულ სამხედროს, რომელიც მსახურობს გორში, შეუძლია აირჩიოს გორის მაჟორიტარი დეპუტატი პარლამენტში. ამასთან, მოქმედი საარჩევნო კანონმდებლობა სპეციალური საარჩევნოუბნების შექმნის თაობაზე დაუსაბუთებელი გადაწყვეტილების მიღების საფუძველს იძლევა.

[3] სამი ორგანიზაციის წერილობითი მოსაზრებები წარედგინა თავდაცვის სამინისტროსთან არსებულ სპეციალურ უბნებთან დაკავშირებით შექმნილ სამუშაო ჯგუფს, ასევე თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორის კომისიას.


სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო