განცხადებები

„კოალიცია ევრო-ატლანტიკური საქართველოსთვის“ - კონსტიტუციაში საქართველოს ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებებზე ჩანაწერი უნდა გაკეთდესსაქართველოს პარლამენტმა და

საქართველოს პარლამენტმა დაიწყო მსჯელობა საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის თაობაზე. არასამთავრობო ორგანიზაციებმა, მათ შორის, „კოალიცია ევრო-ატლანტიკური საქართველოსთვის“ წევრებმა მიმართეს საკონსტიტუციო კომისიას საქართველოს ევრო-ატლანტიკური მისწრაფების საქართველოს კონსტიტუციის პრეამბულაში ასახვის მიზნით. 

მიგვაჩნია, რომ საქართველოს კონსტიტუციაში საქართველოს ევრო-ატლანტიკური კურსის აღნიშვნა უმნიშვნელოვანესი განაცხადი იქნება, როგორც ქვეყნის შიგნით ევროპული ტიპის დემოკრატიის ფორმირების, ასევე ქვეყნის გარეთ საგარეო-პოლიტიკური კურსის პრიორიტეტების განსაზღვრის თვალსაზრისით. საქართველოს უკვე აქვს გაცხადებული ქვეყნის საგარეო პოლიტიკური კურსი, თუმცა ის არ არის აღნიშნული საქართველოს სახელმწიფოს სახელმძღვანელო დოკუმენტსა და ძირითად კანონში - კონსტიტუციაში. ვფიქრობთ, რომ იმის გათვალისწინებით, რომ საქართველო მუდმივად დგას საგარეო პოლიტიკური გამოწვევების წინაშე, აღნიშნული განაცხადის კონსტიტუციის სიმაღლეზე აყვანა კიდევ ერთი გარანტია იქნება ქვეყნის საგარეო და საშინაო პოლიტიკის ერთადერთი სწორი მიმართულებით განვითარების თვალსაზრისით. 

კოალიცია ევრო-ატლანტიკური საქართველოსთვის საქართველოს საკონსტიტუციო კომისიას შემდეგ ფორმულირებას სთავაზობს:

“ჩვენ, საქართველოს მოქალაქენი, რომელთა ურყევი ნებაა, დავამკვიდროთ დემოკრატიული საზოგადოებრივი წესწყობილება, ეკონომიკური თავისუფლება, სოციალური და სამართლებრივი სახელმწიფო, უზრუნველვყოთ ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული უფლებანი და თავისუფლებანი, განვამტკიცოთ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა და სხვა ხალხებთან მშვიდობიანი ურთიერთობა, ჩვენი ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური კურსის, ქართველი ერის მრავალსაუკუნოვანი სახელმწიფოებრიობის ტრადიციებსა და საქართველოს 1921 წლის კონსტიტუციის ისტორიულ-სამართლებრივ მემკვიდრეობაზე დაყრდნობით ღვთისა და ქვეყნის წინაშე ვაცხადებთ ამ კონსტიტუციას.”

მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს და საკონსტიტუციო კომისიას გაითვალისწინოს ჩვენი წინადადება და კონსტიტუციაში ასახოს შესაბამისი ცვლილებები, რაც საქართველოს სახელმწიფოს საგარეო სტრატეგიული კურსის ურყევობას განამტკიცებს.

"კოალიცია ევრო-ატლანტიკური საქართველოსთვის” არის 23 ორგანიზაციისგან შემდგარი კოალიცია, რომლის მიზანია საქართველოს ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესის მხარდაჭერა.

კოალიციაში შემავალი ორგანიზაციები არიან :

1.    საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო - Transparency International Georgia
2.    სამოქალაქო განვითარების სააგენტო - Civil Development Agency
3.    სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება - International Society for Fair Elections and Democracy
4.    ფონდი ღია საზოგადოება საქართველო - Open Society Georgia Foundation
5.    საქართველოს რეფორმების ასოციაცია - GRASS
6.    საქართველოს ატლანტიკური საბჭო - Atlantic Council of Georgia
7.    საქართველოს ფერმერთა ასოციაცია - Georgian Farmers Association
8.    ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი - Institute for Development of Freedom of Information
9.    ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი - The Economic Policy Research Center
10. მწვანე ალტერნატივა - Green Alternative
11. საქართველოს უსაფრთხოებისა და განვითარების ცენტრი - Georgian Center for Security and Development
12. მედიის განვითარების ფონდი - Media Development Foundation
13. საქართველოს გაეროს ასოციაცია - UN Association of Georgia
14. საზოგადოება და ბანკები - Society and Banks
15. საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი - Georgian Foundation for Strategic and International Studies
16. საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა - Georgian Democracy Initiative
17. საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი - Georgian Institute of Politics
18  სტრატეგიული კვლევების რეგიონული ცენტრი - Regional Centre for Strategic Studies
1.  კვლევითი ჟურნალისტიკისა და ადვოკატირების ცენტრი - In Depth Reporting and Advocacy Center
20. ხმა საქართველოდან - Voice from Georgia
21. ლიბერალური აკადემია თბილისი - Liberal Academy Tbilisi
22. კავშირი საფარი - Union Safari
23. მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის - WEG