კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის მოსამართლეთა კონკურსს აფასებს
კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის ეხმიანება იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოსამართლეთა 65 ვაკანტური ადგილის დასაკავებლად გამოცხადებულ კონკურსს. ამ ეტაპისთვის დასრულებულია გასაუბრება ყველა კანდიდატთან, საბჭოს გადაწყვეტილებები შერჩეულ კანდიდატებთან დაკავშირებით საზოგადოებისთვის მოგვიანებით გახდება ცნობილი.
კოალიციის შეფასებით, აღნიშნულმა გასაუბრებებმა კიდევ ერთხელ წარმოაჩინა მოსამართლეთა შერჩევა-დანიშვნის არსებული სისტემის ხარვეზიანობა და სისტემური პრობლემები, რაც ამ მიმართულებით არსებობს როგორც საკანონმდებლო დონეზე, ასევე პრაქტიკაში. ამასთან, კოალიცია უარყოფითად აფასებს იმ გარემოებას, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭო არ დაელოდა ორი უმნიშვნელოვანესი კონსტიტუციური ორგანოს - საქართველოს პარლამენტისა და საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებებს მოსამართლეთა შერჩევა-დანიშვნის წესთან დაკავშირებით და შემჭიდროებულ ვადებში, დადგენილი პროცედურის სათანადოდ დაცვის გარეშე, ჩაატარა კონკურსი.
კოალიცია განსაკუთრებით უარყოფითად აფასებს გასაუბრებების დროს გამოვლენილ შემდეგ პრობლემებს:
კანდიდატების უმრავლესობის ცოდნა და მგრძნობელობა ადამიანის უფლებებთან დაკავშირებულ საკითხებზე იყო არადამაკმაყოფილებლად დაბალი;
გასაუბრებების შინაარსი და ფორმატი არ ტოვებდა შთაბეჭდილებას, რომ მათ რეალურ მიზანს კანდიდატების დადგენილ კრიტერიუმებთან შესაბამისობის შემოწმება წარმოადგენდა;
არასტრუქტურირებული გასაუბრებები, განსხვავებული მნიშვნელობის კითხვების დასმა კანდიდატებს არათანაბარ მდგომარეობაში აყენებდა;
რიგ შემთხვევებში დასმული იყო მიმთითებელი ხასიათის, ამასთანავე, არაეთიკური კითხვები;
პირველად, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, დაიხურა რამდენიმე კანდიდატთან გასაუბრება;
მართალია ამ კონკრეტული გასაუბრების დროს მოხდა ინტერესთა კონფლიქტის აცილება საბჭოს კონკრეტული წევრების მიერ ინდივიდუალურად მიღებული გადაწყვეტილებების ხარჯზე, თუმცა ეს საკითხი კვლავ საჭიროებს სისტემურ გადაწყვეტას საკანონმდებლო დონეზე.
საქართველოს პარლამენტის და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ სასამართლო სისტემის რეფორმის დაუსაბუთებელი დაყოვნება, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ სასამართლო სისტემის რეფორმირების პროცესის უგულებელყოფა და მოსამართლეთა შერჩევის პროცესის დაჩქარებულად წარმართვა ვერ უზრუნველყოფს მოსამართლეთა ობიექტურად და დამსახურების პრინციპის დაცვით, პროფესიონალი მოსამართლეების შერჩევას, უარყოფითად აისახება სასამართლო სისტემის მიმართ საზოგადოების ნდობაზე, სასამართლოს დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობაზე, რაც ეწინააღმდეგება მართლმსაჯულების ინტერესებს.
მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების ზოგიერთი მაგალითი
საბჭოს წევრი - ლგბტ რას ნიშნავს?
იუსტიციის უმაღლესი სკოლის კურსდამთავრებული კონკურსანტი - ორგანიზაციას.
საბჭოს წევრი - სამოსამართლო ეთიკა რას გულისხმობს?
იუსტიციის უმაღლესი სკოლის კურსდამთავრებული კონკურსანტი - მუნდირის ერთგულებას.
იუსტიციის საბჭოს - როგორ გესმით ნორმათა კოლიზია.
პასუხი - ვერ უპასუხა.
საბჭოს წევრი - ლგბტ თემი როგორ გესმით?
კონკურსში მონაწილე ყოფილი მოსამართლე - სქესობრივად ავადმყოფი ხალხის ზედმეტი პოპულარიზაცია ხდება.
საბჭოს წევრის თანმდევი კითხვა - თუ თქვენ მოგიწიათ ამ ტიპის საქმის განხილვა, თუ იქნებით მიუკერძოებელი? მაგალითად, ლესბოსელ წყვილს თუ აქვს უფლება შვილი ყავდეს?
ამავე კანდიდატის პასუხი - არა, ვინაიდან შვილიც იმნაირი გამოვა.
საბჭოს წევრი - თქვენი მოტივაცია, რატომ გინდათ მოსამართლედ მუშაობა?
კონკურსში მონაწილე სასამართლოს მოქმედი თავმჯდომარე - მაღალი ხელფასია და შესაბამისად ოჯახი უზრუნველყოფილი მყავს. თან, ჩემი თავი ვიპოვე ამ პროფესიაში.
საბჭოს წევრი ამავე კანდიდატს - სამოქალაქო კოდექსის კონკრეტულ მუხლთან დაკავშირებით ეკითხება მოსაზრებას.
ამავე კანდიდატის პასუხი - კონკრეტულ მუხლს არ ვიცნობ და შესაბამისად ამ კითხვაზე პასუხს ვერ გაგცემთ.
მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრებების ეტაპზე შემდეგი ხასიათის პრობლემები გამოიკვეთა:
გასაუბრებები ჩატარდა დაჩქარებულად, ხარვეზიანი წესის პირობებში
როგორც საზოგადოებისთვისაა ცნობილი, სახელმწიფოში მიმდინარეობს მოსამართლეთა შერჩევა/დანიშვნის პროცესის საკანონმდებლო რეფორმა, რაც სახელმწიფოს მხრიდან შერჩევა-დანიშვნის მოქმედი წესის ხარვეზიანობის აღიარებას წარმოადგენს. აღნიშნული კანონპროექტი პარლამენტმა ორი მოსმენით უკვე მიიღო. ამის პარალელურად, მოსამართლეთა შერჩევა/დანიშვნის მოქმედი წესის კონსტიტუციურობის საკითხზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მსჯელობს. სასამართლომ 14 ივნისს არსებითად იმსჯელა წარდგენილ სარჩელზე, საქმის განხილვა დასრულებულია და საზოგადოება სასამართლო გადაწყვეტილების მოლოდინშია. მიუხედავად ამისა, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ისე ჩაატარა მოსამართლეთა კონკურსი, რომ არ დაელოდა ამ ორი უმნიშვნელოვანესი ინსტიტუტის მოსაზრებებს მოქმედ წესთან დაკავშირებით.
აღსანიშნავია ისიც, რომ საბჭოს ამგვარი მოქმედება პასუხისმგებლობისაგან არ ათავისუფლებს იუსტიციის სამინისტროსა და საქართველოს პარლამენტს სასამართლოს გაჭიანურებული რეფორმის გამო.
გასაუბრება ჩატარდა საბჭოს მიერ დადგენილი პროცედურის დარღვევით
მიუხედავად იმისა, რომ მოსამართლეთა შერჩევის დღეს მოქმედი წესი ხარვეზიანია და საჭიროებს ფუნდამენტურ გადახედვას, აღსანიშნავია, რომ მიმდინარე კონკურსის დროს საბჭომ მის მიერ მიღებული წესიც კი არ დაიცვა. კერძოდ, „მოსამართლეთა კანდიდატების შერჩევის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2009 წლის 9 ოქტომბრის N1/308 გადაწყვეტილების თანახმად, გასაუბრებამდე საბჭო აწარმოებს ინფორმაციის მოძიებას კანდიდატებთან დაკავშირებით. ამ პროცესის დაწყებიდან არაუმეტს 30 სამუშაო დღისა ინფორმაციის მოძიების შედეგები წარედგინება საბჭოს. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ამ ეტაპზე, ნებისმიერ დაინტერესებულ პირს უფლება აქვს საბჭოს მიაწოდოს ინფორმაცია მოსამართლეობის კანდიდატის შესახებ. ხოლო მოსამართლეობის კანდიდატს უფლება აქვს გასაუბრებამდე სულ მცირე 5 სამუშაო დღით ადრე გაეცნოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მის შესახებ არსებულ ინფორმაციას. ასევე საბჭოს თითოეული წევრი ვალდებულია მისთვის ინფორმაციის წარდგენიდან 15 კალენდარულ ვადაში სრულყოფილად შეისწავლოს არსებული ინფორმაცია და დოკუმენტები.
საბჭოს წევრების მიერ კანდიდატთა რაოდენობის შესახებ ინფორმაცია საბჭოს 2016 წლის 6 ივნისის სხდომაზე მიეწოდა, მოსამართლეობის კანდიდატების შესახებ მოკლე ბიოგრაფიული ცნობები გამოქვეყნდა 7 ივნისს, ხოლო 10 ივნისს უკვე გასაუბრებები დაინიშნა. შესაბამისად, კითხვის ნიშნის ქვეშ დგება, საერთოდ ჩატარდა თუ არა საბჭოში დადგენილი წესით გათვალისწინებული კანდიდატებთან დაკავშირებით ინფორმაციის მოძიების ეტაპი. აღსანიშნავია ისიც, რომ ასეთი დაჩქარებული ტემპის გამო, დაინტერესებულ პირებსაც წაერთვათ უფლება, საბჭოსთვის მიეწოდებინათ ინფორმაცია კანდიდატების შესახებ.
გასაუბრების შინაარსი არ ტოვებდა შთაბეჭდილებას, რომ ის ემსახურებოდა კანონმდებლობით განსაზღვრულ მიზნებს
გასაუბრება მოსამართლეობის კანდიდატთან უნდა ემსახურებოდეს კანდიდატების შესაბამისობის შეფასებას დადგენილ კრიტერიუმებთან. თუმცა, ჩატარებული გასაუბრებებისას დასმული კითხვების შინაარსი, სხვადასხვა კანდიდატებისთვის სხვადასხვა სირთულის და შინაარსის კითხვების დასმის პრაქტიკა, გასაუბრების ფორმატის შეუსაბამობა გასაუბრების მიზნებთან რიგ შემთხვევებში აშკარად ფორმალურ ხასიათს სძენს გასაუბრებებს და კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს მათ რეალურ დანიშნულებას.
არათანაბარი გარემო კანდიდატებისათვის
გასაუბრებები წარიმართა არასტრუქტურირებულად, ხშირად კანდიდატებს უსვამდნენ არსებითად განსხვავებული მნიშვნელობის კითხვებს, კანდიდატების ნაწილისთვის, საერთოდ არ დაუსვამთ პროფესიული კომპეტენციის შემოწმებისთვის საჭირო კითხვები. რიგ შემთხვევებში გაურკვეველი დარჩა მოსამართლეთა შერჩევის წესის შესახებ საბჭოს გადაწყვეტილებაში ჩამოთვლილი კონკრეტულად რომელი კრიტერიუმის შეფასებას ემსახურება საბჭოს წევრის მხრიდან დასმული ესა თუ ის კითხვა. ზოგიერთ კანდიდატთან მიმართებაში გასაუბრება წარიმართა მხოლოდ კონკრეტული გახმაურებული საქმეების ირგვლივ, მაშინ როცა სხვა, ასევე გახმაურებული საქმის მოსამართლეებისთვის ასეთი კითხვები საერთოდ არ დაუსვამთ.
ასეთი პრაქტიკა საბჭოს მხრიდან არათანმიმდევრულ მიდგომაზე მეტყველებს და ამასთან არათანაბარ მდგომარეობაში აყენებს კანდიდატებს.
შეკითხვების პრობლემური ფორმულირებები და შინაარსი
გასაუბრების დროს კანდიდატებს ეკითხებოდნენ მოსაზრებას არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საზოგადოების მხრიდან სასამრთლოს „ზღვარგადასულ“ კრიტიკასთან დაკავშირებით. საბჭოს წევრის მხრიდან შეკითხვის მსგავსი ფორმულირება წარმოადგენდა მიმთითებელ კითხვას, რითიც კანდიდატებს ფაქტობრივად მიანიშნებდნენ შემფასებლებისთვის სასურველ პასუხს. შემფასებლების მხრიდან საკითხის ასე დასმა გასაუბრებებზე, ვფიქრობთ, არაეთიკური და არასამართლიანია კანდიდატების მიმართ.
ზოგიერთ შემთხვევაში მიუღებლად უნდა შეფასდეს თავად შეკითხვების შინაარსიც. მაგალითად, ერთ-ერთ სხდომაზე მოსამართლეობის კანდიდატს კითხეს, თუ როგორ გადაწყვეტდა ის საქმეს საბჭოს წევრების პოტენციურ სარჩელთან დაკავშირებით. იმის გათვალისწინებით, რომ ასეთი სარჩელის რეალურად წარდგენის შემთხვევაში არსებობს შესაძლებლობა აღნიშნული კანდიდატის განსახილველი იყოს დავა, არასწორად უნდა შეფასდეს კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით მისთვის წინასწარ პოზიციის დაფიქსირების მოთხოვნა.
აღსანიშნავია რამდენიმე შემთხვევაც, როცა საბჭოს ერთ-ერთი წევრის (და არა თავმჯდომარის) მიერ გასაუბრება დასრულებულად გამოცხადდა, რამაც ფაქტობრივად წაართვა შესაძლებლობა საბჭოს სხვა წევრებს, სურვილის შემთხვევაში, დაესვათ კანდიდატებისთვის დამატებითი შეკითხვები.
ადამიანის უფლებების მიმართ მგრძნობელობის შემოწმების დაბალი სტანდარტი
დადებითად უნდა შეფასდეს ის ფაქტი, რომ გასაუბრებების პირველი სამი დღის განმავლობაში, იუსტიციის საბჭოს ზოგიერთი წევრი აქტიურად უსვამდა კანდიდატებს კითხვებს ადამიანის უფლებებთან, განსაკუთრებით, მარგინალიზებული ჯგუფების უფლებებთან დაკავშირებით. თუმცა, შემდგომ დღეებში ამგვარ კითხვებს საბჭოს წევრები აღარ სვამდნენ, შესაძლოა იმის გამოც, რომ საბჭოს ზოგიერთი წევრის მხრიდან შეიმჩნეოდა უკმაყოფილება აღნიშნული შინაარსის კითხვების დასმის გამო.
მართალია, ადამიანის უფლებების შესახებ დასმული კითხვები, როგორც წესი, იყო საბაზისო შინაარსის (მაგ.: რა არის ლგბტ, რა არის აბსოლუტური უფლება, რა არის სამართლიანი სასამართლოს კრიტერიუმები და სხვა.) და არ მოითხოვდა ანალიტიკურ შეფასებას თუ მსჯელობას, ამ კითხვებზე გაცემულმა პასუხებმა ცხადი გახადა, რომ კანდიდატების უმრავლესობის ცოდნა და მგრძნობელობა ადამიანის უფლებებთან დაკავშირებულ საკითხებზე იყო არადამაკმაყოფილებლად დაბალი.
ინტერესთა კონფლიქტი
დადებითად უნდა შეფასდეს ის გარემოება, რომ კონკურსში მონაწილე საბჭოს ორმა წევრმა, რომლებიც თავად იღებდნენ კონკურსში მონაწილეობას, გამოიყენა თვითაცილების მექანიზმი და არ დასწრებია იმ კანდიდატებთან გასაუბრებებს, რომლებიც კონკურსში მონაწილეობდნენ იმავე პოზიციებზე. საბჭოს წევრებმა აღნიშნეს, რომ ამ კანდიდატებთან და საკუთარ თავთან მიმართებაში კენჭისყრაში არ მიიღებენ მონაწილეობას. თუმცა, მიუხედავად საბჭოს ზოგიერთი წევრის მიერ ინდივიდუალურად გამოჩენილი პასუხისმგებლობისა, კვლავ პრობლემად რჩება ინტერესთა კონფლიქტის სისტემური მოგვარების საკითხი საბჭოს საქმიანობაში, რამაც შესაძლოა ეჭქვეშ დააყენოს საბჭოს მიერ მიღებული რიგი გადაწყვეტილებების დამოუკიდებლობა და მიუკეძოებლობა. ასევე, ძალიან მნიშვნელოვან ხარვეზად უნდა შეფასდეს ის ფაქტი, რომ საბჭოს წევრ კანდიდატებს გასაუბრებაზე ზუსტად იგივე კითხვები დაესმოდათ, რასაც ისინი თავად უსვამდნენ ხოლმე სხვა კანდიდატებს. შესაბამისად, საბჭოს წევრი კანდიდატებისთვის წინასწარ იყო ცნობილი რა კითხვებზე მოუწევდათ პასუხის გაცემა, რაც მათ სხვა კანდიდატებთან მიმართებით პრივილეგირებულ მდგომარეობაში აყენებდა.
გასაუბრებების ღიაობა
პირველად ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, მოსამართლეობის რამდენიმე კანდიდატთან გასაუბრება დაიხურა. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დადგენილი წესი ითვალისწინებს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრებას დახურულ სხდომაზე, რაც მუდმივად არის საზოგადოებრივი კრიტიკის საგანი. მიუხედავად აღნიშნული წესისა, საბჭოს მიერ დამკვიდრებულია მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების ღია ფორმატში ჩატარების პრაქტიკა. თუმცა, დროთა განმავლობაში საბჭომ დაადგინა ახალი პრაქტიკა, როცა გასაუბრების დაწყებამდე, თითოეულ კანდიდატს დაესმის კითხვა იმის თაობაზე სურს თუ არა მას გასაუბრების საჯაროდ წარმართვა, რაზეც კანდიდატები წინა კონკურსების დროს, როგორც წესი თანხმობას აცხადებდნენ და შესაბამისად, გასაუბრებაც საჯაროდ ტარდებოდა. მიმდინარე კონკურსის დროს საბჭომ კვლავ გააგრძელა აღნიშნული პრაქტიკა, რამაც გამოიწვია ის, რომ მოსამართლეობის ოთხი კანდიდატისგან უარყოფითი პასუხის მიღების შემდეგ გასაუბრება დაიხურა. უნდა აღინიშნოს, რომ მიმდინარე კონკურსზე, წინა კონკურსებისაგან განსხვავებით, საბჭოს წევრები არა უბრალოდ ეკითხებოდნენ კანდიდატებს, სურდათ თუ არა მათ გასაუბრების გასაჯაროება, არამედ, აღნიშნულ საკითხზე კანდიდატის დადებითი პასუხის მიღების შემდეგ, დამატებით კითხვებს უსვამდნენ, რის შემდეგაც კანდიდატს უწევდა კვლავ დაფიქრებულიყო გასაუბრების გასაჯაროებაზე (მაგ.: გინდათ თქვენი გასაუბრება youtube-ზე აიტვირთოს ან ტელევიზიით გადაიცეს?). აღნიშნულით საბჭო განსაკუთრებულ და სრულიად არასაჭირო ძალისხმევას იჩენდა გასაუბრებების გასაჯაროების საწინააღმდეგოდ.
მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების ეტაპი არის მოსამართლეთა შერჩევა/დანიშვნის პროცესის ფაქტობრივად ერთადერთი ღია ნაწილი (საბჭოს წევრებს შორის მსჯელობა კანდიდატებთან მიმართებაში და კენჭისრყა დახურულია). გასაუბრებების ღიაობა ხელს უწყობს მოსამართლეთა შერჩევა/დანიშვნის პროცესში არსებული ხარვეზების გამოვლენას და გასაჯაროებას მათი შემდგომი აღმოფხვრის მიზნით. ასევე აღსანიშნავია, რომ გასაუბრების ღია სხდომაზე ჩატარება ემსახურება საბჭოს საქმიანობის უმნიშვნელოვანესი კომპონენტის - მოსამართლეთა შერჩევა - დანიშვნის შეფასების შესაძლებლობას, რაც ხელს შეუწყობს მართლმსაჯულების ხარისხის და სასამართლოსადმის საზოგადოების ნდობის ამაღლებას.