განცხადებები

კოალიცია ინფორმაციის სანდოობისთვის გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს!

26 მაისი საქართველოსთვის არა მხოლოდ დამოუკიდებლობის, არამედ დემოკრატიული და ევროპული იდეის სიმბოლოა. 1918 წლის 26 მაისს დაფუძნებული პირველი ქართული  სახელმწიფო - საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა, თანამედროვე დასავლური ცივილიზაციის უმთავრეს ფასეულობებს - დემოკრატიას, ადამიანის უფლებებსა და კანონის უზენაესობას ეფუძნებოდა.

ოკუპაციის ათწლეულების განმავლობაში, საბჭოთა პროპაგანდის მანქანა სისტემატურად შლიდა, ანადგურებდა და ამახინჯებდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ხსოვნას, და კონკრეტულად მის მთავარ მონაპოვარს - წარმატებულ ევროპულ და დემოკრატიულ სახელმწიფოებრიობას. მაშინ, როდესაც რუსეთში ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე სასტიკი და ტოტალიტარული სისტემა ყალიბდებოდა, საქართველოში სრულად იყო დაცული სიტყვისა და შეკრების თავისუფლება, სინდისის თავისუფლება, ტარდებოდა თავისუფალი და კონკურენტული არჩევნები. პოლიტიკურ კონკურენციასთან ერთად, პარტიები მაინც ახერხებდნენ თანამშრომლობას და საქართველომ მიაღწია სრულფასოვან საერთაშორისო, ანუ დე-იურე აღიარებას. 

1921 წელს, საქართველოს ოკუპაციისთანავე დაწყებული რეპრესიების, დახვრეტებისა და გადასახლებების რამდენიმე ტალღის შედეგად, საოკუპაციო რეჟიმმა თითქმის მთლიანად გაანადგურა თაობა, რომელიც საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკას ქმნიდა. ამავდროულად რუსეთი ისტორიის ქრონიკებიდან აქრობდა 1917-1921 წლების პერიოდს, ხატავდა მას როგორც უმნიშვნელო მოვლენას და კოლექტიური მეხსიერებაში ნერგავდა მახინჯ სტერეოტიპებს პირველი რესპუბლიკის დამფუძნებლებზე. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის გამოცდილებისა და წარმატების გაუფასურება დღესაც რუსული პროპაგანდის ქვაკუთხედია.

სწორედ ამიტომ, დღეს, 26 მაისს, მნიშვნელოვანია გავიხსენოთ არა მხოლოდ ის მსხვერპლი, რომელიც ქართველმა ხალხმა დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში გაიღო, არამედ გავავრცელოთ სწორი ისტორიული ფაქტები და ქმედითი ნაბიჯები გადავდგათ დეზინფორმაციასთან ბრძოლაში.