განცხადებები

კოალიცია ეხმიანება საქართველოს მოსამართლეთა რიგგარეშე კონფერენციის დანიშვნას

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის დიდი ხანია ყურადღებას ამახვილებს არაერთ პრობლემასა და გამოწვევაზე, რომელთა წინაშეც დგას საქართველოს სასამართლო სისტემა. განსაკუთრებით აღსანიშნავია სასამართლო სისტემაში რიგი მიმართულებებით რეალური რეფორმის გატარების საჭიროება, რაც კრიტიკულად აუცილებელია სასამართლოს და ინდივიდუალური მოსამართლის დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის უზრუნველსაყოფად. მათ შორის არის, მოსამართლეთა შერჩევა/დანიშვნის ისეთი სისტემის შემოღება სადაც მოსამართლეები ინიშნებიან ობიექტური და გამჭვირვალე პროცესით; მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობის ისეთი სისტემის შექმნა, რომელიც გამორიცხავს აღნიშნული მექანიზმის მოსამართლეთა წინააღმდეგ ბოროტად გამოყენებას და ეფუძნება მოსამართლის დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის პრინციპების პატივისცემას; სასამართლო სისტემაში საქმეთა შემთხვევითი განაწილების წესის შემოღება, რომელიც მნიშვნელოვანი გარანტიაა ადამიანის უფლებისა მისი საქმე განსაჯოს დამოუკიდებელმა და მიუკერძოებელმა მოსამართლემ.     

დამოუკიდებელი სასამართლოს შექმნით და ინდივიდუალური მოსამართლის როლის გაძლიერებით, ყველაზე მეტად, თავად სასამართლო, მოსამართლეთა კორპუსი უნდა იყოს დაინტერესებული. მოსამართლეთა ინტერესი სასამართლოს დამოუკიდებლობის მიმართ არის ბუნებრივად ყველაზე მაღალი, სახელმწიფო ხელისუფლების სხვა შტოების ამავე ინტერესთან შედარებით. შესაბამისად, კოალიციას მიაჩნია, რომ საქართველოს მოსამართლეთა კონფერენცია არის ის ორგანო, რომელმაც ამ მიმართულებით გარდამტეხი როლი უნდა შეასრულოს. 

გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ მოსამართლეთა წინა კონფერენცია არ წარიმართა დადგენილი დღის წესრიგის შესაბამისად, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა საკუთარი ინიციატივით, კონფერენციის მიმდინარეობის პროცესში, თვითნებურად მოხსნა დღის წესრიგიდან კონფერენციის მიერ საბჭოს მდივნის ანგარიშის მოსმენის საკითხი და მოსამართლეთა კონფერენცია გამოიყენა თავისი, როგორც მოსამართლეობის კანდიდატის მხარდასაჭერი განცხადებებისთვის. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოვუწოდებთ საქართველოს მოსამართლეთა XVI რიგგარეშე კონფერენციას, რომელიც ა.წ. 1 თებერვალს იმართება, წინა კონფერენციისაგან განსხვავებით, ეფექტურად გამოიყენოს ეს შესაძლებლობა და კონფერენციის დღის წესრიგის მეორე საკითხზე გამართოს მხოლოდ საქმიანი, შედეგებზე ორიენტირებული დისკუსია სასამართლო სისტემაში რეალური რეფორმის გატარების აუცილებლობაზე, კონკრეტულად: დისციპლინური სამართალწარმოების სისტემის ცვლილებაზე, საქმეთა ელექტონული განაწილების  წესის დროულად ამოქმედებაზე და მოსამართლეთა შერჩევა-დანიშვნის წესის ცვლილების საკითხზე. 

მოვუწოდებთ კონფერენციას  შესაბამის სახელმწიფო უწყებებს მოსთხოვოს:

 საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს - საჯაროდ მოითხოვოს ზემოაღნიშნული ცვლილებების დროულად გატარება საკანონმდებლო დონეზე და აქტიურად ჩაერთოს ცვლილებების შემუშავების პროცესში.

 საქართველოს იუსტიციის სამინისტროს და საქართველოს პარლამენტს - უზრუნველყონ სასამართლო სისტემის რეფორმის მესამე ტალღის კანონპროექტებში რეალური რეფორმისთვის საჭირო წინადადებების ასახვა და კანონპროექტების დაუყოვნებლივ მიღება;

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის მზად არის მხარი დაუჭიროს მოსამართლეთა კორპუსის მოთხოვნას განხორციელდეს სასამართლო სისტემის რეალური რეფორმა რათა მიღწეულ იქნას სასამართლოს და ინდივიდუალური მოსამართლის დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა.