კოალიცია მოითხოვს ობიექტურად და გამჭვირვალედ წარიმართოს მოსამართლეთა დანიშვნის პროცესი
კოალიცია ეხმაურება იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მიმდინარე მოსამართლეთა შერჩევის კონკურსს, რომელიც მოსამართლის 61 ვაკანტურ თანამდებობაზეა გამოცხადებული.
წლებია არასამთავრობო ორგანიზაციები მივუთითებთ მოსამართლეთა შერჩევისა და დანიშვნის მოქმედი წესის ძირეულ ხარვეზებზე, რომლის შედეგადაც იუსტიციის უმაღლესი საბჭო მოსამართლის თანამდებობაზე დანიშვნას ახორციელებს გაუმჭვირვალე და დაუსაბუთებელი გადაწყვეტილებებით. შედეგად, საბჭოს მიერ გაკეთებული არჩევანის, ისევე როგორც მთელი პროცესის ობიექტურობის შეფასება შეუძლებელია, როგორც კონკურსში მონაწილე პირების, ასევე გარე დამკვირვებლისათვის. მსგავსი სისტემა ქმნის რეალურ საფუძველს იმისათვის, რომ საბჭოს წევრებმა, ყოველგვარი საზოგადოებრივი კონტროლისა და მეთვალყურეობის გარეშე, დანიშნონ მათთვის სასურველი ნებისმიერი კანდიდატი, რომელიც ფორმალურად აკმაყოფილებს დადგენილ კრიტერიუმებს.
როგორც ცნობილია, საქართველოს პარლამენტში ინიცირებულია სასამართლო სისტემის რეფორმის მესამე ტალღის კანონპროექტები, რომლებიც მათ შორის ითვალისწინებს რიგ ცვლილებებს მოსამართლეთა დანიშვნის წესში. აღნიშნული კანონპროექტების მიღება გარკვეულწილად გააუმჯობესებს მოსამართლეთა დანიშვნის სისტემას, თუმცა ვერ აღმოფხვრის მთავარ პრობლემას, რაც საბჭოს მიერ გადაწყვტილების დასაბუთებას უკავშირდება. ამდენად, რეფორმირებული კანონმდებლობის პირობებშიც კი ვხედავთ მოსამართლეთა დანიშვნის სისტემის არაკეთილსინდისიერი გამოყენების რისკებს.
მიუხედავად იმისა, რომ მოსამართლეთა შერჩევა/დანიშვნის ხარვეზიანობა დიდწილად კანონის პრობლემებს უკავშირდება, მნიშვნელოვანია, რომ სათანადოდ შეფასდეს საბჭოს როლი და პასუხისმგებლობა ამ პროცესში.
კოალიციის წევრი ორგანიზაციები რეგულარულად აკვირდებიან საბჭოს მუშაობას, რის შედეგადაც ნათელი ხდება, რომ საბჭოს უჭირს საკუთარი მოვალეოებების ეფექტურად შესრულება და ქმედითი გადაწყვეტილებების მიღება. საბჭოში მიმდინარე დისკუსიები ხშირად სრულიად არაჯანსაღ და არაეთიკურ სახეს იღებს. საბჭოს წევრთა მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცესი და საჭირო ხმათა რაოდენობის შეგროვების სტრატეგიები კი უფრო და უფრო მეტ კითხვას აჩენს საზოგადოებაში. ამ პირობებში, კოალიცია განსაკუთრებით მწვავედ აფასებს მოსამართლეთა შერჩევის მიზნით მიმდინარე მასშტაბურ კონკურსს.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ როგორც სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიერ, ასევე სახალხო დამცველის ოფისის მხრიდან წლების განმავლობაში მომზადებულია არაერთი ანგარიში სასამართლო სისტემის შესახებ, რომელშიც გამოთქმულია მწვავე კრიტიკა და შეფასებები ცალკეული საქმეების თუ მოქმედი და ყოფილი მოსამართლეების მიმართ. მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში ფუნდამენტური უფლების დარღვევაზე ყურადღებას ასევე ამახვილებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო თავის არაერთ გადაწყვეტილებაში.
სამწუხაროდ, კოალიცია ხედავს რისკებს, რომ საბჭოში მიმდინარე პროცესების და ხარვეზიანი კანონმდებლობის ფონზე, მოსამართლეთა თანამდებობები კიდევ ერთხელ დაიკავონ პირებმა, რომელთა სამოსამართლეო პრაქტიკის მიმართ არაერთი კითხვა და კრიტიკა არსებობს. საკითხი განსაკუთრებით მწვავეა იმ ფონზე, როდესაც ქვეყანაში მოქმედებს მოსამართლეთა უვადო დანიშვნის სისტემა.
უნდა ითქვას, რომ კოალიცია მხედველობაში იღებს სასამართლო სისტემაში მოსამართლეთა რიცხვის კრიტიკულ სიმცირეს, რაც საქმეთა რაოდენობის მკვეთრ ზრასთან ერთად, მართმსაჯულების ხარისხზე აისახება და საბჭოს მხრიდან დროული მოქმედების საჭიროებას მოითხოვს. ამდენად, არსებულ ვითარებაში, კოალიცია განსაკუთრებულად უსვამს ხაზს საბჭოს ინდივიდუალური წევრების მხრიდან საკუთარი ვალდებულებების კეთილსინდისიერად და მაღალი პასუხისმგებლობით შესრულების მნიშვნელობას. პროცესი უნდა ჩატარდეს პროცედურების ზედმიწევნით დაცვით და თავიდან უნდა იყოს აცილებული ინტერესთა კონფლიქტის ყველა შესაძლო შემთხვევა, მათ შორის, მოსამართლეთა შერჩევის კონკურსთან დაკავშირებულ მსჯელობაში მონაწილეობა არ უნდა მიიღოს საბჭოს ისეთმა წევრმა, რომელიც თავის მხრივ ერთ-ერთი კონკურსანტია.
კოალიცია მოუწოდებს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს და მის ინდივიდუალურ წევრებს:
• უზრუნველყონ მოსამართლეთა დანიშვნის პროცესის ღიად, გამჭვირვალედ და ობიექტურად წარმართვა;
• განსაკუთრებული გულისხმიერებით მოეკიდონ სასამართლო სისტემის შესახებ შექმნილ კრიტიკულ ანგარიშებს;
• ჩაატარონ მოსამართლეობის კანდიდატთა წარსული გამოცდილების სრული, ყოველმხრივი და ობიექტური შესწავლა და შედეგების ადეკვატურად ასახვა საკუთარ გადაწყვეტილებებში.
კოალიცია ასევე მოუწოდებს პარლამენტს და ხელისუფლებას:
• შეუფერხებლად და დროულად წარმართოს ინიცირებული კანონპროექტის მიღების პროცესი;
• დროულად დაგეგმოს და განახორციელოს მოსამართლეთა შერჩევისა და დანიშვნის პროცესის ძირეული რეფორმა, რაც გამორიცხავს ამ სისტემით მანიპულირების და სისტემაში შეუფერებელი კადრების მოხვედრის შესაძლებლობას;