განცხადებები

კოალიცია მადლობას უხდის ევროკავშირს საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის მინიჭებისთვის

დღეს ევროპის პარლამენტმა კიდევ ერთხელ აღიარა ქართველი ხალხის ისტორიული მისწრაფება ევროპისაკენ და საბოლოო კენჭისყრით მხარი დაუჭირა საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის შემოღებას. უახლოეს პერიოდში საქართველოს მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ, ევროპაში უვიზოდ იმოგზაურონ. კოალიცია „ევრო-ატლანტიკური საქართველოსთვის” მადლობას უხდის ევროპულ ოჯახს და მიესალმება ამ გადაწყვეტილებას. 

ამ გადაწყვეტილებით საქართველომ ევროკავშირთან ინტეგრაციის გზაზე კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა. ევროკავშირის ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლით კონკრეტულ სარგებელს მიიღებს არა მხოლოდ საქართველო, როგორც სახელმწიფო, არამედ ჩვენი ქვეყნის თითოეული, მათ შორის ოკუპირებულ ტერიორიებზე მცხოვრები, მოქალაქე. აღნიშნული ხელს შეუწყობს, როგორც საქართველოსა და ევროკავშირის ხალხთა შორის კულტურული და პირადი ურთიერთობების გაღრმავებას, ასევე სტიმული იქნება ტურიზმისა და ეკონომიკური კავშირების გაძლიერებისათვის.

დღევანდელი კენჭისყრა ასევე ადასტურებს, რომ საქართველომ სრულად შეასრულა ვიზალიბერალიზაციისთვის აუცილებელი მოთხოვნები. შესაბამისად, საქართველომ ევროპას და მთელ მსოფლიოს აჩვენა, რომ შეუძლია ეფექტური რეფორმების გატარება, მაშინ, როდესაც საქმე საქართველოს სტრატეგიულ ინტერესებსა და მიზნებს ეხება. მიუხედავად იმისა, რომ უვიზო მიმოსვლა არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი საქართველოს ევროპასთან ინტეგრაციის გზაზე, ჩვენი ქვეყანა არ უნდა დაკმაყოფილდეს ამ მიღწევით, საქართველოს მთავრობამ უნდა გააგრძელოს დემოკრატიული რეფორმები და დაიწყოს საუბარი ევროპის კავშირში საქართველოს გაწევრების პერსპექტივაზე. 

დღევანდელი დღე დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში თითოეული ღირსეული მოქალაქის, საჯარო მოხელეების, თუ კონკრეტული პოლიტიკოსის თანმიმდევრული და თავდაუზოგავი მუშაობის შედეგია. წარსულშიც და მომავალშიც საქართველოს წარმატება საერთო მიზნის მისაღწევად საზოგადოების კონსოლიდაცის და გაერთიანების საფუძველზე იყო და არის შესაძლებელი. ქართველმა ხალხმა არაერთხელ დაამტკიცა ქვეყნის ისტორიული ევროატლანტიკური არჩევანისა და დასავლური ღირებულებების მიმართ ერთგულება, რაც მომავალში ჩვენი ქვეყნის ევროპულ ოჯახში დაბრუნების გარანტი გახდება.



"კოალიცია ევრო-ატლანტიკური საქართველოსთვის” არის 23 ორგანიზაციისგან შემდგარი კოალიცია, რომლის მიზანია საქართველოს ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესის  მხარდაჭერა. კოალიციაში შემავალი ორგანიზაციები არიან :
1.    საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო - Transparency International Georgia
2.    სამოქალაქო განვითარების სააგენტო - Civil Development Agency
3.    სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება - International Society for Fair Elections and Democracy
4.    ფონდი ღია საზოგადოება საქართველო - Open Society Georgia Foundation
5.    საქართველოს რეფორმების ასოციაცია - GRASS
6.    საქართველოს ატლანტიკური საბჭო - Atlantic Council of Georgia
7.    საქართველოს ფერმერთა ასოციაცია - Georgian Farmers Association
8.    ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი  - Institute for Development of Freedom of Information
9.    ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი - The Economic Policy Research Center
10.  მწვანე ალტერნატივა - Green Alternative
11.  საქართველოს უსაფრთხოებისა და განვითარების ცენტრი - Georgian Center for Security and Development
12.  მედიის განვითარების ფონდი - Media Development Foundation
13.  საქართველოს გაეროს ასოციაცია - UN Association of Georgia
14.  საზოგადოება და ბანკები  - Society and Banks
15. საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი - Georgian Foundation for Strategic and International Studies
16.  საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა - Georgian Democracy Initiative
17.  საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი - Georgian Institute of Politics
18.  სტრატეგიული კვლევების რეგიონული ცენტრი - Regional Centre for Strategic Studies
19.  კვლევითი ჟურნალისტიკისა და ადვოკატირების ცენტრი - In Depth Reporting and Advocacy Center
20.  ხმა საქართველოდან - Voice from Georgia
21.  ლიბერალური აკადემია თბილისი - Liberal Academy Tbilisi
22.  კავშირი საფარი - Union Safari
23.   მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის - WEG