განცხადებები

კულტურის მინისტრის არაკონსტიტუციური უფლებამოსილება

22 თებერვალს ლაშა ჩხვიმიანის სახელით საქართველოს დემოკრატიულმა ინიციატივამ (GDI) და სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ (ISFED) საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართეს. წარდგენილი სარჩელით ორგანიზაციები კანონმდებლობის იმ ნორმების კონსტიტუციურობის საკითხს აყენებს ეჭქვეშ, რომლებიც საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრს შეუზღუდავ დისკრეციას ანიჭებს, თეატრის ხელმძღვანელის თანამდებობაზე პირები მხოლოდ საკუთარი შეხედულებებით დანიშნოს. 

ლაშა ჩხვიმიანი 4 წლის განმავლობაში იყო სსიპ `„ზინაიდა კვერენჩხილაძის სახელობის დმანისის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის” სამხატვრო ხელმძღვანელი. უფლებამოსილების ვადის გასვლის შემდეგ, მან საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ დმანისის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის შესარჩევ კონკურსში მიიღო მონაწილეობა. კონკურსში მხოლოდ ერთი კანდიდატი - ლაშა ჩხვიმიანი მონაწილეობდა. მიუხედავად იმისა, რომ ლაშა ჩხვიმიანის საქმიანობას დადებითად აფასებდნენ სამინისტროსთან არსებული სარეკომენდაციო საბჭოს წევრები, მინისტრმა, თეა წულუკიანმა, 2022 წლის 8 თებერვლის ბრძანებით ზემოაღნიშნული კონკურსი ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე ჩაშლილად გამოაცხადა, დმანისის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად კი იმავე დღეს დანიშნა პირი, რომელიც  შესარჩევ კონკურსში არ იღებდა მონაწილეობას. აღნიშნული გადაწყვეტილების დისკრიმინაციულობის გამო ლაშა ჩხვიმიანმა სახალხო დამცველს მიმართა. სახალხო დამცველმა  საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, დისკრიმინაციის წამახალისებელი პრაქტიკის თავიდან ასაცილებლად, სამხატვრო ხელმძღვანელების კანდიდატთა შესარჩევი სარეკომენდაციო დებულების შეცვლისკენ მოუწოდა.1

კანონმდებლობით, თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობაზე დანიშვნის პროცედურა ორგვარია: 1. პირი მონაწილეობს სამხატვრო ხელმძღვანელის კანდიდატთა შესარჩევ კონკურსში, მის კანდიდატურას მინისტრს წარუდგენს სარეკომენდაციო საბჭო და მინისტრი იღებს გადაწყვეტილებას მისი დანიშვნის შესახებ; 2. პირი სამხატვრო ხელმძღვანელად ინიშნება მინისტრის პირადი შეხედულებისამებრ. 

GDI და ISFED-ი საკონსტიტუციო სარჩელითსწორედ ამ უკანასკნელი ნორმის კონსტიტუციურობას აყენებს ეჭქვეშ. გასაჩივრებული ნორმები2 საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრს შეუზღუდავ დისკრეციას ანიჭებს და იძლევა დისკრიმინაციული გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობას, რაც მინისტრმა გამოიყენა კიდეც  მოსარჩელე ლაშა ჩხვიმიანის შემთხვევაში.

სადავო ნორმები განსხვავებულ მდგომარეობაში აყენებს ერთი მხრივ მოსარჩელის მდგომარეობაში მყოფ პირებს, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს სამხატვრო ხელმძღვანელის შესარჩევ კონკურსში, ხოლო, მეორე მხრივ, იმ პირებს, რომლებიც კონკურსში მონაწილეობის გარეშე, მინისტრის პირადი შეხედულებით დაინიშნენ სამხატვრო ხელმძღვანელად. აღნიშნულ პირებს შორის დიფერენცირება კი იმაში მდგომარეობს, რომ მოსარჩელის მსგავს მდგომარეობაში მყოფი პირები სამხატვრო ხელმძღვანელად არ ინიშნებიან იმის გამო, რომ მინისტრი პირადი შეხედულებიდან გამომდინარე არ მიიჩნევს მათ დანიშვნას მიზანშეწონილად და გამოცხადებულ კონკურსს ჩაშლილად აცხადებს. ამის პარალელურად, მინისტრის პირადი შეხედულებით დანიშნული სამხატვრო ხელმძღვანელები პრივილეგირებულ მდგომარეობაში არიან, ვინაიდან მათ არ უწევთ სხვა კანდიდატებთან კონკურენციაში შესვლა და მათი კანდიდატურის შერჩევისას მხედველობაში არ მიიღება თუ რამდენად აკმაყოფილებენ ისინი კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. 

დამატებით, სადავო ნორმები არ იძლევა რაიმე სახის დამცავ მექანიზმს/გარანტიას, რომელიც სამხატვრო ხელმძღვანელობის მსურველ კანდიდატებს დაიცავდა მინისტრის გადაწყვეტილებიდან მომდინარე დისკრიმინაციული მოპყრობისგან. მათ შორის არ არსებობს, მინისტრის გადაწყვეტილების კანონმდებლობასთან შესაბამისობის დადგენის მიზნებისთვის სახელმძღვანელო კრიტერიუმები, რომელსაც დავის განმხილველი სასამართლო გამოიყენებდა. აღნიშნულის გათვალისიწნებით, GDI-სა და ISFED-ის მოსაზრებით, გასაჩივრებული ნორმები წინააღმდეგობაში მოდის კონსტიტუციის მე-11 მუხლით დაცულ თანასწორობის უფლებასთან. 

 

 

საქმეს GDI და ISFED USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით აწარმოებენ.

 

 

 



________________________________
ხელმისაწვდომია:https://gdi.ge/ge/news/saxalxo-damcvelma-lasha-chxvimianis-saqmeze-zogadi-winadadeba-miigo.page

მოსარჩელეს არაკონსტიტუციურად მიაჩნია პროფესიული თეატრების შესახებ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-8 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი და „საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან არსებული პროფესიული სახელმწიფო თეატრების სამხატვრო ხელმძღვანელების კანდიდატთა შესარჩევი სარეკომენდაციო საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2021 წლის 6 დეკემბრის N36299 ბრძანების მე-6 მუხლის მე-7 პუნქტის ის ნორმატიული შინაარსი, რომლის მიხედვითაც მინისტრი უფლებამოსილია საკუთარი მიზანშეწონილობიდან გამომდინარე ჩაშალოს სამხატვრო ხელმძღვანელის შესარჩევი კონკურსი.