განცხადებები

კოალიცია პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრებების დაწყებას ეხმაურება

კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის“ გაუმართლებლად მიიჩნევს პარლამენტის მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრებების დაწყებას. მოსამართლეთა შერჩევა/დანიშვნის არსებული წესი ვერ უზრუნველყოფს კონკურსის წარმართვას პარტიული გავლენებისგან თავისუფლად და შერჩევის წინა შემთხვევები აჩვენებს, რომ კანდიდატები არ ფასდებიან მათი კვალიფიკაციისა და პროფესიული კეთილსინდისიერების მიხედვით. ამასთანავე, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ დაარღვია კანდიდატთა წარდგენის კანონით დადგენილი ვადა.

2021 წლის 22 ნოემბერს ცნობილი გახდა, რომ  იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ პარლამენტისთვის წარდგენილ ოთხ კანდიდატთან გასაუბრება 25-26 ნოემბერს ჩატარდება. ამჟამად უზენაეს სასამართლოში 5 ვაკანტური  პოზიციაა და 3 დამოუკიდებელი კონკურსი მიმდინარეობს, რომლებიც ჯერ კიდევ 2020 წლის შემოდგომაზე გამოცხადდა.[1] აღსანიშნავია, რომ საბჭოს მიერ პარლამენტისთვის წარდგენილი კანდიდატებიდან სამი მათგანი (ნინო სანდოძე, თამარ ოქროპირიძე, თეა ძიმისტარაშვილი) უკვე მონაწილეობდნენ წინა (2020 წლის 7 ოქტომბრის განკარგულებით გამოცხადებულ) კონკურსში, რომლის დროსაც ისინი შემდეგ ეტაპზე ვერ გადავიდნენ.[2] მართალია, კანონმდებლობა იძლევა შესაძლებლობას, რომ თუკი პარლამენტი მოსამართლედ არ დანიშნავს საბჭოს მიერ წარდგენილ ყველა კანდიდატს, საბჭომ იმავე კონკურსში მონაწილე სხვა პირებისაგან (გასაუბრებების ხელახლა ჩატარების გარეშე, უკვე არსებული შეფასებების საფუძველზე) საუკეთესო შედეგების მქონე კანდიდატები 2 კვირის ვადაში შეარჩიოს.[3] თუმცა, ეს ვადა საბჭომ ცალსახად დაარღვია, რადგან ამ კანდიდატების შემდეგ ეტაპზე გადაყვანის გადაწყვეტილება მიმდინარე წლის 4 ნოემბერს მიიღო,[4] მაშინ როცა 2 კვირიანი ვადის დინება  2021 წლის 12 ივლისს დაიწყო (როცა პარლამენტმა სრულად არ დანიშნა საბჭოს მიერ წარდგენილი ყველა კანდიდატი)[5].

გარდა ზემოაღნიშნული ფორმალური მიზეზისა, უშუალოდ ამ კონკურსის ფარგლებში  მიმდინარე უზენაესი სასამართლოს წევრთა გასაუბრებებისა და შეფასების პროცესი, ლეგიტიმაციის ცალსახა კრიზისით ხასიათდებოდა და წინა წლების მსგავსად, ხარვეზებით მიმდინარეობდა. კერძოდ, საბჭოს წევრების შეფასებები ტოვებდა არათანმიმდევრულობის, კანდიდატების მიმართ უთანასწორო დამოკიდებულების და შაბლონურობის შთაბეჭდილებას.[6]

საბჭოს არსებული შემადგენლობისადმი ფუნდამენტური კრიტიკისა და მის მიმართ საზოგადოებრივი უნდობლობის მიღმა, პრობლემურია ისიც, რომ პარლამენტი აღნიშნულ საკითხზე გადაწყვეტილებებს იღებს უბრალო უმრავლესობით, რა დროსაც სავალდებულო არ არის პოლიტიკური კონსენსუსი კანდიდატების თაობაზე. შესაბამისად, სასამართლო სისტემის არსებითი რეფორმისა და პარლამენტში ამ გადაწყვეტილების პოლიტიკური კონსესუსით მიღების ვალდებულების გაჩენამდე, უზენაესი სასამართლოს სრულად დაკომპლექტება, არ ემსახურება მართლმსაჯულების ინტერესებს და აჩენს შესაძლებლობას, რომ სასამართლო სისტემაზე პოლიტიკური გავლენები კიდევ უფრო გაძლიერდეს.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს უარი თქვას უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნაზე მანამ, სანამ არ გატარდება მართლმსაჯულების სისტემური რეფორმა და სავალდებულო არ იქნება ამ საკითხზე პოლიტიკური კონსენსუსით გადაწყვეტილების მიღება.

 

 

[1] „საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტისათვის წარსადგენი კანდიდატების შერჩევის პროცედურის დაწყების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს: (1) 2020 წლის 7 ოქტომბრის N1/134 განკარგულება, 9 ვაკანსია თავდაპირველად, პარლამენტის მიერ (2021 წლის 12 ივლისის) პირველადი დანიშვნების შემდეგ დარჩა 3 ვაკანტური პოზიცია, ხელმისაწვდომია: http://hcoj.gov.ge/files/pdf%20gadacyvetilebebi/2020/134.pdf; (2) 2020 წლის 2 ნოემბრის N1/138 განკარგულება, 1 ვაკანსია, ხელმისაწვდომია: http://hcoj.gov.ge/Uploads/2021/2/138.pdf; (3) 2020 წლის 20 ნოემბრის N1/207 განკარგულება, 1 ვაკანსია, ხელმისაწვდომია: http://hcoj.gov.ge/Uploads/2021/2/207-2020.pdf.

[2] პარლამენტისთვის წარდგენილი კანდიდატები, 17 ივნისი 2021, ხელმისაწვდომია: https://bit.ly/35TqDzf.

[3] „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი, 341 მუხლი, მე-15 პუნქტი.

[4] “საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტისათვის წარსადგენი კანდიდატების შერჩევის შემდგომ ეტაპზე კანდიდატების გადასვლის შესახებ” საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2021 წლის 4 ნოემბრის N1/182 განკარგულება, ხელმისაწვდომია: http://hcoj.gov.ge/Uploads/2021/11/182.pdf.

[5] პარლამენტმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 6 კანდიდატს დაუჭირა მხარი, პლენარული სხდომები, 12 ივლისი 2021, ხელმისაწვდომია: https://bit.ly/30Swzcw.

[6] უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატების შერჩევა თვითნებურად და უსამართლოდ მიმდინარეობს, 24 ივნისი 2021, ხელმისაწვდომია: https://bit.ly/30Qc93u.