კოალიცია მოსამართლეთა ნაწილის პროტესტს ეხმაურება
კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ მიიჩნევს, რომ მოსამართლეთა ნაწილის საჯარო გამოხმაურება და მოსამართლეთა კონფერენციის ადმინისტრაციული კომიტეტის მიერ გაკეთებული განცხადებისგან[1] გამიჯვნა, მნიშვნელოვანი ნაბიჯი შეიძლება იყოს სასამართლოს მიმართ საზოგადოებრივი ნდობის აღდგენისათვის.
როგორც საზოგადოებისთვის არის ცნობილი, მიმდინარე წლის 31 ოქტომბერს გამართულ მოსამართლეთა კონფერენციაზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ორი მოსამართლე წევრი აირჩა. კონფერენცია ისე წარიმართა, რომ საზოგადოებას არ ჰქონდა საკმარისი ინფორმაცია დღის წესრიგში მითითებულ საკითხებზე, მათ შორის, თუ რომელი მოქმედი წევრები და რა მიზეზით ტოვებდნენ საბჭოს შემადგენლობას.[2] გასათვალისწინებელია ისიც, რომ კონფერენცია ჩაინიშნა არჩევნების მეორე დღეს, რა დროსაც, საზოგადოებრივი და მედია ყურადღება სწორედ საარჩევნო საკითხებზე იყო მიმართული.
ბუნებრივია, რომ კონფერენციის ამ ფორმით და ასეთ კონტექსტში ჩატარებამ კრიტიკული შეფასებები დაიმსახურა ადგილობრივი და საერთაშორისო აქტორებისგან.[3] გამოთქმული კრიტიკა შეეხებოდა კონფერენციის გაუმჭვირვალე, არაკონკურენტულ გარემოში ჩატარებას, რომელზე მიღებული გადაწყვეტილებების არგუმენტები დღემდე უცნობია საზოგადოებისთვის.
კრიტიკაზე საპასუხოდ, მიმდინარე წლის 4 ნოემბერს, საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის ადმინისტრაციულმა კომიტეტმა სპეციალური განცხადება გაავრცელა. განცხადებაში, ნაცვლად საზოგადოებაში არსებულ კითხვებზე პასუხების გაცემისა, ადმინისტრაციული კომიტეტი სასამართლოს დამოუკიდებლობაზე აქცენტით სამოქალაქო ორგანიზაციებსა და საერთაშორისო აქტორებს სასამართლო სისტემის საქმიანობაში ჩარევაში ადანაშაულებს.
აღსანიშნავია, რომ სასამართლოს დამოუკიდებლობა, იმთავითვე გულისხმობს მაღალ ანგარიშვალდებულებას საზოგადოების წინაშე. შესაბამისად, მართლმსაჯულების სისტემის ირგვლივ მიმდინარე გაუმჭვირვალე და დაუსაბუთებელი პროცესები თუკი საზოგადოებრივ კრიტიკას იმსახურებს, ეს სრულებით ლოგიკურია და არ უნდა შეფასდეს ინსტიტუტის საქმიანობაში ჩარევად. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ადმინისტრაციულ კომიტეტს არ აქვს მანდატი, განცხადებას ავრცელებდეს იმგვარ კონტექსტში, რომ თითქოს ეს არის მთლიანად სასამართლო კორპუსის პოზიციები. სასამართლო სისტემა არ უნდა იყოს აღქმული, როგორც მონოლითური ერთობა, სადაც ცალკეულ მოსამართლეებს არ გააჩნიათ განსხვავებული, კრიტიკული პოზიციები.
ადმინისტრაციული კომიტეტის განცხადების პრობლემურობა ნათლად წარმოაჩინა იმანაც, რომ მომდევნო დღეებში მას რამდენიმე მოსამართლე საჯაროდ გაემიჯნა. განსხვავებულ პოზიციაზე მყოფი მოსამართლეებისთვის მიუღებელი აღმოჩნდა განცხადების პათოსი და მათ საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების მიმართ საკუთარი მადლიერება და პატივისცემა საჯაროდ დააფიქსირეს.
არსებულ კონტექსტში სასამართლოს შიგნით არ არის წახალისებული განსხვავებული აზრის დაფიქსირება და ასეთი მოსამართლეები შესაძლოა არაერთგზის დაექვემდებარონ შიდა-კრიტიკას. სწორედ ამიტომ, მივიჩნევთ, რომ სასამართლო ხელისუფლების გაჯანსაღებისათვის, აუცილებელი შინაარსობრივი პროცესების დასაწყებად, სასამართლო სისტემაში განსხვავებული და კრიტიკული აზრის არსებობა, მისი მხარდაჭერა და გაძლიერება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
კოალიციაში შემავალი ორგანიზაციები, წარსული გამოცდილების გათვალისწინებით, ვიაზრებთ რა, რომ სისტემაში არსებული გავლენიანი ჯგუფი ე.წ. კლანი იყენებს მის ხელთ არსებულ ყველა ბერკეტს განსხვავებული აზრის მქონე მოსამართლეებზე ზემოქმედებისათვის:
- მოვუწოდებთ, მოქმედ და ყოფილ მოსამართლეებს, ღიად და საჯაროდ ისაუბრონ სასამართლო სისტემაში არსებულ გამოწვევებზე;
- გამოვთქვამთ სრულ მზადყოფნას, როგორც ეროვნულ, ასევე საერთაშორისო დონეზე დავიცვათ მოსამართლეების ინტერესები, განსხვავებული და კრიტიკული აზრის გამოხატვის გამო, მათ წინააღმდეგ პირდაპირი ან ირიბი გზით სხვადასხვა სახის სადამსჯელო მექანიზმის ამოქმედების შემთხვევაში.
-----
[1] საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის ადმინისტრაციული კომიტეტის განცხადება, ელექტრონულად ხელმისაწვდომია:https://bit.ly/3H1KoFZ.
[2] კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ მოსამართლეთა კონფერენციის დანიშვნას ეხმაურება,ელექტრონულად ხელმისაწვდომია: https://bit.ly/3kgEpDB.
[3] იხ. აშშ-ს საელჩოს განცხადება მოსამართლეთა კონფერენციის შესახებ, ელექტრონულად ხელმისაწვდომია: https://bit.ly/3EOPy6s;საქართველოში ევროკავშირი ელჩის, კარლ ჰარცელის განცხადება მოსამართლეთა კონფერენციის შესახებ, ელექტრონულადხელმისაწვდომია: https://bit.ly/3k9FDAa.