განცხადებები

კოალიცია პარლამენტს მოუწოდებს, კლანური მმართველობის შესახებ დადგენილების პროექტს მხარი დაუჭიროს

დამოუკიდებელი და სანდო სასამართლოს არსებობა არა მხოლოდ კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებათა დაცვის, არამედ ქვეყნის ეკონომიკური განვითარების აუცილებელი წინაპირობაა. ქვეყნის დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან თითქმის 30-ე წლისთავზე საქართველოში დამოუკიდებელი სასამართლოს შექმნა კვლავ ვერ ხერხდება. სამწუხაროდ, დღეს ისევ გვიწევს საუბარი პოლიტიკურად მიკერძოებულ მართლმსაჯულებაზე, სასამართლოში არსებულ პოლიტიკურ ზეგავლენებსა და კორუფციაზე. სასამართლო კვლავაც ვერ ასრულებს სხვა სახელისუფლებო შტოების ბოჭვისა და კონტროლის ფუნქციას, ხოლო მართლმსაჯულება შინაარსობრივად დაშორებულია ადამიანის უფლებების სტანდარტებსა და სამართლიანობას.

საზოგადოებისთვის სიახლე არ არის, რომ ქართული სასამართლო სისტემა კრიზისში იმყოფება და მის მიმართ ნდობის ხარისხი დაბალია. საკანონმდებლო რეფორმის ტალღებმა ის თვისობრივად ვერ შეცვალა, რისი მთავარი მიზეზი სისტემაში არსებული კლანური მმართველობაა. „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ სასამართლოში ძალაუფლება შეინარჩუნა მოსამართლეთა იგივე ჯგუფმა (კლანმა), რომელიც სისტემას ჯერ კიდევ „ნაციონალური მოძრაობის“ დროს აკონტროლებდა. ეს ჯგუფი გარიგებაში შევიდა ახალ ხელისუფლებასთან და გააგრძელა სასამართლო სისტემის გადაწყობა მისადმი ერთგულების ნიშნით. 2012 წელს ხელისუფლების ცვლილების შემდეგ სასამართლო სისტემაში გაჩენილი განსხვავებული აზრი ნელ-ნელა შემცირდა და ბოლოს გაქრა. სისტემა მიუწვდომელი გახდა ასეთი ადამიანებისთვის, მოსამართლეთა თვითმმართველობა იქცა არა სასამართლოს გაჯანსაღების, არამედ კლანური მმართველობის გაძლიერების მექანიზმად.

სასამართლო სისტემაში არსებულ მმართველობით კრიზისს ადასტურებს ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების  განცხადებები და ანგარიშები.

2018 წლის ბოლოს პარლამენტში წარდგენილმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა 10 კაციანმა სიამ და 2019 წლის მეორე ნახევარში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესმა სისტემაში არსებული პრობლემები კიდევ უფრო გამოააშკარავა. 2019 წლის 11 დეკემბერს კოალიციამ მოუწოდა საქართველოს პარალმენტს, რომ მხარი არ დაეჭირა უზენაესი სასამართლოს კანდიდატთა 20 კაციანი სიისათვის, რომელთა აბსოლუტური უმრავლესობა ვერ აკმაყოფილებდა მოსამართლისთვის დადგენილ მოთხოვნებს. ამის მიუხედავად, საკანონმდებლო ორგანომ კლანის მიმართ ლოიალურად განწყობილი 14 პირი უვადოდ განაწესა უმაღლესი ინსტანციის სასამართლოში.

უზენაესი სასამართლოზე კონტროლის დამყარების შემდეგ, იუსტიციის უმაღლესი საბჭომ უმაღლეს წარმომადგენლობით ორგანოს წარუდგინა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურა, რომელიც გაუმჭვირვალე და ნაჩქარევი პროცესის შედეგად შეირჩა. პარლამენტმა კოალიციის მოწოდების მიუხედავად წარმოდგენილი კანდიდატურას მხარი მაინც დაუჭრა.   

დღესდღეობით კლანური მმართველობის გავლენა უკვე გაცდა საერთო სასამართლოების ფარგლებს და საკონსტიტუციო სასამართლოში გადაინაცვლა. 2020 წლის აპრილსა და მაისში საგანგებო მდგომარეობისა და პანდემიური კრიზისის პირობებში უზენაესი სასამართლოს პლენუმმა ისარგებლა საზოგადოებრივი ყურადღების ნაკლებობით და გაუმჭვირვალე პროცედურებით საკონსტიტუციო სასამართლოს წევრებად ორი ახალი კანდიდატი - ხვიჩა კიკილაშვილი და ვასილ როინიშვილი შეარჩია, რომელთა კვალიფიკაცია და კეთილსინდისიერება კრიტიკას ვერ უძლებს. მათი დანიშვნის მთავარი კრიტერიუმი ამ შემთხვევაშიც კლანის მიმართ ერთგულებაა.

ამის გათვალისწინებით, კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის“ მიიჩნევს, რომ სასამართლო რეფორმა ჩიხშია შესული. სასამართლო სისტემის გაჯანსაღება შეუძლებელია პრობლემის აღიარებისა და მისთვის სახელის დარქმევის გარეშე. აქედან გამომდინარე, კოალიცია მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს მხარი დაუჭიროს ინიცირებული დადგენილებას საქართველოს სასამართლო სისტემაში კლანური მმართველობის აღიარების თაობაზე და საზოგადოებასთან ერთად გადადგას ნაბიჯები კლანური მმართველობის აღმოფხვრისა და სასამართლო სისტემის რეალური რეფორმირებისკენ.