კოალიცია „მედია ადვოკატირებისთვის“ რუსეთთან აფილირებული პროპაგანდისტული მედიასაშუალებების დაბლოკვას ითხოვს
კოალიცია „მედიის ადვოკატირებისთვის“ მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს, კომუნიკაციების კომისიას და ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორებს მიიღონ ეფექტიანი ზომები საქართველოში რუსეთის სახელმწიფოს მიერ კონტროლირებადი და კრემლის სხვა პროპაგანდისტული მედიების შეჩერებისთვის.
2022 წლის 24 თებერვალს უკრაინაში შეჭრის, მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმის და საერთაშორისო სამართლის ნორმების უხეში დარღვევის ფონზე, რუსეთი, პროპაგანდისტული მედიის საშუალებით ახდენს უკრაინაში შეჭრის ლეგიტიმაციას, დეზინფორმაციის გავრცელებას, ცალკეულ ადამიანებზე მათ შორის, ჟურნალისტებზე თავდასხმას. სწორედ ეს იყო ევროკავშირის მოტივაცია, როცა რუსეთის მთავრობასთან აფილირებული მედია დაბლოკა. რუსულ სამთავრობო მედიას სანქციები დაუწესა სოციალურმა მედიამაც. მანამდე სანქცირებულთა სიაში აღმოჩნდნენ მთავრობასთან აფილირებული რუსი ჟურნალისტებიც, რომლებიც რუსული დამპყრობლური პროპაგანდის პოპულარიზაციაში მნიშვნელოვან როლს თამაშობენ.
მსგავსს სტრატეგიას იყენებს რუსეთი საქართველოშიც. რუსული სამთავრობო თუ მასთან აფილირებული ადგილობრივი მედიის და სოციალური ქსელების დახმარებით, ავრცელებს ყალბ ინფორმაციას უკრაინაში მიმდინარე ომის შესახებ და ცდილობს გაამართლოს საკუთარი იმპერიალისტური პოლიტიკა. გასათვალისწინებელია, რომ საქართველო რუსული დეზინფორმაციის ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა. რუსეთი 2008 წელს თავს დაესხა ჩვენ ქვეყანას და დღემდე ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიის 20%.
საქართველოს ხელისუფლება ვერ აცნობიერებს საფრთხეს, რომელიც პროპაგანდისტული მედიის მხრიდან მომდინარეობს და არ დგამს სათანადო ნაბიჯებს მათ საწინააღმდეგოდ. რუსეთთან აფილირებული პროპაგანდისტული მედიის საქმიანობის შეზღუდვისთვის დღეს საქართველოში არსებული საკანონმდებლო საფუძვლების პარალელურად, მნიშვნელოვნად მიგვაჩნია:
- საქართველოს პარლამენტმა დააწესოს სანქციები ოკუპანტი სახელმწიფოს პროპაგანდის გავრცელებისთვის. საფუძვლად გამოიყენოს „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“საქართველოს კანონი და შეიტანოს მასში შესაბამისი ცვლილებები.
- სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა და საქართველოს პროკურატურამ, დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება „ალტ-ინფოსა“ და პარტია „კონსერვატიული მოძრაობის“ მმართველი პირების მიმართ, ვინაიდან მათ ქმედებებში იკვეთება საქართველოს კონსტიტუციური წყობილებისა და უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ნიშნები.
- კომუნიკაციების კომისიამ და ინტერნეტ სერვის პროვაიდერებმა, გამოიყენონ „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების შესახებ რეგლამენტის“ 25-ე მუხლის მე-4 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შესაძლებლობა და დაბლოკონ რუსეთის სახელმწიფოს მიერ კონტროლირებადი და კრემლის პროპაგანდისტული ვებგვერდები.
- მოვუწოდებთ ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორებს, გამოავლინონ მაღალი სახელმწიფოებრივი პასუხისმგებლობა და მიიღონ შესაბამისი ზომები საქართველოში რუსეთის სახელმწიფო მედიებისა და მასთან აფილირებული პროპაგანდისტული მედიების ტრანსლაციის შესაზღუდად.
კოალიცია „მედიის ადვოკატირებისთვის“ წევრი ორგანიზაციები გამოვთქვამთ მზადყოფნას სამართლებრივი დახმარება გავუწიოთ ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორებს პროპაგანდისტული არხების ტრანსლაციის შეჩერებასთან დაკავშირებულ შესაძლო დავებში.