განცხადებები

კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ მოსამართლეთა რიგგარეშე კონფერენციის დანიშვნას ეხმაურება

2020 წლის 30 ოქტომბერს მოსამართლეთა XXVIII რიგგარეშე კონფერენციის ჩატარდება. დღის წესრიგი მიხედვით, კონფერენციამ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2 მოსამართლე წევრი, მათ შორის საბჭოს  მდივანი  უნდა აირჩიოს.

იუსტიციის საბჭოს ორი წევრისა და მდივნის თანამდებობები მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც 2020 წლის 22 ოქტომბერს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის თავმჯდომარედ გიორგი მიქაუტაძე აირჩიეს. კანონმდებლობის შესაბამისად გიორგი მიქაუტაძეს საბჭოს დატოვება მოუწია; საბჭოს მეორე მოსამართლე წევრმა რევაზ ნადარაიამ, რომელსაც უფლებამოსილების ვადა 2021 წლის 8 აპრილს გასდიოდა, თანამდებობა ნებაყოფლობით, ვადაზე ადრე დატოვა.

2021 წლის მარტიდან ივნისის ჩათვლით,  იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 4 მოსამართლე და 5 არამოსამართლე წევრს ეწურებათ უფლებამოსილების ვადა, შესაბამისად საბჭო ფაქტობრივად უნდა განახლდეს. იმ ფონზე, როდესაც საბჭოს წევრების შერჩევის პროცედურა გადახედვას საჭიროებს, კლანისათვის ორი, გარანტირებული ხმის ფლობა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს.

მოსამართლეთა კონფერენციის საპარლამენტო არჩევნებამდე ერთი დღით ადრე ჩატარება და საბჭოს ორი ახალი წევრისა და მდივნის არჩევა, ქმნის საფუძვლიან ეჭვს, რომ სასამართლო სისტემაში არსებული კლანი არჩევნებამდე ცდილობს მნიშვნელოვანი, სტრატეგიული და გავლენიანი თანამდებობების დაკავებას, რათა მომდევნო 4 წლის ვადით იუსტიციის უმაღლეს საბჭოში კლანისადმი მისაღები და ლოიალური კანდიდატები გარანტირებულად იქნენ წარმოდგენილნი.

კოალიცია შეახსენებს საზოგადოებას, რომ 2012 წლიდან დღემდე სასამართლო სისტემაში მრავალი საკანონმდებლო ცვლილება განხორციელდა, თუმცა სასამართლო სისტემა თვისებრივად ვერ შეიცვალა. აღნიშნულის მიზეზი  ერთის მხრივ არის სათანადო პოლიტიკური ნების არარსებობა  და მეორეს მხრივ - სასამართლოში არსებული გავლენიანი ჯგუფი - კლანი, რომელიც ყველა ბერკეტს იყენებს ძალაუფლების შესანარჩუნებლად. კოალიცია მიიჩნევს რომ სასამართლოს რეალური რეფორმირება მხოლოდ სასამართლოს შიგნით არსებული არაფორმალური მართვის კულტურის შეცვლით, ინდივიდუალურ მოსამართლეთა რეალური გააქტიურებით და სათანადო საზოგადოებრივი და პოლიტიკური ძალისხმევით არის შესაძლებელი.