კოალიცია ,,დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის
კოალიცია ,,დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის\",
რომელიც 30-ზე მეტ არასამთავრობო ორგანიზაციას აერთიანებს, აქტიურად
მუშაობს მართლმსაჯულების სისტემის რეფორმირებაზე. რეფორმა სხვადასხვა
ასპექტს მოიცავს და კანონმდებლობის გაუმჯობესებასთან ერთად
მნიშვნელოვანია პრაქტიკაში არსებული ხარვეზების აღმოფხვრა. ამ მხრივ
კოალიცია დაინტერესდა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა
სპეციალიზაციასთან დაკავშირებული საკითხებით.
“საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15
მუხლის თანახმად, საქართველოს უზენაეს სასამართლოში იქმნება სამოქალაქო,
ადმინისტრაციული და სისხლის სამართლის საქმეთა პალატები. უზენაესი
სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკით, უზენაესი სასამართლოს
პლენუმის დადგენილებით, სამართლის ერთ კონკრეტულ დარგში შესაბამისი
სპეციალიზაციის მქონე მოსამართლეს დროებით ეკისრება სხვა პალატის
შემადგენლობაში უფლებამოსილების განხორციელება. ამ გზით, მოსამართლე
მონაწილეობას იღებს იმ კატეგორიის საქმეთა განხილვაში, რაშიც მას შესაბამისი
სპეციალიზაცია არ გააჩნია. მაგალითად, უზენაესი სასამართლოს პლენუმის 2010
წლის 21 ივნისის დადგენილებით კონკრეტული მოსამართლე არჩეულ იქნა
უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის პალატის წევრად. ამავე
დადგენლებაში აღნიშნულია, რომ იმავე მოსამართლეს ,,საჭიროების
შემთხვევაში, დროებით, დაეკისროს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის, ასევე
სამოქალაქო საქმეთა პალატის წევრის მოვალეობა ამ პალატების ქვემდებარე
საქმეთა განხილვაში მონაწილეობის მისაღებად\". ამავე დადგენილებით, უზენაესი
სასამართლოს სხვა მოსამართლე არჩეულ იქნა სამოქალაქო საქმეთა პალატის
წევრად და პარალელურად დაეკისრა სისხლისა და ადმინისტრაციულ საქმეთა
პალატების ქვემდებარე საქმეთა განხილვაში მონაწილეობის მიღების მოვალეობა.
შედეგად, ეს მოსამართლეები უფლებამოსილნი გახდნენ განეხილათ სამივე
პალატის ქვემდებარე საქმეები.
უზენაეს სასამართლოში საქმეთა განხილვის პრაქტიკა მიუთითებს, რომ
კონკრეტული პალატის მოსამართლის მიერ სხვა პალატის უფლებამოსილების
განხორციელბა სასამართლო პრაქტიკაში ხშირად გამოიყენება. მიგვაჩნია, რომ
მსგავსი პრაქტიკის დადგენა არ გამომდინარეობს არც საქართველოს
კანონმდებლობიდან და არც საერთაშორისო სტანდარტებს შეესაბამება.
აღნიშნული მოსაზრება შემდეგ არგუმენტებს ემყარება:
,,საერთო სასამართლოების შესახებ\" საქართველოს ორგანული კანონის
პირველივე მუხლში მითითებულია, რომ მართლმსაჯულება ხორციელდება
,,სამოქალაქო, ადმინისტრაციულ და სისხლის სამართალწარმოებათა მეშვეობით\".
იმავე კანონის მე-15 მუხლში მითითებულია, რომ უზენაეს სასამართლოში
იქმნება სამოქალაქო, ადმინისტრაციული და სისხლის სამართლის საქმეთა
პალატები. ცხადია, მსგავსი დაყოფის მთავარი მიზანია სპეციალიზაციის
დადგენით, კონკრეტული საქმის განხილვისას, გაიზარდოს პროფესიული
მიდგომა და მართლმსაჯულების ხარისხი. უდავოა, რომ რაც უფრო ვიწრო იქნება
სპეციალიზაცია, მით მეტი ხარისხით იქნება შესაძლებელი, რომ კონკრეტული
მოსამართლე იყოს კვალიფიციური, შესაბამისი სფეროს კანონმდებლობის თუ პრაქტიკის სიღრმისეული ცოდნის თვალსაზრისით.
საქართველოს საპროცესო კანონმდებლობა და „საერთო სასამართლოების
შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი ცალსახად განსაზღვრავს უზენაესი
სასამართლოს როლს სასამართლო პრაქტიკის განზოგადების პროცესში. სწორედ
უზენაესი სასამართლოს უფლებამოსილებას განეკუთვნება სწორი და
ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბება. აღნიშნული პირდაპირაა
განმტკიცებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლში, რომელიც
საკასაციო საჩივრის დასაშვებობას არეგულირებს და სადაც საკასაციო საჩივრის
დასაშვებობის ძირითად კრიტერიუმს ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის
ჩამოყალიბების ინტერესი წარმოადგენს. ცხადია, რომ უზენაესი სასამართლოს
მოსამართლისათვის არსებული სასამართლო პრაქტიკის ცოდნა
უმნიშვნელოვანესია. იმის გათვალისწინებით, რომ სასამართლო პრაქტიკას ქმნის
კონკრეტულ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილებების ერთობლიობა, მაღალი
ალბათობით, შეუძლებელია, რომ ერთი კონკრეტული მოსამართლე სისხლის,
სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებით ღრმად
იცნობდეს სამართლის სამივე დარგში არსებულ სამართლებრივ პრობლემებს და
დამკვიდრებულ პრაქტიკას.
უზენაესი სასამართლოს პლენუმის ზემოაღნიშნულ დადგენილებაში არ არის
მითითებული და დასაბუთებული თუ რა აუცილებლობით იყო/არის
განპირობებული ამა თუ იმ პალატაში შესაბამისი პრაქტიკისა თუ
სპეციალიზაციის არმქონე მოსამართლეთა განწესება და რატომ იყო შეუძლებელი
კონკრეტული პალატის შემადგენლობა შესაბამისი გამოცდილებისა და
სპეციალიზაციის მქონე მოსამართლეებით დაკომპლექტებულიყო.
რაც შეეხება საერთაშორისო პრაქტიკას, გაეროს ადამიანის პოლიტიკურ და
სამოქალაქო უფლებათა პაქტის მე-14 მუხლის მიხედვით, ყოველ ადამიანს აქვს
უფლება, მისი საქმე განიხილოს დამოუკიდებელმა, მიუკერძოებელმა და
კომპეტენტურმა სასამართლომ.
ევროპის უშიშროების და თანამშრომლობის ორგანიზაცია (ეუთო) განმარტებით,
კომპეტენტურობა სხვა ასპექტებთან ერთად გულისხმობს, რომ მოსამართლეს
,,აქვს შესაბამისი კვალიფიკაცია და გამოცდილება, რათა განახორციელოს
სამოსამართლო უფლებამოსილება.
ანალოგიური მიდგომაა ასახული ბანგალორის პრინციპებში. ეს დოკუმენტი
შედგენილია სხვადასხვა ქვეყნების უზენაესი სასამართლოების მოსამართლეთა
მიერ და გაერთიანებული ერების ორგანიზაციასა (გაერო) და არაერთი
ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციისა თუ ექსპერტის აღიარებითა და
მხარდაჭერით სარგებლობს. ბანგალორის მე-6 პრინციპის თანახმად,
კომპეტენტურობა (საქმის ცოდნა) არის მოსამართლის მოვალეობების ჯეროვნად
შესრულების წინაპირობა.
ბანგალორის პრინციპების კომენტარები განმარტავს შემდეგს: ,,კომპეტენცია
მოითხოვს სამართლის ცოდნას, უნარებს, საქმისადმი გულმოდგინე მიდგომასა
და კარგ მომზადებას (საქმისათვის). მოსამართლის პროფესიული კომპეტენცია
ნათელი უნდა იყოს მის მიერ უფლებამოსილების განხორციელებისას.
კომპეტენტურობას ასუსტებს (ამცირებს), მაგალითად, პირის არაადექვატური
(არასაკმარისი) გამოცდილება\".
კოალიციას მიაჩნია, რომ ზემოაღნიშნულ პრობლემას უარყოფითი გავლენის
მოხდენა შეუძლია კანონის უზენაესობისა და ხარისხიანი მართლმსაჯულების
ინტერესებისათვის და მის მოსაგვარებლად დაუყოვნებლივ უნდა გადაიდგას
სათანადო ნაბიჯები, რისთვისაც კოალიცია მზადყოფნას გამოთქვამს,
ხელისუფლების სამივე შტოს წარმომადგენლებთან ითანამშრომლოს ამ და
მართლმსაჯულების რეფორმისთვის საჭირო სხვა საკითხების
დასარეგულირებლად.