განცხადებები

ხელმომწერი ორგანიზაციები 20-21 ივნისს დაზარალებული პირებისთვის სტატუსის მინიჭებას მოითხოვენ

ხელმომწერი ორგანიზაციები ვეხმაურებით 20-21 ივნისის მოვლენების შედეგად დაზარალებული პირებისათვის სამართლებრივი სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის ფაქტს და მოვუწოდებთ პროკურატურას, დროულად მოახდინოს ყველა დაზარალებული პირისათვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭება და საქმის დროული, სრულყოფილი და ობიექტური გამოძიება.

ოფიციალური მონაცემებით, 20-21 ივნისს 275 პირი დაზარლდა, მათ შორის  - 187 სამოქალაქო პირი, 15 ჟურნალისტი (სხვადასხვა წყაროდან მიღებული ინფორმაციით, დაზარალებულ ჟურნალისტთა რიცხვი 32-ია) და შინაგან საქმეთა სამინისტროს 73 თანამშრომელი. მიყენებული დაზიანებების გამო ქირურგიული ჩარევა 28 პირს დასჭირდა. მათ შორის, ოფთალმოლოგიური ოპერაცია ჩაუტარდა 8-ს, ხოლო ნეიროქირურგიული  - 4 პირს.[1] დადასტურებულია, რომ ტრავმის შედეგად 2-მა სამოქალაქო პირმა ცალი თვალი დაკარგა, ასევე, რამდენიმე დაზარალებულს მნიშვნელოვნად დაუზიანდა მხედველობა.

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ 2019 წლის 20-21 ივნისს ქ. თბილისში, რუსთაველის გამზირზე გამართული შეკრებისა და მანიფესტაციის მონაწილეთა დაშლისას შინაგან საქმეთა სამინისტროს ცალკეული მოხელეების მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით და იარაღით შესაძლო გადამეტების ფაქტზე გამოძიება დაიწყო, თუმცა, დაზარალებულის სტატუსი მხოლოდ 4 სამოქალაქო პირს აქვს მინიჭებული.[2] სხვა პირებთან ერთად, პროკურატურამ დაზარალებულის სტატუსის მინიჭებაზე, უარი უთხრა მაკო გომურს და გიორგი სულაშვილს, რომლებმაც რეზინის ტყვიის მოხვედრის შედეგად დაკარგეს თვალი. დაზარალებულის სტატუსი ამ დრომდე არ აქვთ მინიჭებული ჟურნალისტებს, რომლებმაც მძიმე დაზიანებები მიიღეს, მაგალითად, თამარ ბაღაშვილს, დაზარალებულის სტატუსი არ აქვს არც ირაკლი ხვადაგიანს, რომელმაც დაზიანება მას შემდეგ მიიღო, რაც პოლიციამ ადმინისტრაციული წესით დააკავა.

პარალელურად, საზოგადოებისათვის ცნობილი გახდა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ წარმოებული გამოძიების ფარგლებში, აქციის 17 მონაწილეს წარედგინა ბრალი და შინაგან საქმეთა სამინისტროს 67 თანამშრომელი დაზარალებულად არის ცნობილი.[3]

პროკურატურის განმარტებით, დაზარალებულის სტატუსის მისანიჭებლად არ არსებობს სამართლებრივი საფუძველი. ერთის მხრივ, პროკურატურა ადასტურებს, რომ ,,მითითებულმა პირებმა დაზიანება 20-21 ივნისს, საპროტესტო შეკრების შეწყვეტისას მიიღეს და საქმეზე მოპოვებული სამედიცინო დოკუმენტაცია/ინფორმაციაადასტურებს ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტებს“, თუმცა, ამას არ მიიჩნევს დაზარალებულის სტატუსისმინიჭებისათვის საკმარის საფუძვლად და ელოდება ექსპერტიზის შედეგებს. პროკურატურის განმარტებით, დაზარალებულის სტატუსის მისანიჭებლად, მნიშვნელოვანია ექსპერტიზამ დაადგინოს ჯანმრთელობის დაზიანებისხარისხი და მექანიზმი, აქტიური სპეციალური საშუალებების გამოყენების კონკრეტული ვითარება და საფუძვლები.დაზარალებულ 16 პირს  სტატუსის მინიჭებაზე თბილისის საქალაქო სასამართლომაც უარი უთხრა. სასამართლომ განმარტა, რომ  საქმეზე დასაბუთებული ვარაუდით არ დგინდება, რომ ჩადენილია დანაშაული და უშუალოდ რა დანაშაულის შედეგად მიადგა პირს რომელიმე სახის ზიანი. მაკო გომურისათვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ გენერალურმა პროკურორმა, შალვა თადუმაძემ განმარტა, რომ ,,სასამართლომგაითვალისწინა ის სამართლებრივი მექანიზმები და ის კანონმდებლობა, რომელიც დღეს საქართველოშიარსებობს. შესაბამისად, მას არ მიენიჭა დაზარალებულის სტატუსი. კანონმდებლობა თუ შეიცვლება ამმიმართულებით, მაშინ მას მიენიჭება დაზარალებულის სტატუსი. დღეს მოქმედი კანონმდებლობით, მას ვერმიენიჭება დაზარალებულის სტატუსი, აქედან გამომდინარე მას არ აქვს ეს სტატუსი“.

გვსურს ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ არსებული კანონმდებლობა ცალსახად ადგენს დაზარალებულის სტატუსის მინიჭების სამართლებრივ საფუძველს. დაზარალებულად მიიჩნევა პირი, რომელსაც დანაშაულის შედეგად მიადგა მორალური, ფიზიკური თუ ქონებრივი ზიანი.[4] შესაბამისად, როდესაც დგინდება, რომ დანაშაულებრივმა ქმედებამ გამოიწვია რაიმე ტიპის ზიანი, პროკურორი ვალდებულია პირს დაზარალებულის სტატუსი მიანიჭოს, მიუხედავად იმისა, უკვე იდენტიფიცირებულია თუ არა ის პირი, რომელმაც დანაშაული ჩაიდინა. 20-21 ივნისის საქმეებზე ცალსახად დგინდება, რომ დაზარალებულთა ნაწილმა დაზიანებები რეზინის ტყვიის უკანონო გამოყენების შედეგად მიიღეს, მათ შორის, რეზინის ტყვიები გამოყენებული იყო ჟურნალისტების მისამართით, რომლებიც შემთხვევის ადგილზე მოვლენების გასაშუქებლად იყვნენ. დაზარალებულთა ნაწილმა დაზიანებები მაშინ მიიღეს, როდესაც ისინი პოლიციის ეფექტური კონტროლის ქვეშ იმყოფებოდნენ. ყველა ჩამოთვლილი შემთხვევა შეიცავს დანაშაულის აშკარა ნიშნებს.  

 

სასამართლოსა და პროკურატურის მოქმედებები ადასტურებს, რომ სახელმწიფოს არ სურს აღიაროს ის ზიანი, რაც სამართალდამცავთა მხრიდან 20-21 ივნისის მოვლენების შედეგად სამოქალაქო პირებს, მათ შორის, ჟურნალისტებს მიადგათ, რაც ეჭვქვეშ აყენებს გამოძიების მიმდინარეობის მთლიან პროცესს. გამოძიების პროცესში დაზარალებულის სტატუსს მხოლოდ სიმბოლური მნიშვნელობა არ აქვს და დაზარალებულად ცნობით პირს ეძლევა საქმის მასალებზე წვდომა. აღნიშნული კი,  საბოლოო ჯამში, ასევე წარმოადგენს ობიექტური და სრულყოფილი გამოძიების ერთ-ერთ მნიშვნელოვან გარანტიას. მოყვანილი არგუმენტების გათვალისწინებით,

 

მოვუწოდებთ საქართველოს გენერალურ პროკურატურას:

  • დაუყოვნებლივ მიანიჭოს დაზარალებულის სტატუსი ყველა იმ პირს, რომლებიც 20-21 ივნისის მოვლენების შედეგად სამართალდამცავთა ქმედებების შედეგად დაზიანდნენ;
  • მიმდინარე საქმეზე დროულად ჩატარდეს ეფექტიანი, ობიექტური და მიუკერძოებელი გამოძიება;
  • მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, პერიოდულად მოხდეს საზოგადოების ინფორმირებულობა საქმეზე მიმდინარე გამოძიების პროგრესის შესახებ.

 

ხელმომწერი ორგანიზაციები:

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA)

საქართველოს ღია საზოგადოების ფონდი (OSGF)

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)

საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო (TI)

ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)

საზოგადოება და ბანკები

მედიის განვითარების ფონდი (MDF)

ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC)

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება(ISFED)

ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI)

დემოკრატიისა და უსაფრთხო განვითარების ინსტიტუტი (IDSD)

ინიციატივა მოწყვლადი ჯგუფების რეაბილიტაციისათვის (RIVG)

პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR)

მმართველობის მონიტორინგის ცენტრი

ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი (WISG)

მწვანე ალტერნატივა

კონსტიტუციის 42-ე მუხლი

 

-----

[1] საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2019 წლის 1 აგვისტოს წერილი #01/13936.

[2] საქართველოს გენერალური პროკურატურის 2019 წლის 04 ოქტომბრის წერილი #13/70105.

[3] იგივე.

[4] საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლი, 22-ე ნაწილი;