კოალიცია ეხმაურება სასამართლოს ავტორიტეტის დაცვის მიზნით გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის ინიციატივას
„კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის” ეხმიანება ბოლო პერიოდში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების მხრიდან მედიაში გაკეთებულ განცხადებებს და მოწოდებებს, რომლებშიც საუბარია გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის ახალი რეგულირებების საჭიროებაზე ასევე მედიის თვითრეგულირების მექანიზმების გაუმჯობესებაზე, რათა სათანადოდ დაცული იქნეს სასამართლოს ავტორიტეტი და მოსამართლეთა რეპუტაცია. საგულისხმოა, რომ სასამართლოს ავტორიტეტის დასაცავად გარკვეული სანქციების შემოღების ინიციატივა ასევე განიხილებოდა მართლმსაჯულების სისტემის სტრატეგიის სამუშაო ჯგუფებში, რამაც პროექტში ჩართული საერთაშორისო ექსპერტების და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების მკვეთრი კრიტიკა გამოიწვია.
თავიდანვე ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ სასამართლო სისტემაში დღეს არსებული სისტემური პრობლემების გათვალისწინებით, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს საზოგადოებას ქონდეს თავისუფალი შესაძლებლობა საჯარო დისკუსიები წარმართოს მათ გამომწვევ მიზეზებსა და გადაჭრის გზებთან დაკავშირებით. ამ ფონზე, სასამართლოს დამოუკიდებლობის დაცვის სახელით წარმოდგენილი ინიციატივები, რომლებიც მიზნად ისახავს ამ შესაძლებლობის შეზღუდვას, ატარებს ხელშესახებ და რეალურ საფრთხეს იძულებით დუმილში ამყოფოს საზოგადოების კრიტიკული ნაწილი, რითაც არათუ გადაიჭრას, არამედ კიდევ უფრო გაღრმავდეს დღეს არსებული პრობლემები.
კოალიციას არაერთხელ დაუფიქსირებია მკვეთრი პოზიცია სასამართლო სისტემაში დღეს არსებული სისტემური ხარვეზების შესახებ. განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს ის ფაქტები, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მოსამართლეთა შერჩევა/დანიშვნის პროცესი წლებია კომპლექსური პრობლემებით ხასიათდება და ვერ უზრუნველყოფს მოსამართლეთა ობიექტურად შერჩევას მათი კომპეტენციის და კეთილსინდისიერების საფუძველზე, ამ ეტაპზე მიმდინარე კონკურსიც გამჭვირვალობის დაბალი ხარისხით ხასიათდება, ხოლო კონკურსში მონაწილე კანდიდატისთვის უცნობია რა ვადითა და პროცედურით მოხდება მათი თანამდებობაზე დანიშვნა. ამასთან, არ არსებობს მოსამართლეთა ანგარიშვალდებულების გამართული მექანიზმი. იუსტიციის უმაღლესი საბჭო უმნიშვნელოვანეს გადაწყვეტილებებს დახურულ კარს მიღმა იღებს, რომელთა გასაჩივრების მექანიზმიც ასევე ხშირ შემთხვევაში არ არსებობს. გამოწვევად რჩება ისიც, რომ ინდივიდუალური მოსამართლის დამოუკიდებლობა არ არის საკმარისად დაცული სისტემის შიგნიდან მომდინარე ზეწოლისგან და თანამდებობის პირების არასათანადო ზეგავლენისგან, არსებობს დასაბუთებული ეჭვები პოლიტიკური გავლენების არსებობაზე ზოგიერთ გახმაურებულ საქმესთან დაკავშირებით, და სასამართლო სისტემაში განსხვავებული აზრების დეფიციტთან დაკავშირებით. ასეთ ვითარებაში, დაუშვებლად მიგვაჩნია საზოგადოებრივი დისკუსიისთვის რაიმე კუთხით ხელის შეშლა მათ შორის, კონკრეტული მაღალი საჯარო ინტერესის საქმეებთან დაკავშირებით და ამით სისტემაში არსებული პრობლემების გამოაშკარავების, და შესაბამისად - გადაწყვეტის შესაძლებლობის შეზღუდვა.
მიგვაჩნია, რომ სასამართლოს ავტორიტეტის დაცვას და ამაღლებას ხელს შეუწყობს არა კრიტიკის ხელოვნური ან რეპრესიული მექანიზმებით გაჩუმება, არამედ სისტემურ პრობლემებზე დროული რეაგირება და სასამართლო სისტემაში გამართული რეფორმის გატარება.
მნიშვნელოვანია, იმის გაცნობიერება, რომ სასამართლოს დამოუკიდებლობა არა სასამართლოს პრივილეგია, არამედ მის მიმართ არსებული მოლოდინი და მისივე ვალდებულებაა. სასამართლოს საჯარო კრიტიკა სასამართლოს დამოუკიდებლობისათვის არათუ საფრთხეს არ წარმოადგენს, არამედ მას შეუძლია მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს მისი დამოუკიდებლობის უზრუნველყოფაში.
სამართლებრივ სახელმწიფოში, სადაც, პირველ რიგში, სწორედ სასამართლო უნდა წარმოადგენდეს გამოხატვის თავისუფლების დაცვის უმთავრეს გარანტს, მიუღებელია ის მოწოდებული იყოს შეზღუდოს მართლმსაჯულების სისტემის კრიტიკა, მნიშვნელოვანი მოვლენების საჯარო განხილვა და შეფასება, საზოგადოებრივი ინტერესის საგანთან დაკავშირებული ღია მსჯელობა. ამგვარი შეზღუდვა საფრთხეს უქმნის თავისუფალი საზოგადოების არსებობას და ახლავს რისკი გამოიწვიოს სასამართლოს თვითიზოლაცია.
ეჭვგარეშეა, რომ ხელისუფლებას ეკისრება ვალდებულება უზრუნველყოს მოსამართლეთა და სასამართლო სისტემის ადეკვატური და აუცილებელი დაცვა. მნიშვნელოვანია რომ დღეს მოქმედი კანონმდებლობა (სისხლის სამართლის კოდექსი, „საერთო სასამართლოების მოსამართლეებთან კომუნიკაციის წესის შესახებ“ კანონი) მთელ რიგ გარანტიებს ითვალისწინებს მოსამართლის საქმიანობაში უხეში ჩარევის აღსაკვეთად. ამასთან, მოსამართლეს ისევე როგორც ყველა სხვა ადამიანს აქვს შესაძლებლობა შეიტანოს სარჩელი მის მიმართ გამოთქმული ცილისწამების თაობაზე და დაიცვას საკუთარი პატივი და ღირსება.
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს კანონმდებლობის ზემოთ მოყვანილი კანონების ნაწილი შეიცავს ხარვეზებს და საჭიროებს დახვეწას, განსაკუთრებით განჭვრეტადობის კუთხით, შეიძლება ითქვას რომ აუცილებელი მექანიზმები სასამართლოს დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის დასაცავად დღევანდელი კანონმდებლობით უკვე არსებობს.
ამის გარდა, საზოგადოებაში სასამართლოს ავტორიტეტის დასაცავად მნიშვნელოვანია, რომ თვითონ სასამართლო პროაქტიულ რეჟიმში საზოგადოებას აწვდიდეს დროულ და ამომწურავ ინფორმაციას სასამართლოსთან დაკავშირებულ აქტუალურ საკითხებთან დაკავშირებით, რათა კონკრეტული ჯგუფების მხრიდან არ მოხდეს საზოგადოების შეცდომაში შეყვანა და დაუსაბუთებლად საზოგადოებრივი აზრის სასამართლოს წინააღმდეგ ფორმირება. ასევე, აქცენტი შეიძლება გაკეთდეს მედიის თვითრეგულირების სისტემის გაძლიერებაზე და სასამართლოსთან დაკავშირებული საკითხების მიმართ ცნობიერების ამაღლებაზე, თუმცა ეს არ უნდა გულისხმობდეს რეპრესიული სანქციების გამოყენების დაშვებას.
მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები და სასამართლოს სისტემის მაღალი თანამდებობის პირები სისტემაში არსებული პრობლემების წამოწევას ცდილობდნენ და მათი გადაჭრის შესახებ თავიანთ ხედვას სთავაზობდნენ საზოგადოებას და არა იმგვარ ინიციატივებს, რომლებიც ამ პრობლემურ საკითხებზე თავისუფალი საჯარო დისკუსიების წარმართვას ხელშესახებ საფრთხეს უქმნის.