კოალიცია ინფორმაციის სანდოობისთვის მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას წინ აღუდგეს რუსულ დეზინფორმაციას უკრაინაში გაჩაღებულ ომთან დაკავშირებით
დღეს, 24 თებერვალს, რუსულმა სამხედრო ძალებმა, ომის გამოცხადების ნიშნად სახმელეთო და საჰაერო იერიშები მიიტანეს უკრაინის ტერიტორიაზე არსებულ სამოქალაქო და სამხედო ობიექტებზე. სანდო წყაროებზე დაყრდნობით ვრცელდება ინფორმაცია მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლის შესახებ.
უკრაინის წინააღმდეგ გაჩაღებული სამხედრო აგრესია პუტინის მმართველობისას, რუსეთის სახელმწიფოს იმპერიული იდეოლოგიის და ამბიციების გამოძახილია, რომლის განხორციელებასაც საბჭოთა რუსული ტოტალიტარული სისტემის გამოცდილების გაცოცხლებით და მექანიზმების აღდგენით უზრუნველყოფს.
ამ მიზნების მიღწევის მთავარი ინსტრუმენტი - რუსული საინფორმაციო ომის მანქანა, არსებული რეალობის გათვალისწინებით, უფრო გააძლიერებს მის სამიზნეებზე შეტევას იმ გზავნილებით, რომლებიც პუტინმა გაახმოვანა, რომ - საბჭოთა კავშირი ეს ისტორიული რუსეთია, რომ „ისტორიულ რუსეთად“ მოაზრებულ სივრცეში არავის არ ჰქონია სახელმწიფოებრიობის ტრადიცია და რომ რუსეთის იდეა დასავლური სამყაროსთვის საფრთხეა და ისინი ესხმიან თავს რუსეთს, რომელიც თავს იცავს.
რუსეთის მიერ დაწყებული ომისა და თანმდევი საინფორმაციო ომის ამ ახალ საფეხურზე გადასვლა, საფრთხეს წარმოადგენს საქართველოსთვისაც, რომელსაც სახელმწიფო და საზოგადოება მზად უნდა შეხვდეს. სამწუხაროდ, წლების მანძილზე სახელმწიფო პოლიტიკის პასიურობის ფონზე, რუსულ დეზინფორმაციულ კამპანიას და მის შემქმნელებს საქართველოში სასათბურე პირობები აქვთ და ფართო აუდიტორიაზე ზემოქმედებენ, რაც ხელსაყრელ გარემოს უქმნის რუსეთს, რომ საქართველოს საზოგადოებრივ აზრზე შეტევა უფრო მეტად გააძლიეროს.
არსებული გამოწვევების და საინფორმაციო ომის საფრთხის გათვალისწინებით, მივმართავთ საქართველოს ხელისუფლებას:
- 90 დღით შეუზღუდოს მაუწყებლობა ყველა პროპაგანდისტულ რუსულ სატელევიზიო არხს.
- საქართველოს პარლამენტმა მიიღოს უკრაინის მხარდამჭერი განახლებული რეზოლუცია და აღმასრულებელ დონეზე გადაიდგას უკრაინის მხარდამჭერი ქმედითი ნაბიჯები.
ხელმომწერი ორგანიზაციები:
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)
საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია sovlab
ევროპულ-ქართული ინსტიტუტი (EGI)
Საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS)
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია (GCJE)
ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI)
გამომძიებელ ჟურნალისტთა გაერთიანება “აი, ფაქტი”
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)
მედიის განვითარების ფონდი - MDF