განცხადებები

კოალიცია მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს ირაკლი კობახიძის გამონათქვამები პარლამენტის წევრის ეთიკის კოდექსის ფარგლებშიც შეისწავლოს

2022 წლის 25 ივლისს „მთავარი არხის“ ჟურნალისტი, ნატალი ჯახუტაშვილი „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის აგრესიული სიტყვიერი თავდასხმის სამიზნედ იქცა [1]. პროფესიული საქმიანობის შესრულებისას ირაკლი კობახიძე ჟურნალისტს შეურაცხმყოფელი ფრაზებით მიმართავდა და სექსისტური ენით ესაუბრებოდა.

მედიის ადვოკატირების კოალიცია გმობს ირაკლი კობახიძის მიერ ჟურნალისტზე თავდასხმას და მოუწოდებს მმართველ პარტიას, „ქართულ ოცნებას”, მიიღოს ზომები ევროპასთან ინტეგრაციის პროცესში არსებული ვალდებულებების შესასრულებლად, რაც მოიცავს ხელისუფლების პასუხისმგებლობას გააუმჯობესოს მედიაგარემო ქვეყანაში.

გასათვალისწინებელია, რომ „საქართველოს პარლამენტის წევრის ეთიკის კოდექსი”[2] საქართველოს პარლამენტის წევრებს უზღუდავს, მოქალაქეებთან ურთიერთობისას არაკორექტული და შეურაცხმყოფელი ლექსიკით საუბარს. ასევე, ვალდებულები, საჯარო ფუნქციის შესრულებისას, მათთან კომუნიკაციაში მყოფ პირებს არ შეულახონ პატივი და ღირსება.


კოალიცია „მედიის ადვოკატირებისთვის“ მოუწოდებს პარლამენტს საქართველოს პარლამენტის წევრის ეთიკის ფარგლებშიც განიხილოს აღნიშნული მძიმე შემთხვევა და მიიღოს სათანადო ზომები.

კოალიცია კიდევ ერთხელ მიმართავს მმართველ პოლიტიკურ გუნდს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ჟურნალისტების მიმართ ძალადობის წახალისება, სექსისტური და დისკრიმინაციული ენის გამოყენება. Პოლიტიკოსებმა თმენის ვალდებულების ფარგლებში კორექტულად უნდა უპასუხონ ისეთ კითხვებსაც, რაც მათთვის შესაძლოა არაკომფორტული იყოს.

 



[1]  https://bit.ly/3RWDGXr
[2] საქართველოს პარლამენტის წევრის ეთიკის კოდექსი https://bit.ly/3z9Q7Gt