ხელვაჩაურის სასამართლომ „სამართლიანი არჩევნების” დაცვის ქვეშ მყოფი პირის გათავისუფლების ბრძანება ბათილად ცნო და მოპასუხეს კომპენსაციის გადახდა დააკისრა
2023 წლის 7 აპრილს ხელვაჩაურის რაიონულმა სასამართლომ ა(ა)იპ „ხულოს კულტურის ცენტრიდან“ გურამ ხოზრევანიძის გათავისუფლება და მისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრება უკანონოდ ცნო, ასევე, სასამართლომ ხოზრევანიძეს სამი თვის ხელფასის ოდენობით კომპენსაცია მიანიჭა. ამავე დროს, სასამართლომ არ დააკმაყოფილა დისკრიმინაციის დადგენის და იძულებითი განაცდურის შესახებ „სამართლიანი არჩევნების” მოთხოვნები, რაზეც ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში დავა გრძელდება.
გურამ ხოზრევანიძე ა(ა)იპ ,,ხულოს კულტურის ცენტრში'' დირექტორის მოადგილის პოზიციაზე 2020 წლის 4 თებერვალს დაინიშნა. იგი ნაკისრ ვალდებულებებს კეთილსინდისიერად ასრულებდა და უფლებამოსილების შესრულების პროცესში დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა არასდროს დაკისრებია.
2021 წლის 16 ივლისს გურამ ხოზრევანიძემ შვებულებაში ყოფნის დროს „საზოგადეობრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის” ეთერში ღიად განაცხადა, რომ იგი საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას პარტიას უერთდებოდა. ამ ინფორმაციის გასაჯაროვებისთანავე, 16 ივლისს ა(ა)იპ ,,ხულოს კულტურის ცენტრში'' გაფორმდა ბრძანება გურამ ხოზრევანიძის შვებულებიდან სამსახურში გამოძახების თაობაზე. ბრძანება ხოზრევანიძეს 19 ივლისს ჩაბარდა. 21 ივლისს ხოზრევანიძეს გაეგზავნა 19, 20 და 21 ივლისის ბრძანებებიც სხვადასხვა დისციპლინური პასუხისმგებლობების დაკისრების შესახებ, რომლებიც ადრესატს 2021 წლის 30 ივლისს ერთად ჩაბარდა. ხოზრევანიძემ ბრძანებების გაცნობისას, აღმოაჩინა რომ ჯერ კიდევ კუთვნილი შვებულების პერიოდის ამოწურვამდე სამსახურიდან გაათავისუფლეს.
ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის შესაბამისად, ყოველ ადამიანს აქვს დასვენებისა და თავისუფალი დროის გამოყენების უფლება სამუშაო დღის გონივრული შეზღუდვისა და ანაზღაურებული პერიოდული შვებულების უფლების ჩათვლით. საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო ინსტრუმენტებით უზრუნველყოფილი შრომითი უფლებების დაცვის გარანტიები ასახულია საქართველოს შრომის კოდექსში, რომელიც, მათ შორის, დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისა და შესაბამისად, ამ უფლებით დაცულ სფეროში ჩარევის საფუძვლებსა და წესს ადგენს. შრომის კოდექსის 46-ე მუხლის თანახმად, ანაზღაურებადი ან/და ანაზღაურების გარეშე შვებულება შრომითი ურთიერთობის მხოლოდ შეჩერების საფუძველს წარმოადგენს, ხოლო შრომითი ურთიერთობის შეჩერება არ იწვევს შრომითი ურთიერთობის შეწყვეტას.
აქედან გამომდინარე, გურამ ხოზრევანიძე შრომითი ურთიერთობის შეჩერების - შვებულების - პერიოდში დისციპლინური წარმოების წესების დარღვევით გათავისუფლდა. ამასთანავე, ფორმალური საფუძვლების შექმნის მიზნით კანონსაწინააღმდეგო ბრძანებების გამოცემა ეწინააღმდეგება როგორც ქვეყნის შიდა სახელმწიფოებრივ კანონმდებლობას, ისე საერთშორისო სამართლებრივ აქტებს და მიანიშნებს დამსაქმებლის მცდელობაზე, ხელოვნურად შეექმნა გურამ ხოზრევანიძის გათავისუფლების კანონმდებლობით გათვალისწინებული საფუძველი. ზემოთ აღწერილი გარემოებებიდან აშკარად იკვეთება ხოზრევანიძის პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაცია.
გურამ ხოზრევანიძის ინტერესებს სასამართლოში ,,სამართლიანი არჩევნების” ადვოკატი მეგი ბაკურიძე იცავდა.
„სამართლიანი არჩევნები”, USAID-ის სამართლის უზენაესობის პროგრამისა და „ღია საზოგადოების ფონდის” მხარდაჭერით, სტრატეგიული სამართალწარმოების პროექტს ახორციელებს, რომლის ფარგლებშიც უფასო იურიდიულ დახმარებას უწევს სამსახურიდან სავარაუდო პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებულ პირებს.
თუ მიიჩნევთ, რომ სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნით გაგათავისუფლეს, დაგვირეკეთ ან მოგვწერეთ:
0 800 100 143;
ზარი უფასოა.